ოქრიაშვილი: “გულშემატკივრებმა თავი საკუთარ სახლში მაგრძნობინეს”
ბელგიური “გენკის” მოთამაშემ თორნიკე ოქრიაშვილმა “სერკლ ბრიუგესთან” გამართული შეხვედრის შემდეგ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს კომენტარი გაუკეთა.
“კლუბსა და მწვრთნელს ნდობისათვის მადლობას ვუხდი. ჩემი თამაშით მოხარული ვარ. ვფიქრობ, უპირატესობა ჩვენ გვქონდა, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. მომდევნო დღეებში აუცილებლად მოვუმატებთ და სხვა მატჩებს უკეთესად ჩავატარებთ. ილომბე მბოიო ძალიან კარგი ფეხბურთელია”, – ამბობს ოქრიაშვილი.
საქართველოს ნაკრების შემტევი 89-ე წუთზე შეცვალეს. როგორც თავად ამბობს, მისი მოედნიდან გასვლა მცირე ტრავმამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ როდესაც ოქრიაშვილი სათადარიგოთა სკამისკენ მიდიოდა, “გენკის” გულშემატკივრებმა ის ტაშით გააცილეს.
“დაღლა ნამდვილად არ მიგვრძნია. მცირე ტკივილი მაწუხებდა და ამიტომ მოძრაობა მიჭირდა, მწვრთნელმა კი შემცვალა.
გულშემატკივრები ტაშს მიკრავდნენ და ჩემს სახელს სკანდირებდნენ. ამან ძალიან გამახარა და თავი ისე ვიგრძენი, როგორც სახლში. გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი. ძალიან მინდა, ისინი მალე გავახარო”, – დაასრულა 22 წლის ფეხბურთელმა.