ოქროს სტამბული
ვგონებ, არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე დერბიში გამარჯვების შემდეგ საჩემპიონო ტიტულის დაბევება. სწორედ ასეთი შანსი აქვს სტამბულის „ფენერბაჰჩეს“, რომელსაც დღეს თანაქალაქელ „ბეშიქთასთან“ უწევს დაპირისპირება.
სეზონის ფინიშამდე ხუთი ტურით ადრე „ყვითელ-ლურჯები“ 12 ქულით უსწრებენ სლავენ ბილიჩის გუნდს და თითქმის გადაწყვეტილია საჩემპიონო ბედი, თუმცა მაინც სასიამოვნოა, როცა პრინციპული მეტოქის დამარცხების შემდეგ ინაღდებ ტიტულს. თუ მატჩს „ფენერბაჰჩე“ გამარჯვებით დაასრულებს, თურქეთის ჩემპიონის ვინაობას ოფიციალურად შევიტყობთ. შეხვედრის საყაიმო შედეგით დასრულების შემთხვევაში, „ბეშიქთაში“ თეორიულ შანსს ინარჩუნებს.
„ყვითელ-ლურჯებმა“ თურქეთის ჩემპიონატი უკანასკნელად 2010-11 წლების სეზონში მოიგეს. „ფენერბაჰჩეს“ თავკაცმა ერსუნ იანალმა, მართალია, სადებიუტო სეზონის სტარტზე სუპერთასისთვის ბრძოლა „გალათასარაისთან“ დათმო (0:1), თუმცა მისმა გუნდმა ჩემპიონატი ყინჩად გაიარა და ახლა ქვეყნის მთავარი ტიტულის დასაკუთრებას სულ ცოტა უკლია.
სტამბულის დერბი დღეს, ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი