პაატა ღუდუშაურის დედა: “ეს ფეხბურთელისთვის სასიკვდილო განაჩენია”
პაატა ღუდუშაურის დედა, ხათუნა მწითური ფეხბურთის ფედერაციის კომისიის გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა “ვიტ ჯორჯიას” 5 ფეხბურთელის დასჯასთან დაკავშირებით. კომისიამ პაატა ღუდუშაურს, გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძესა და ნოდარ კიკნაველიძეს სამუდამოდ აუკრძალა თამაში.
“ეს ფეხბურთელისთვის სასიკვდილო განაჩენია. დაახლოებით იგივეა, ქვეყანაში სასიკვდილო წესი რომ დავაბრუნოთ. ვფიქრობ, რომ კომისიას წესიერად არც განუხილავს საქმის მასალები და ვერც მოასწრებდა ასეთ მცირე დროში. ეს უფრო შურისძიებას ჰგავს. არც ვამბობ, რომ პაატა არ უნდა დასჯილიყო. მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოხდა და თხოვდნენ, თუ არ დაეხმარებოდა, ის ადამიანი თავს მოიკლავდა და ან მათ მოკლავდნენ. პაატამ უამრავჯერ უთხრა უარი და ფულის აღებაზე საუბარი არც ყოფილა. არც ვამბობ, პაატა არ უნდა დასჯილიყო, 6 თვე, 9 ან მაქსიმუმ 1 წელი. ადმინისტრაციული წესით აუცილებლად გავასაჩივრებთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ”, – განაცხადა ხათუნა მწითურმა.
21 წლის ღუდუშაურს ფეხბურთის თამაში ოფიციალურ დონეზე სამუდამოდ აეკრძალა, არადა, საუბარი იყო, რომ სეზონის დასრულებისას ის კარიერას ბელგიაში გააგრძელებდა.