ოფიციალურად: თომას ტუხელი “ჩელსის” თავკაცის პოსტზე დაინიშნა
ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანელი სპეციალისტი თომას ტუხელი დაინიშნა. მხარეებს შორის 18-თვიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა, კიდევ ერთი წლის ვადით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
თომას ტუხელის დებიუტი ხვალ, ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურში “ვულვერჰემპტონ უონდერერსის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში შედგება.
“მადლობას ვუხდი “ჩელსის” ჩემი და ჩემი შტაბის ნდობისათვის. დიდად ვაფასებთ გუნდში ფრენკ ლამპარდის მიერ გაწეულ სამუშაოს. მოუთმენლად ველი ჩემს ახალ გუნდში მისვლას და ყველაზე საინტერესო ლიგის ბრძოლებში ჩართვას. მადლობელი ვარ, რომ “ჩელსის” ოჯახის წევრი გავხდი. ეს საოცარი გრძნობაა”, – ციტირებს ტუხელის სიტყვებს ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
თომას ტუხელს “ჩელსის” მოქმედი ფეხბურთელებიდან კრისტიან პულიშიჩთან და ტიაგო სილვასთან მუშაობის გამოცდილება აქვს. პირველ მათგანს დორტმუნდის “ბორუსიაში” ყოფნის პერიოდში წვრთნიდა, მეორეს კი “პარი სენ-ჟერმენში” თავკაცობდა.