ორი მწვრთნელის დუელი
დღეს ლონდონში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მადრიდის “რეალის” მეტოქის ვინაობა გაირკვევა.
მოურინიოს საკუთარი და გუნდის მოტივაციის ასამაღლებლად ყოველთვის სჭირდება რაიმე სერიოზული გამაღიზიანებელი. ხშირ შემთხვევაში ფეხბურთის პორტულაიელი მწვრთნელი ასეთად მეტოქე გუნდის თავკაცს ან მის მოთამაშეებს აღიქვამს.
“ჩელსის” უპირატესობას დღეს წლების მანძილზე ჩამოყალიბებული გამარჯვებულის ფსიქოლოგია და რა თქმა უნდა მოთამაშეთა დიდი გამოცდილებაა. ტერი, ლამპარდი, ეშლი კოული დონეზე თამაშს დიდი ხანია მიჩვეულნი არიან. ასეთი მდიდარი საფეხბურთო ბიოგრაფიის მქონე მოთამაშეები “ატლეტიკოს” არ ყავს. მადრიდელთა შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი დავიდ ვილიაა, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 46 მატჩი აქვს ჩატარებული. შედარებისთვის ტერის – 97, ლამპარდს – 102, ეშლი კოულს კი – 104.
დიდი ალბათობით სიმეონემ რამდენიმე უძილო ღამე გაატარა “ჩელსისთან” საგანგებო ტაქტიკაზე მუშაობისას. “ატლეტიკოს” ოპონენტთა უმრავლესობა მადრიდელებს შემტევი ფეხბურთით უპირისპირდებოდა, რაც “ატლეტიკოსთვის” საკმაოდ მოსახერხებელი იყო. “ჩელსი” პირველ შეხვედრაში ფაქტობრივად უშეცდომო იყო და სავსებით ლოგიკურიც გახლდათ, რომ მადრიდელებმა არც თუ ისე ბევრი მომენტი შექმნეს.
მოურინიოს რომ საზოგადოების აზრი დიდად არ აინტერესებს ახალი ამბავი არ არის. პორტუგალიელმა შესაძლოა “სტემფორდ ბრიჯზეც” ჩაკეტოს თამაში და მისთვის დამახასიათებელი, ფრთხილი ფეხბურთი ითამაშოს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ლონდონელებმა ყველა საშინაო მატჩი პირველ ნომრად ჩაატარეს.
არის თუ არა სიმეონეს და მოურინიოს არსენალში რაიმე ისეთი, რაც ფეხბურთის გულშემატკივარს გააკვირვებს ეს დღეს საღამოს გახდება ცნობილი. ერთი კი ფაქტია, “ჩელსის” და “ატლეტიკოს” დაპირისპირება განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფიის მქონე ორი ქარიზმატული მწვრთნელის დუელად იქცა, რომლებსაც მიუხედავად განსხვავებულობისა ბევრი საერთოც აქვთ.