ოქროზე ძვირფასი ზურაბ საკანდელიძე
ქუთაისში ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის, მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ზურაბ საკანდელიძის ძეგლი გაიხსნა.
ძეგლის გახსნა კალათბურთელის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებას დაემთხვა. ქუთაისის სპორტულ მუზეუმში მოეწყო კალათურთელის ფოტოების გამოფენა და ზურაბ ჯავახაძის წიგნის „ოქროზე ძვირფასი ზურაბ საკანდელიძე, ოლიმპიური სინჯის ოქროს მედალოსანი” პრეზენტაცია. შემდეგ კი ოლიმპიურ სკვერში ქუთაისის მერმა ზურაბ საკანდელიძის ოჯახის წევრებთან ერთად სახელოვანი კალათბურთელის ბიუსტი გახსნა. ღონისძიებას ვეტერანი კალათბურთელები, ქუთაისი 2010-ს წევრები და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ზურაბ საკანდელიძე 1945 წლის 9 აგვისტოს ქუთაისში დაიბადა.
საკო რომ მართლაც ლეგენდარული კალათბურთელი იყო, მის მიერ მოპოვებული ტიტულები მეტყველებს:
1972 წელს მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონი (1967 წელს) და ბრინჯაოს პრიზიორი (1970 წელს), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1965, 1967, 1969, 1971 წლებში) და მესამე ბრინჯაოს პრიზიორი (1973 წელს), სსრკ თასის მფლობელი (1969 წელს), 1964 წელს ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი, 1975 წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი. ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მცველი (1967 წელს), მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების წევრი (1967 წელს), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1967 წელს), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი.
ზურაბ საკანდელიძე 2004 წლის 25 იანვარს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.