პაატელაინენი: “საქართველო ჩვენი ჯგუფის ყველაზე ძლიერი გუნდია”
ლატვიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიქსუ პაატელაინენმა ერთა ლიგაზე, საქართველოსთან გასამართ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე “დინამო არენაზე” პრესკონფერენცია გამართა.
“რა თქმა უნდა, ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი გვაქვს. საქართველო შესანიშნავი გუნდია, რომელსაც მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერი გუნდია. ხვალ ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ გეგმა გვაქვს და ვნახოთ, როგორ შევძლებთ მის შესრულებას. დისციპლინა მაღალ დონეზე უნდა დავიცვათ და გუნდურად ვითამაშოთ.
საქართველოს ნაკრებში სწრაფი და ძლიერი მოთამაშეები არიან. ამ გუნდს ყველა რგოლში ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, ამიტომ კონკრეტულ ერთ მოთამაშეზე კონცენტრირებულები ვერ ვიქნებით. ჩაკვეტაძის გარდა, გამოვარჩევდი კანკავას, გურამ კაშიასა და კვირკველიას.
საქართველოს ნაკრებთან ფინეთის მთავარი მწვრთნელის რანგში მოპოვებული გამარჯვება კარგად მახსოვს. მახსოვს კარგი ატმოსფერო, რომელიც მაშინ თბილისში, სტადიონზე იყო შექმნილი. თბილისში თამაში ყოველთვის რთულია. იმ მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებში ბევრი რამ შეიცვალა.
ვლადიმირ ვაისი ძალიან გამოცდილია, ის ტაქტიკურად ძლიერი მწვრთნელია, საქართველო კი რთული მეტოქეა.
ხვალ ანდორასთან გამართული მატჩისაგან განსხვავებულ თამაშს ველი. შევეცდებით, ბურთის ფლობაში და პასების კომპონენტში კარგები ვიყოთ, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ დაცვაში ხშირად ყოფნა მოგვიწევს.”
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლატვიას შორის გასამართი შეხვედრა 9 სექტემბერს, “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.