ოქრიაშვილი: “დამიძახეთ “კრასნოდარის ედერი”!”
“კრასნოდარის” შემტევმა ნახევარმცველმა, თორნიკე ოქრიაშვილმა “სევილიასთან” გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
როგორც იცით, ქართველმა ფეხბურთელმა 88-ე წუთზე მაკრატელა დარტყმით ესპანური გუნდის კარი აიღო და “კრასნოდარს” სამი ქულა მოუტანა.
“რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, თუ რა ვიგრძენი, როცა დავინახე, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. თავიდან ვერც კი დავიჯერე. მიხარია, რომ ასეთი დიდი პაუზის შემდეგ დავბრუნდი და გუნდს დავეხმარე. მადლობა მწვრთნელს ნდობისათვის. ახლა ვგრძნობ, რომ 100 პროცენტით მზად ვარ.
იდეალური გადაცემა მივიღე. თითქოს, იმ პოზიციიდან ასეთი გოლის გატანა შეუძლებელი იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი წარმატებით დასრულდა. შეიძლება თუ არა, რომ “კრასნოდარის ედერი” დამიძახონ? რა თქმა უნდა, დამიძახეთ “კრასნოდარის ედერი”, – უთხრა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, 26 სექტემბერს, მოსკოვის “ლოკომოტივის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ედერმა რუსეთის თასზე, “ბალტიკასთან” მატჩში 88-ე წუთზე მაკრატელა დარტყმით საოცარი გოლი გაიტანა.