ოქტავიან მორარიუ ექვს ერში ცვლილებებს მოითხოვს

თარიღი: ოქტომბერი 30, 2015

ქართული რაგბის ქომაგებს უკვე აღარ გვიკვირს ბრიტანული ბეჭდვითი თუ ინტერნეტ გამოცემების კვირაში რამდენიმე ახალი სტატია ექვსი ერის გაფართოებისა თუ პლეიოფების სისტემის შემოღების შესახებ. საფუძვლად საქართველოს პროგრესს და მსოფლიო თასზე კარგ თამაშს ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ შემდგომი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პირველი დონის ქვეყნებთან თამაში, ხოლო არგუმენტად არგენტინის მაგალითი მოჰყავთ.

 

მსგავსი სტატიების სიმრავლე, მხოლოდ ჩვენი კარგი თამაშით არ უნდა იყოს გამოწვეული. ცეცხლზე ნავთს ჩრდილოური გრანდების ნახევარფინალებს გარეთ დარჩენაც ასხავს. ამ საკითხს, ინგლისის ყოფილმა მწვრთნელმა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა 2003 წლის მსოფლიო თასი მოიპოვა, სერ ქლაივ ვუდვორდმა ვრცელი და კრიტიკული სტატია მიუძღვნა.

 

6 ერის გაფართოებისა თუ რეფორმირების საჭიროების შესახებ თავისი აზრი ორიოდ კვირის წინ რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ დააფიქსირა (სტატია). გუშინ საკუთარ არგუმენტებზე და მოსაზრებებზე მან უფრო ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც ერთაბაშად რამდენიმე ბრიტანულმა და ირლანდიურმა ბეჭდვითმა თუ ინტერნეტ გამოცემამ გაავრცელა. (ESPNscrum.com , Daily Mail, Wales Online, The Guardian)

 

რაგბი ევროპის თავმჯდომარეს სურს 6 ერში საქართველოსა და რუმინეთისთვის სასიკეთო ცვლილებები განხორციელდეს (ESPNscrum.com)

რობერტ ბართლედი

 

მიმდინარე მსოფლიო თასის ფონზე, რაგბი ევროპის თავმჯდომარე ოქტავიან მორარიუსმეორე დონის ქვეყნების განვითარების სჯერა და კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს იმის თაობაზე, რომ ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სპორტის გლობალური ზრდისთვის.

 

ბორჯღალოსანთა ასპარეზობამ მსოფლიო თასზე, რომლებმაც ჯგუფში ორი მატჩის მოგებით ისტორიაში პირველად მოიპოვეს იაპონიის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება, დისკუსია წარმოშვა იმის თაობაზე, რომ პირველი დონის ქვეყნების კომერციულად მომგებიანმა შეჯიბრებებმა, ისეთი როგორი 6 ერია, შედარებით დაბალი დონის ევროპული ერებისთვისაც უნდა გახსნას კარი.

 

სწორედ ამ მიზნით მორარიუ სარაგბო სამყაროს უფრო „ინტელექტუალური“ დამოკიდებულებისკენ მოუწოდებს.

 

„ამის განხორციელება მიმდინარე მსოფლიო თასის ერთ-ერთი უდიდესი მემკვიდრეობა იქნებოდა“ – აცხადებს მორარიუ – „შევთანხმდეთ, რომ ყველამ უნდა განიცადოს პროგრესი, სწორედ ეს ის საკითხია რაზეც ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. ახლა ამ საკითხის ირგვლივ დიდი ენთუზიაზმია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს მონდომება მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ უკვალოდ არ ჩაივლის. ეს საკითხი მუდმივად დღის წესრიგში უნდა იდგეს და თამაში უფრო გახსნილი და კონკურენტუნარიანი უნდა გავხადოთ, მეტი მონაწილე გუნდებით.

 

„მიმდინარე მსოფლიო თასსა და მომავალ ოლიმპიურ თამაშებს შორის საკმაოდ ხელსაყრელი დროა იმის განსახილველად, თუ როგორ უნდა მოიპოვოს რაგბმა უფრო მეტი ჩართულობა და გლობალურ სპორტად გადაქცევის შესაძლებლობა.

 

„ისეც არ უნდა მოხდეს, რომ მეორე დონის ქვეყნები პირველი დონის ქვეყნებს ვათამაშოთ და მესამე ეშელონის ქვეყნებთან უდიდესი უფსკრული დავტოვოთ. ეს კარგად დასაგეგმი პროცესია, რომელშიც მეორე დონის ქვეყნები შედარებით დაბალი დონის ქვეყნებსაც ჩართავენ.

 

„ეს ისტორიაში საუკეთესო მსოფლიო თასია, თუმცა ამას არ უნდა დავჯდეთ და ვიძახოთ ‘ეს საუცხოო და ფანტასტიური რამ იყო და შეგვიძლია აქ გავჩერდეთ’, აუცილებლად უნდა წავიდეთ წინ.“

 

თუმცა რაგბი ევროპა, რომელიც ევროპაში რაგბის პოპულარიზაციაზე, განვითარებაზე, ორგანიზებასა და ადმინისტრირებაზეა  პასუხისმგებელი, მსოფლიო რაგბის ‘ქოლგის ქვეშ’ დგას და ვერც 6 ერის ტუნირზე აქვს რაიმე გავლენა, რადგანაც ის უშუალოდ მონაწილე კავშირების მიერ იმართება.

 

„6 ერის ტურნირი ყურადღებით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს. შეიძლება ჩანაცვლება საუკეთესო ვარიანტი იყოს, მაგრამ ამაზე საჭიროა საერთო შეთანხმება და გადაწყვეტა იმისა, თუ რა სახით უნდა იქნას ეს ტურნირი გაფართოებული ან ფორმატ შეცვლილი.

„დისკუსიები ამ საკითხის მიმართ მძვინვარებს მედიასა და ქომაგებშიც. საქმე ეხება ზოგადად რაგბის განვითარებას და ბაზრის გაფართოებას.“

 

ამ კვირაში მსოფლიო რაგბის კონგრესი შეიკრიბება, სადაც მორარიუ 6 ერში სხვა გუნდების დამატების საკითხსაც წამოჭრის.

 

რაგბი ევროპის აღმასრულებელი კომიტეტის წევრს არჩი ფერგიუსონს სხვა მოსაზრება აქვს – 6 ერის გაფართოების ნაცვლად, შემოდგომის ტესტებს საფუძვლიანად გადავხედოთო.

 

„6 ერი საკმაოდ მომგებიანი კომერციული შეჯიბრია და ამ კარის შეღება სხვა ქვეყნებისთვის ძალიან რთული იქნება. ეს პოლიტიკური და კომერციული საკითხია და ვფიქრობ, აქ ‘შეჭრა’ რთული იქნება.

 

„ყველასთვის უკეთესი შესაძებლობაა თუ შემოდგომის ტესტების სისტემა გაუმჯობესდება – მეორე დონის ქვეყნები კვლავ თავის დონეზე იასპარეზებენ, ამასთანავე პირველ დონესაც შეეჯიბრებიან და ხანდახან სამხრეთელებთანაც გამოცდიან ძალებს. მეორე დონის ერების წინსვლისათვის ეს საუკეთესო გზა იქნება.“

 

მოსწონს ეს თუ არა, ინგლისმა აუცილებლად უნდა ითამაშოს საქართველოსა და რუმინეთის მსგავს გუნდებთან (Daily Mail)

უილ ქელეჰერი

 

ასეთი ბრწყინვალე მსოფლიო თასის ჩატარების შემდეგ ინგლისი უბრალოდ ვალდებულია შედარებით სუსტ ევროპულ ქვეყნებს, რომ ეთამაშოს – აცხადებს ოქტავიან მორარიუ.

მისი თქმით არგენიტამ, რომ ნახევარფინალებს მიაღწია ეს იმის დამსახურებაა, რომ ‘რაგბი ჩემფიონშიფში’ ბობოლებთან ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

 

„იან რიჩის (ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი) ვურჩევდი, რომ თუ მათ თამაშის განვითარება სურთ, ჩასულიყვნენ თბილისსა და ბუქარესტში. პატარა ქვეყნებმა უნდა იგრძნონ, რომ თუ ისინი ბევრს იმუშავებენ, შრომა დაუფასდებათ.

 

„წლევანდელი მსოფლიო თასის შემდეგ საქართველომ და რუმინეთმა ნამდვილად დაიმსახურეს არა მხოლოდ აღიარება, არამედ მეტი უკეთესი შეჯიბრი. საჭიროა, რომ მეორე დონის ქვეყნებმა პირველი დონის გუნდებთან ასპარეზობით განვითარება იგრძნონ. მას შემდეგ რაც არგენტინა ‘რაგბი ჩემფიონშიფს’ შეუერთდა, საოცარი პროგრესი განიცადა. ისინი არაჩვეულებრივ რაგბს თამაშობენ და თუ ასეთი შანსი საქართველოსა და რუმინეთსაც მიეცემა, ვფიქრობ, ამით რაგბი დიდ პროგრესს განიცდის.“

 

ბოლოს (მსოფლიო თასს თუ არ ჩავთვლით) რუმინეთი პიველი დონის ქვეყნებიდან შოტლანდიას 2006 წელს ეთამაშა, საქართველომ კი ბოლო 26 წლის განმავლობაში ირლანდიას მხოლოდ სამჯერ ეთამაშა.

„ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც ინგლისია, მეორე დონის ქვეყნებთან ხშირად უნდა იასპარეზონ, მიუხედავად იმისა, უნდათ ეს მათ თუ არა. ეს პირველ რიგში რაგბის განვითარებისთვისაა საჭირო – ამის გარეშე თამაში პროგრესს ვერ ნახავს. ეს გარდაუვალია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ თამაშის განვითარება გვსურს.

„თუ ჩვენ ამ ყველაფერს არ გამოვასწორებთ მაშინ უნდა გავაანალიზოთ, რომ რაგბის კონკურენცია სხვა სპორტის სახეობებთან მიმართებაში დიდი საფრთხის წინაშეა. ჩვენს პარტნიორებსა და სპონსორებს ნათელი სურათი უნდა დავუხატოთ.

„რაგბი ბოლო 8 წლის განმავლობაში სწრაფად პროგრესირებს და ვიმედოვნებ, რომ ასე გაგრძელდება მომავალშიც. ამას პირდად დიდ ყურადღებას მივაქცევ.

 

მორარიუ, როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი და რუმინეთის რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, ‘პრო 12-ის’ მსგავსი პან ევროპული შეჯიბრების საკითხსაც განიხილავს, რომელიც პატარა კლუბებსაც მისცემს ‘ჩელენჯ’ თუ ‘ჩემპიონთა’ თასებზე ჩართვის შანსს.

 

„ჩემი საზრუნავი კლუბური რაგბის განვითარებაცაა. ჩვენი სურვილია ‘ევროპის პროფესიონალური კლუბურ რაგბთან’ ერთად და საუკეთესო შემთხვევაში მსოფლიო რაგბის ჩართულობით, შევქმნათ საკლუბო რაგბის ისეთი მოდელი, სადაც საქართველოს, რუმინეთის, რუსეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის კლუბები იასპარეზებენ. ამ ეტაპზე ისინი მხოლოდ შიდა ჩემიონატებში გამოდიან.”
ევროპაში რაგბის მმართველი ორგანო ექვს ერს გაფართოებისა და საქართველოსა და რუმინეთის დაშვებისკენ მოუწოდებს (The Guadian)

 

ექვს ერს მოუწოდებენ განიხილოს გაფართოება, რათა ისეთ მზარდ ევროპულ ნაკრებებს, როგორებიც საქართველო და რუმინეთია განვითარებისთვის უფრო მეტი უმაღლესი დონის მატჩის გამართვის შესაძლებლობა მიეცეთ.

 

ევროპაში რაგბის მმართველი, კონტინენტზე რაგბის განვითარებაზე პასუხისმგებელი ორგანოს პრეზიდენტს, ოქტავიან მორიარიუს მიაჩნია, რომ მიმდინარე მსოფლიო თასზე საუცხოო თამაშის ჩვენებით საქართველომ და რუმინეთმა ნამდვილად დაიმსახურეს პირველი დონის ქვეყნების წინააღმდეგ ხშირი თამაშის უფლება.

 

გუნდების ჩანაცვლების პლეიოფის შემოღების ნაცვლად, იგი ამ კვირას ლონდონში ‘მსოფლიო რაგბის’ კონგრესზე ტურნირის გაფართოების საკითხს დააყენებს.

 

„საქართველომ და რუმინეთმა დაამტკიცეს, რომ მსოფლიო თასზე გვარიან ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ და რომ მათ ტოპ ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ რეგულარულად უნდა ეძლეოდეთ თამაშის შესაძლებლობა.“ განაცხადა მორიარიუმ.

 

„ყველა ნათლად ვხედავთ არგენტინის პროგრესს მას შემდეგ რაც ისინი ‘რაგბი ჩემფიონშიფს’ შეურთდნენ. არგენტინამ განვითარებით ბევრი რამ შემატა რაგბს და ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო და რუმინეთი იგივეს გააკეთებენ თუ მათ პირველი დონის ქვეყნების წინააღმდეგ უფრო მეტი თამაშის შესაძლებლობას მივცემთ.

 

„უფრო მეტი გუნდისთვის ‘კარის გაღება’ შესაძლებელია მიმდინარე მსოფლიო თასის ყველაზე დიდ მემკვიდრეობად იქცეს.

 

„პლეიოფების ნაცვლად, ექვსი ერის კარი უფრო მეტი ქვეყნისთვის უნდა გაიხსნას და შესაბამისად შვიდ ან რვა ერად გარდაიქმნას.

 

„უნდა განვიხილოთ ამის განხორციელების გზები, რათა ექვს ერს ზიანი არ მივაყენოთ. მიზანს წარმოადგენს, რომ მივიღოთ უფრო საინტერესო, კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული შეჯიბრი.”

 

შესაძლებელია ექვსი ერი მართლაც გარდაიქმნას რვა ერად?  მომხრე და საწინააღმდეგო არგუმნეტები (Wales Online)

ენდი ჰოუელი

 

მსოფლიო თასზე საუცხოო გამოსვლის შემდეგ მეორე დონის ევროპული ქვეყნები ექვსი ერის შვიდ ან რვა ერად გარდაქმნას ითხოვს.

 

თუ ეს მოხერხდება, საქართველო და რუმინეთი რეგულარულად ეთამაშებიან უელსს, ირლანდიას, ინგლისს, საფრანგეთს, იტალიასა და შოტლანდიას.

 

მაგრამ იმუშავებს ეს ფორმატი?

დადგა დრო პატარა ნაკრებებს ბობოლებთან სადილზე უხმონ?

იქნებ ადრეა და ისინი საკმარის წინააღმდეგობას ვერ გაწევენ მიუხედავად იმისა თუ როგორ ითამაშეს მსოფლიოზე?

ამ საკითხის ირგვლივ არსებობს მომხრე და მოწინააღმდეგე არგუმენტები, რომლებიც ‘უელს ონლაინმა’ მოიძია

 

მომხრე

 

მომხრეების აზრით ეს საკითხი მსოფლიო თასის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს და რაგბს გლობალურ სპორტადაც აქცევს.

 

ეს ხომ მსოფლიო რაგბის უპირველესი მიზანია, რადგანაც მათ სურთ, რომ ‘ვებ ელისის’ თასის აწევის კანდიდატების რაოდენობა გაიზარდოს.

 

დიდი ინტერესია ამ მხრივ ბორჯღალოსნების მიმართ, რომლებმაც 50 000-ზე მეტი ნეიტრალური ქომაგის გული მოინადირეს. ამავდროულად გერმანია განიხილება, როგორც ინტერესისა და სატელევიზიო აუდიტორიის ზრდის შესაძლებლობად, მას შემდეგ რაც ამ ქვეყანამ პირველად შეიყიდა თავის ტერიტორიაზე რაგბის მსოფლიო თასის მატჩების ტრანსლირების უფლება.

 

ეს ყველაფერი ექვსი ერის გუნდებს ‘ყურებს გამოაბერტყინებს’ და წერტილს დაუსვავს მათ უსაზღვრო თვითკმაყოფილებას. ამჟამინდელი მდგომარეობით შეჯიბრზე რამე თუ არ გამოუვიდა და გუნდმა შეჯიბრი ბოლო ადგილზე დაასრულა, მხრებს აიჩეჩავენ და იტყვიან – „გაისად გამოვასწორებთ“

 

მსოფლიო თასის ნახევარფინალამდე ვერცერთმა ჩრდილოურმა ქვეყანამ ვერ მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა სტანდარტი შეიცვალოს და მომავალში ტურნირები უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს. ერთის მხრივ ამის განხორციელება ექვს ერზეა შესაძლებელი, თუ გუნდებს პლეიოფების შემოღებით დავაშინებთ.

 

მიმდინარე მსოფლიო თასზე რაგბის განვითარების პოტენციალი ნათლად წარმოაჩინეს არგენტინამ, იაპონიამ, საქართველომ და რუმინეთმა.

 

იაპონიამ, რომელმაც ორი წლის წინ უელსი დაამარცხა, ბოლო 28 წლის განმავლობაში საუკეთესო პროგრესი აჩვენა და წელს მსოფლიო თასის ორგზის გამარჯვებული, სამხრეთ აფრიკა დაამარცხა.

 

მეოთხედფინალში არგენტინამ კი ირლანდია დადო მხრებზე და ნახევარფინალში ავსტრალია გვარიანად ანერვიულა.

 

საქართველომ ტონგა დაამარცხა და ოლ ბლექს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. რუმინეთმა 15 ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრით კი კანადას მოუგო ჯგუფურ ეტაპზე.

 

მოწინააღმდეგე

 

იტალიამ ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი წაგება დააფიქსირა. ამის უარყოფა არ შეიძლება და უნდა ითქვას, რომ ისინი ისევე არათანმიმდევრულნი არიან, როგორც 2000 წელს, როდესაც ტურნირში მონაწილეობას შოტლანდიის დამარცხებით დაიწყეს.

 

შოტლანდიელები ერთნაირად უღიმღამოდ თამაშობენ ბოლო 4 წელია და არც ფრანგები არიან მაინცდამაინც გამორჩეულნი. ამიტომ რატომ უნდა დავაფაროთ, რომელიმე გუნდს ხელი?

 

ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის უელსიც, თუ ტურნირში ბოლო ადგილს დაიკავებს და პლეიოფში მეორე დონის ევროპული ტურნირის გამარჯვებულთან დამარცხდება, არ იმსახურებს 6 ერში ყოფნას.

 

მეორეს მხრივ ეს დამატებით ტესტებს მოიტანს, რაც თავის მხრივ უკვე ისედაც არეულ-დარეულ სტურქტურაში უფრო მეტ სირთულეს შეიტანს.

 

ამას არგუმენტად თითზე დაიხვევენ ისეთი გუნდები, როგორებიც საფრანგეთი და იტალიაა, რათა თავი აარიდონ ჩანაცვლების პლეიოფში ადგილისთვის ბრძოლის თუნდაც თეორიულ შესაძლებლობას.

 

მაგრამ ერთი დამატებითი მატჩის ნეიტრალურ სტადიონზე გამართვა, ალბათ ნამეტანის მოთხოვნა იქნება, მაგრამ თუ კეთილი ნება იქნება ამის გახორციელებას 6 ერის კომიტეტი თავისუფლად შეძლებს.

 

ვაღიაროთ, რომ თუ არ ჩავთვლით უელსის მიერ მომავალი ჩემპიონის, ირლანდიის წინააღმდეგ ნაჩვენები პრაგმატული თამაშის და ბოლო წრეში ლელოების ზღვას, ეს შეჯიბრის იტორიაში ყველაზე მოსაწყენი გათამაშება იყო.

 

სამხრეთ ნახევარსფეროში ყველა გუნდი მოსაგებად გადის მოედანზე, ხოლო ექვსი ერის გუნდების მიზანს როგორც სჩანს ‘არ–წაგება’ წარმოადგენს.

 

6 ერის ქვეყნებმა შესაძლოა დიდი კომერციული დარტყმა მიიღონ, რადგანაც ჩანაცვლების შემთხვევაში შესაძლოა გრძელვადიანი სატელევიზიო და სასპონსორო კონტრაქტები საფრთხის წინაშე დადგეს.

 

ეს დიდი რისკი იქნება, რადგანაც კომპანიები კონტრაქტის მიხედვით თანხის დაბრუნებას მოითხოვენ.

 

ამ კომპანიების სურვილია თავიანთი პროდუქტი და ბრენდი დიდ ასპარეზზე გაიტანონ და თქვენ კი გსურთ, რომ ხელი შეუშალოთ მათ  და ეს ყველაფერი მეორე დონის ქვეყნებზე გადაიტანოთ? ეს სპონსორების გეგმაში არ შედის.

 

ავტორის ვერდიქტი

 

მომხრე ვარ, რომ რაგბი გლობალურ სპორტად გარდაიქმნას. არგენტინის ტესტებამდე ‘ლომები’ უნდა ეწვიონ და ეთამაშონ კანადას, აშშ-სა და ურუგვაის, რაც ნამდვილად დიდ ინტერესს გამოიწვევს და რითაც დაამტკიცებენ, რომ 15 კაცას ფასეულობების ერთგულ ერთ-ერთ ძალას წარმოადგენენ.

 

ყველამ ვნახეთ პუმების პროგრესი მას შემდეგ რაც 4 ერს შეუერთდნენ და ყოველწლიურად ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ თამაშის შანსი მოიპოვეს.

 

საქართველო რაგბზე ‘გადარეული’ ერია, რუმინეთს მდიდარი ისტორია აქვს, რუსეთმა დონე გააუმჯობესა და გერმანიაში კი მსოფლიო რაგბის წარმოამდგენლები დიდ პოტენციალს ხედავენ.

 

მიუხედავად ამისა მიმაჩნია, რომ 6 ერის ბოლო ადგილოსანსა და რაგბი ევროპის გამარჯვებულს შორის საპლეიოფო ტესტის დანიშვნა აუცილებელია.

 

ასევე მინდა ვიხილო ყოველ 4 წელიწადში ერთხელ სრულმასშტაბიანი ევროპის ჩემპიონატი. ისევე როგორც ფეხბურთში – შეიძლება დაიწყოს 8 ან 10 მონაწილით და 2 ჯგუფით, შესაბამისად 4-5 გუნდით. ეს ძალიან დიდ ინტერესს გამოიწვევს და რაგბის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

 

ასევე მნიშვნელოვანი იქნება უკვე გამოთქმული აზრი იმის შესახებ, რომ მსოფლიო თასის მეორადი თასის გათამაშება გაიმართოს მეოთხედფინალების გარეთ დარჩენილი გუნდებისთვის. წელს  ასეთი მოდელით, ნახევაფინალებში ინგლისი რუმინეთს დაუპირსპირდებოდა, საქართველო კი იტალიას, რომლებიც მსოფლიო თასის მეორეადი ჯოლდოსთვის იბრძოლებდნენ.

მსგავსი სიახლეები
რაგბი

მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს

ლეგენდარული ქართველი მორაგბე, მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს. 35 წლის სპორტსმენმა ეს ინფორმაცია ტელეკომპანია იმედის ეთერში […]...
წაკითხვა
რაგბი

იტალიის მორაგბეთა ნაკრების წევრი კორონავირუსის პანდემიის დროს ექიმებს ეხმარება (ფოტო)

იტალიის მორაგბეთა ნაკრების წევრი მაქსიმე მბანდა ყოველდღიურად, 13 საათის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მანქანას მართავს. კორონავირუსის […]...
წაკითხვა
რაგბი

გაჯიევი: “საქართველოში რუსეთთან მატჩზე ისეთი ადამიანები მოდიან, რომლებიც რაგბის ქომა

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ტაგირ გაჯიევმა rugger.info-სთან ინტერვიუში საქართველოსთან გაუქმებულ შეხვედრაზე ისაუბრა. დაღესტნელი მორაგბე აცხადებს...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო

“რაგბი ევროპის” გადაწყვეტილებით, მისი ეგიდით მიმდინარე და გასამართი ყველა ტურნირი და მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. […]...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: საქართველო – რუსეთის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებით, კორონავირუსის გამო, 14 მარტს გასამართი საქართველო – რუსეთის მატჩი მიხეილ მესხის […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 14 მარტს გასამართი სარაგაბო მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირმა 14 მარტს გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. რაგბის კავშირის ცნობით, ამჟამინდელი [&helli...
წაკითხვა
რაგბი

გაისინი: “გვყავს საკმარისად ძლიერი ნაკრები იმისათვის, რათა საქართველო დავამარცხოთ

რუსეთის ნაკრების წევრმა, რამილ გაისინმა საქართველოსთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა. გაისინი […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩის დაწყების დრო შეიცვალა

რაგბი ევროპის ფინალურ ტურში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრა 18 საათის ნაცვლად, 16 […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოში ლურჯი ბარათი ძალაში შედის

საქართველოს რაგბის კავშირწყვეტილებით, ა.წ. 4 მარტიდან (როდესაც განახლდება ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგების ჩემპიონატის გათამაშება), […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო

დღეს, 13:00 საათზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდო. […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბელგიის წინააღმდეგ

ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 22 თებერვალს ბელგიასთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი რაზმი დაასახელა. წინა ორი […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღის მილოცვას დიდი გამოხმაურება მოჰყ

საქართველოს რაგბის კავშირმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ქართველ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს, ბიზნესმენსა და ბიძინა […]...
წაკითხვა
რაგბი

ბექა ბურდიაშვილის პატივსაცემად – როგორი ფორმით ითამაშებს “გროლე” სეზონის

ფრანგული სარაგბო კლუბი “გროლე” მიმდინარე სეზონის ბოლომდე სპეციალური ფორმით ითამაშებს. კლუბის ფორმაზე ბექა ბურდიაშვილის სახელი […]...
წაკითხვა
რაგბი

ფრანგი პოლიტიკოსების დასაფასებელი საქციელი – როგორ მიაგეს მათ პატივი ბექა ბურდიაშვილ

ბევრისთვის უცნობია, რომ ფრანგ პოლიტიკოსებს საკუთარი სარაგბო გუნდი ჰყავთ. გუნდში ფრანგი მინისტრები, სენატორები და დეპუტატები […]...
წაკითხვა