ორ ქართველ ძალოსანს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩნდა
საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ (ITA) დამოუკიდებელი ანტი-დოპინგური პროგრამის ფარგლებში, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციასთან თანამშრომლობით, 2012 წელს ჩაბარებული სინჯების ხელმეორე ანალიზი გააკეთა. ITA-მ ანტი-დოპინგური წესების დარმღვევი 13 ძალოსანი გამოავლინა, რომელთა შორის ორი ქართველია.
სააგენტომ 2012 წლის აპრილში, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას აღებული სინჯები თავიდან გამოიკვლია. კვლევა გაუმჯობესებული მეთოდებით ჩატარდა და გაირკვა, რომ ათზე მეტ სპორტსმენს ორგანიზმში აკრძალული ანაბოლიური სტეროიდები აღმოაჩნდა.
კვლევა გერმანიის ქალაქ კიოლნში, WADA-ს (მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტო) მიერ აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩატარდა.
2012 წლის აპრილში აღებული სინჯების განმეორებითი კვლევის შედეგად, 2021 წლის 18 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში, ITA იუწყება, რომ ორგანიზმში ერთი ან უფრო მეტი აკრძალული ანაბოლიური სტეროიდი ამ 13 ძალოსანს აღმოაჩნდა:
ჰისენ პულაკუ (ალბანეთი)
ანა ბატსიუშკა (ბელარუსი)
დიმიტრის მინასიდისი (კვიპროსი)
ირაკლი თურმანიძე (საქართველო)
რაულ ცირეკიძე (საქართველო)
კრისტინა იოვუ (მოლდოვა)
ფლორინ იონუთ კროიტორუ (რუმინეთი)
რაზვან კონსტანტინ მარტინი (რუმინეთი)
ოქსანა სლივენკო (რუსეთი)
გოქხან კილიჩი (თურქეთი)
ბუნიამი სეზერი (თურქეთი)
ჰათიჩე ილმაზი (თურქეთი)
ფათიჰ ბაიდარი (თურქეთი)
სიაში მყოფ ძალოსნებს უფლება აქვთ, რომ კიდევ ერთი კვლევა მოითხოვონ, ხოლო იქამდე, სანამ საქმის წარმოება არ დასრულდება, მათ შეჯიბრებზე გამოსვლის საშუალება არ ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი თურმანიძემ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე +105კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო რაულ ცირეკიძე -85კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს დაეუფლა.
ცნობილია, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რაულ ცირეკიძეს დოპინგის მოხმარებისათვის 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ნაჩვენები შედეგი (მე-9 ადგილი) გაუუქმა. ცირეკიძე დოპინგ კონტროლზე საშეჯიბრო დღის დასრულების შემდეგ გავიდა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, მის სინჯში ტურინაბოლისა და სტანოზოლოლის კვალი აღმოჩნდა. ეს ორივე ნივთიერება აკრძალულთა კატეგორიაში იყო შეტანილი.
საერთაშორისო ტესტირების სააგენტო (ITA) 2018 წელს მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტოსა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით შეიქმნა.