ოთარ მარცვალაძე: „ერთად დგომით ბევრს მივაღწევთ.“
ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონმა გორის „დილამ“ ჩემპიონთა ლიგისა და ეროვნული ჩემპიოანტისათვის არაერთი სახელიანი და გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა.
მათ შორის არის საკმაოდ გამოცდილი, არაერთ კლუბში ნათამაშები, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი – ოთარ მარცვალაძე, რომელსაც რამოდენიმე შეკითხვით მივმართეთ.
გვიამბე როგორ მიმდინარეობს კლუბთან შენი ადაპტაციის პროცესი?
„ეს ჩვენთვის უკვე მეორე შეკრებაა. პირველი შეკრება გორში დავიწყეთ. არანაირი პრობლემა არ ყოფილა ადაპტაციის მხრივ, რამეთუ ფეხბურთელების უმეტესი ნაწილი ჩემი მეგობარია. გუნდი ნელ-ნელა იკვრება და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ მქონია.“
როგორ მიმდინარეობს თურქული შეკრება და როგორ ემზადება გუნდი?
„კარგ პირობებში გვიწევს მომზადება. როგორც მოგეხსენებათ, ვემზადებით ბელგრადის „პარტიზანთან“ შესახვედრად, მანამდე კი ვითამაშეთ ორი შეხვედრა. პირველი მატჩი, მართალია ერთმანეთში ჩავატარეთ, მაგრამ საკმაოდ დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გამოდგა. რაც შეეხება უკრაინულ „ვოლინთან“ დაპირისპირებას, მე პირადად ბიჭების და მთლიანად გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი დავრჩი.“
თქვენი მთავარი გამოწვევა და ჩვენი მოლოდინი ჩემპიონთა ლიგის მატჩია ბელგრადის „პარტიზანის“ წინააღმდეგ, როგორი განწყობა გაქვს შენ და მთლიანად გუნდს. რა შედეგს უნდა ველოდოთ ამ დაპირისპირებებში?
„როგორც კლუბის ხელმძღვანელობა, ასევე სამწვრთნელო შტაბი და თითოეული ჩვენთაგანი სრული მობილიზებით შევხვდებით ამ დაპირისპირებას. თითოეულ ჩვენთაგანში არის ის განწყობა, რომ ეს ბარიერი გადავლახოთ და იმისათვის რომ ეს დაპირისპირება ჩვენს სასარგებლოდ დასრულდეს, ყველაფერს გავაკეთებთ.“
გუნდში საკმაოდ დიდი კონკურენციაა შექმნილი. რას გვეტყვით ამაზე?
„მართლაც დიდი კონკურენციაა კლუბში. გუნდში თავმოყრილია როგორც გამოცდილი, ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელები და გულწრფელად გეტყვით, ახალგაზრდები რომლებმაც დღეს გორის „დილაში“ მოიყარეს თავი, არიან ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღე.
კონკურენცია კი ბუნებრივია ისეთ ამბიციურ გუნდში როგორიც გორის „დილაა“ უნდა იყოს. თითოეული ჩვენთაგანი თავს არ ვზოგავთ ძირითადში მოსახვედრად, დანარჩენი კი უკვე მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება თუ ვის ენდობა კონკრეტულ შეხვედრებში.“
თქვენ არაერთ გამოცდილ სპეციალისტთან გიმუშავიათ. რას გვეტყვით უჩა სოსიაშვილზე, რომელმაც თავისი საუმაღლესლიგო დებიუტი საქართველოს ჩემპიონობით აღნიშნა, წინ კი დიდი გამოწვევა აქვს ჩემპიონთა ლიგის სახით.
„მთავარ მწვრთნელთან მუშაობა სულ ცოტა ხანია რაც მიწევს. ერთი რაც ნათლად ჩანს, საკმაოდ ნიჭიერი სპეციალისტია. პირველივე სეზონში ტიტულის მოგება არ არის ადვილი საქმე. იგი დამსახურებულად გახდა საქართველოს ჩემპიონი, ამიტომ კარიერაში წინსვლას ვუსურვებ. იგი მაქსიმალურად ცდილობს, რომ გუნდში იყოს კარგი ატმოსფერო, შეკრას გუნდი და თითოეული ჩვენთაგანი მაქსიმალურად იყოს მზად მოახლოვებული თამაშებისათვის“.
როგორც იცით გორის „დილას“ გააჩნია საფეხბურთო სკოლა. პატარა ფეხბურთელები სიხარულით შეხვდნენ ახალი მოთამაშეების „დილაში“ გადმოსვლას. რას ურჩევდით მათ, როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას საფეხბურთო კარიერაში?
„რათქმაუნდა ვიცი გორის ბავშვთა საფეხბურთო სკოლის შესახებ. უკვე არაერთ გორელ ახალგაზრდა ფეხბურთელს ვიცნობ. მაგალითი მინდა მოვიყვანო თენგოზ წიქარიძის სახით, რომელიც ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება. ის ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია და დიდ სიმპათიებს იწვევს არამარტო ჩემში, არამედი თითოეულ ჩემს თანაგუნდელში. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ბავშვები „დილას“ საფეხბურთო სკოლაში კიდევ ბევრი იქნებიან და მე მინდა მათ ვუთხრა, რომ თავდაუზოგავი შრომისა, დაუღალავი ვარჯიშისა და ფეხბურთის დიდი სიყვარულის შედეგად, აუცილებლად მიაღწევენ დიდ წარმატებებს. თითოეულ მათგანს ვუსურვებ ეროვნული ნაკრების მაისურის მორგებას და დიდ კლუბებში თამაშს. კიდევ ერთხელ ვეტყვი მათ, რომ თავდაუზოგავი შრომით აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზანს.“
და ბოლოს რას ეტყვით გორელ ქომაგს?
„გორელ გულშემატკივარს იმას ვეტყვი, რომ როგორც გულშემატკივრობდნენ ეროვნულ ჩემპიონატში, ახლა უკვე გაორმაგებული ენერგიით დაგვიდგნენ გვერდში, რაშიც რათქმაუნდა თითოეული ჩვენთაგანი დარწმუნებულნი ვართ. ჩვენ მათთვის, ისინი კი ჩვენთვის და ასე ყველა ერთად დგომით ბევრს მივაღწევთ.“
„დილას“ პრესსამსახური