ოთარ კაკაბაძე: “მხოლოდ 1 ფეხბურთელი გვაკლია, ყველანი მონდომებული ვართ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ საბერძნეთთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
“გულისტკივილს გამოვთქვამ დღეს ბათუმში მომხდარი შემთხვევის გამო. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა.
რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს, კარგად გვესმის, რომ ყველა ძალიან უკმაყოფილო იყო გასულ მატჩებში ნაჩვენები შედეგით. ვიცით, რომ მეტია საჭირო და ჩვენც გვსურს უკეთესად ვიასპარეზოთ. სამწუხაროდ, ტრავმების გამო ბევრი პრობლემა შეგვექმნა და ეს თამაშებზეც აისახა. ოქტომბერში ამ მხრივ, ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გვაკლია. განსაკუთრებულად გვახარებს ის ფაქტი, რომ ბათუმის ახალ სტადიონზე გულშემატკივრების თვალწინ ვითამაშებთ. აქედან გამომდინარე, ყველანი მოტივირებული და მონდომებული ვართ, გვსურს, რომ გასულ შეხვედრებში ნაჩვენები ცუდი შედეგი ხვალინდელი მატჩით გამოვასწოროთ”, – განაცხადა კაკაბაძემ.
საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.