ოფიციალურად: სეზონის ბოლოს ვიდიჩი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა ნემანია ვიდიჩმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის სერბ ფეხბურთელს კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, შესაბამისად, ის კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
„ეს ჩემი კონტრაქტის ბოლო წელია. აქ რვა არაჩვეულებრივი წელიწადი გავატარე. ეს ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდი იყო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 15 ტიტულს მოვიგებდი. რა თქმა უნდა, ვერ დავივიწყებ მოსკოვის ფანტასტიურ საღამოს (ჩემპიონთა ლიგა მოიგო). გადავწყვიტე, სეზონის ბოლოს კლუბი დავტოვო. მინდა, რომ საკუთარ თავს ახალი გამოწვევები დავუსახო და კვლავ გამოვავლინო ჩემი საუკეთესო თვისებები“, – ვიდიჩის სიტყვები „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.
უცხოური პრესის ინფორმაციით, ვიდიჩი კარიერას, სავარუდოდ, მილანის „ინტერში“ გააგრძელებს.
სერბი მცველი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მოსკოვის „სპარტაკიდან“ 2006 წლის იანვარში გადაბარგდა. ამ ხნის განმავლობაში ვიდიჩმა ხუთჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ასევე დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგისა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის თასები, სამჯერ გახდა ინგლისის ლიგის თასის მფლობელი, ხუთჯერ კი – ქვეყნის სუპერთასის გამარჯვებული. 2009 და 2011 წლებში ვიდიჩი ინგლისის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ბექა დოგრაშვილი