ოფიციალურად: სტივენ ჯერარდი “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელია
ბირმინგემის “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტივენ ჯერარდი დაინიშნა. “სქაი სპორტსის” თანახმად, მხარეებს შორის ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ 41 წლის სპეციალისტი ამ დრომდე გლაზგოს “რეინჯერსში” მუშაობდა, რომელთან ერთადაც გასულ სეზონში შოტლანდიის ჩემპიონატი მოიგო. “ასტონ ვილა” შოტლანდიური კლუბისთვის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა.
ჯერარდმა ინგლისური გუნდის თავკაცის პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
“ასტონ ვილა” ინგლისურ ფეხბურთში მდიდარი ისტორიისა და ტრადიციების მქონე კლუბია და ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა. “ასტონ ვილას” ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკებების პროცესში გამოჩნდა, რაოდენ სერიოზული ამბიცია აქვს კლუბს და ჩვენ მის სისრულეში მოყვანას ვეცდებით.
მადლობას ვუხდი “რეინჯერსთან” დაკავშირებულ ყველა პირს, რადგან მათ მე ამ ლეგენდარულ კლუბში მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. მე გუნდს სარეკორდო 55-ე საჩემპიონო ტიტულის მოგებაში დავეხმარე. “რეინჯერსი” სამუდამოდ დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს ჩემს გულში. ფეხბურთელებს, პერსონალსა და ფანებს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს “ასტონ ვილას” ოფიციალური ვებგვერდი.
ინგლისის პრემიერლიგის 11 ტურის თავზე “ასტონ ვილას” ათი ქულით სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილი უკავია.