“ოქროს ბურთი” ძველებურად აღარ ბრწყინავს
“ოქროს ბურთი” ძველ ფორმატს დაუბრუნდა. საუბრები მანამდეც იყო, მაგრამ მაინც მოულოდნელობა გახლდათ, როცა გამოაცხადეს, რომ ფრანგული გამოცემა “ფრანს ფუტბოლი” კვლავ დამოუკიდებლად გააგრძელებდა ჯილდოს გადაცემას, ფიფა კი წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზს აღადგენდა.
“ფრანს ფუტბოლის” “ოქროს ბურთი” ნამდვილად ვერ შეედრება ფიფას “ოქროს ბურთს”. პირველ რიგში, აღსანიშნავია განსხვავება მასშტაბურობას შორის. როდესაც “ოქროს ბურთი” ფიფას განკარგულებაში იყო, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდებოდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჟურნალისტები, ასევე ყველა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი. დღეს კი, როდესაც ჯილდო “ფრანს ფუტბოლს” დაუბრუნდა, გამოკითხვა მხოლოდ ამ ფრანგული გამოცემის პარტნიორ მედიასაშუალებებში დასაქმებულ ჟურნალისტებს შორის ტარდება. გამოკითხვის შედეგზე არავინ დაობს, თუმცა “ოქროს ბურთს” ძველებურ მასშტაბურობაზე პრეტენზია ვერ ექნება და მართლაც, თუ ადრე ამ ჯილდოს მფლობელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის მატარებელი ხდებოდა, დღეს პრიზის მიმღები მხოლოდ ევროპის საუკეთესო მოთამაშედ ცხადდება. ბუნებრივია, მასშტაბის შემცირებით, ჯილდო უწინდელივით პრესტიჟული ვერ იქნება.
“ფრანს ფუტბოლის” “ოქროს ბურთს” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს: ახალი ფორმატი აღარ ითვალისწინებს დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონიის ჩატარებას. საუკეთესო შემთხვევაში, ჯილდო ფეხბურთელს მოკრძალებულ სტუდიაში გადაეცემა. წლევანდელ დაჯილდოებაზე კი ამაზე უარესი რამ ვიხილეთ. კრიშტიანუ რონალდუს ჯილდო გამარჯვებულად გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, მადრიდის “რეალის” მუზეუმში გადასცეს. იქვე გადაუღეს ვიდეო და ფოტოსურათები, რომლებსაც საიდუმლოდ ინახავდნენ და მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც პორტუგალიელი ფეხბურთელი გამარჯვებულად გამოაცხადეს. ჩვენ ვერ ვიხილეთ “ოქროს ბურთის” გამარჯვებულის ემოცია პირდაპირ ეთერში, ჩვენ ვერ გავხდით პროცესის უშუალო თვითმხილველები, ჩვენ მხოლოდ გამოგვიცხადეს გამარჯვებული, გამოგვიქვეყნეს მისი სამადლობელი, დამუშავებული ტექსტი და გვიჩვენეს ორწუთიანი ვიდეო, რომელიც რამდენიმე დღით ადრე იყო ჩაწერილი.
“ფრანს ფუტბოლმა” “ოქროს ბურთის” გადაცემის ექსკლუზიური უფლება დაიბრუნა, მაგრამ თავად “ოქროს ბურთმა” ის ბრწყინვალება დაკარგა, რომელიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ფიფას განკარგულების პერიოდში ჰქონდა. ჯილდომ დაკარგა პრესტიჟულობა, ხოლო თავად გამარჯვებულის გამოცხადების პროცესი გადაიქცა უღიმღამო, უაზროდ გაწელილ და მომაბეზრებელ სტუდიურ ჩვენებად. საბედნიეროდ, ტკბილი ლუკმა წინაა: 2017 წლის 9 იანვარს ფიფა საკუთარ დაჯილდოების ცერემონიას ჩაატარებს. ჯილდოებიც უფრო პრესტიჟული იქნება და გაცილებით გრანდიოზულ და მასშტაბურ ღონისძიებასაც ვიხილავთ.