ოსკარი: “ბოლო პერიოდში ორივე მილანურ კლუბთან მქონდა მოლაპარაკება”
ჩინური “შანხაი სიპგ”-ის ნახევარმცველმა ოსკარმა განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელება იტალიაში სურს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში კომუნიკაცია “მილანისა” და “ინტერის” წარმომადგენლებთან ჰქონდა.
“ბოლო კვირების განმავლობაში ორივე მილანურ კლუბთან მქონდა მოლაპარაკება. დეტალებს ვერ გაგიმხელთ, თუმცა ერთს დანამდვილებით გეტყვით: იტალიაში თამაში მინდა”, – ციტირებს ოსკარის სიტყვებს Football Italia.
ბრაზილიელ ფეხბურთელსა და ჩინურ კლუბს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი ოსკარის სატრანსფერო ღირებულებას 28 მილიონ ევროდ აფასებს.
27 წლის ფეხბურთელმა “შანხაი სიპგ”-ის ფორმით მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა, ათი გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შეგახსენებთ, რომ ოსკარი მანამდე ლონდონის “ჩელსის” ღირსებას იცავდა.