ოთარ ფედიჩკინი: “წარმატების მთავარი მიზეზი თავდაუზოგავი შრომაა”
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ბათუმის “დინამო” მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. ზღვისპირელები პირველივე ტურებიდან ცრილის ზედა ნაწილში დამკვიდრნენ, მეორე წრის სასტარტო ტურებში კი 6 მატჩიანი მოგებათა სერიაც გამოაცხვეს.
ტრადიციული კლუბის ასეთ წარმატებულ დაბრუნებას ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით და ქობულეთს ვესტუმრეთ, სადაც “დინამო” ქუთაისის “ტორპედოს” მასპინძლობდა და მატჩის დაწეყბამდე ბათუმელთა პრეზიდენტს, ოთარ ფედიჩკინს გავესაუბრეთ.
– მინდა მივულოცო ქართულ საფეხბურთო სამყაროს ბათუმის “დინამოს” ასეთი დაბრუნება. დასრულდა ის დრო, როცა გუნდის მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო. დღეს, ბათუმის “დინამო” ერთ-ერთი ლიდერია და ქალაქში ფეხბურთის ბუმია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები დაუბრუნდნე ფეხბურთს, რაც აქამდე პრობლემატური იყო. წლების განმავლობაში ბავშვთა ფეხბურთი უბრალოდ განადგურდა.
წარმატების მთავარი მიზეზი თავდაუზოგავი შრომაა, როგორც სამწვრთნელო შტაბის, ასევე ფეხბურთელების და ადმინისტრაციის, რაც ბათუმის “დინამოს” დიდ ოჯახს ქმნის.
– სტადიონის და ბაზის მშენებლობა რა სტადიაშია?
– საწვრთნელი პროცესის ჩასატარებლად ყოველდღიურად ბათუმიდან ქობულეთამდე 50 კილომეტრის გავლა გვიწევს, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ნახევარი ენერგია გზაში გვეხარჯება და ფაქტობრივად ყველა შეხვედრა გასვლაზე გვიწევს. თუმცა, ჩვენი გულშეამტკივრები ყველგან დაგვყვებიან და მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ. ბიჭებით მათ გასახარებლად ყველაფერს აკეთებენ.
ბაზის მშენელობა ძალიან გაიწელა. თავდაპირევლად იგეგმებოდა ბაზის ტერიტორიაზე 5 ათას ადამიანზე გათვლილი ტრიბუნების მოწყობა, თუმცა ბათუმის ოლიმპიური სტადიონის პროექტის დამტკიცების შემდეგ გეგმა შეიცვალა და ბაზაზე 1200 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა გაკეთდება. გვექნება ხელოვნური და ბუნებრივი მოედნები, სადაც უცხოურ კლუბებს ვუმასპნიძებთ, რომლებსაც ჩვენთან შეკრებების გავლა შეეძლებათ, რაც დამატებით შემოსავალს ნიშნავს ჩვენი გუნდისთვის.
– სეზონის სტარტზე რამდენად ელოდით ასეთ კარგ შედეგს?
– სიმართლე გითხრათ ჩვენს წარმატებაში გასაკვირი არაფერია როდესაც გუნდის სამწვრთნელო შტაბში გყავს ოთარ ჭეიშვილი, ასლან ბალაძე, ლევან ხომერიკი და გური მამინაიშვილი, რომელმაც საქართველოს ნაკრებს მესამე მეკარე მიაწოდა, ფიზმომზადების მწვრთნელი კახა ვაჩიაშვილი. ამ ადამიანებმა გუნდი ერთ დიდ ოჯახად შეკრეს და სავსებით ლოგიკურია, რომ ახლა მოწინავე პოზიციებზე ვართ. მედიაში ხშირად შემხვედრია, რომ ბათუმის “დინამოს” წარმატება შემთხვევითია, თუმცა შემთხვევით წაუგებლად ვერ ითამაშებ. ეს წარამტებაა, რომელიც ყველას უხარია.
– გუნდს ჩემპიონობის ამბიცია თუ აქვს?
– რა თქმა უნდა! ამჟამად ჩემპიონობის პრეტენდეტებად სამი გუნდი, ბათუმის “დინამო”, თბილისის “დინამო” და გორის “დილა” სახელდებიან. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს სასწაული არ იქნება.
– ჩემპიონობა ან გათამაშების სამეულში დასრულება ევროთასებზე თამაშს გულისხმობს. იგეგმება გუნდის გაძლიერება “დინამოსთვის” ასეთი მნიშვნელოვანი ეტაპისთვის?
– გუნდი აუცილებლად უნდა გაძლიერდეს, თუმცა ამის გაკეთებას ადგილობრივი კადრებით ვაპირებთ და ლეგიონერების მოწვევა ნაკლებადაა სავარაუდო. არც გვაქვს იმის ფინანსური საშუალება, რომ ხარისხიანი უცხოელი ჩამოვიყვანოთ.
– “დინამო” სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. რამდენად გაძლევთ ეს იმის საშუალებას, რომ მომავალზე გათვლილი, გრძელვადიანი პროგრამით წარმართოთ კლუბის მენეჯენტი?
– 1 300 000 ლარი გვაქვს წელიწადში გამოყოფილი. აქედან 300 000 ბავშვთა ფეხბურთზე გვაქვს გათვლილი, რასაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ბათუმის “დინამოს” 9 ასაკობრივი გუნდი ჰყავს, სადაც მომზადება უფასოა. “დინამო თბილისის” შემდეგ გამართული სკოლა სწორედ ჩვენია. ამ საქმეს გელა შეყილაძე უძღვება, რომელსაც სწორად აკეთებს ყველაფერს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ დღეს, ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში 17 ადგილობრივი ფეხბურთელი ირიცხება. 19 წლამდე ნაკრებში კი ჩვენგან ჭკუასელი მოხვდა.
საბედნიეროდ აჭარა ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია, სადაც სპორტს დიდი ყურადღება ექცევა. რეგიონის ორი კლუბი პირველ ლიგაშია, ორი კი უმაღესში. აჭარის მთავრობისთვის სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია.
– ევროსაგზურის მოპოვების შემთხვევაში საშინაო შეხვედრებს სად ჩაატარებთ?
– მეტოქეებს თბილისში, “დინამო არენაზე” ვუმასპინძლებთ და გულშემატკივრებსაც აუცილებლად დავეხმარებით ტრანსპორტირებაში. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ “პირატები”, ჩვენი ფან-კლუბი, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ხშირ შემთხვევაში ისინი ფეხბურთელებსაც ჯობნიან და ძალიან მონდომებულები არიან.
– და ბოლოს, ტრადიციული კითხვა – რამდენად იცნობთ ჩვენს ვებგვერდს და როგორ შეფასებდით მას?
– ხშირი სტუმარი ვარ და ბევრ საინტერესო სიახლეს ვიგებ. მადლობა, რომ ასე ინტერესდებით სპორტით და მას გვერდში უდგახართ.