რომან ფიფია: “დინამოს” გულშემატკივარი სამართლიანად გვაკრიტიკებდა”

“დინამო თბილისის” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ წინასასეზონო შეკრება შეაჯამეს და გულშემატკივრებს ეროვნული ლიგის 25 თებერვალს “ტორპედოსთან” გასამართი მატჩის წინ მიმართეს.

​რომან ფიფია: მოგესალმებით,

25 თებერვალს ჩვენი გუნდი მორიგ საფეხბურთო სეზონს გახსნის. სიმბოლურია, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან სეზონს ყველაზე პრინციპული მეტოქის წინააღდეგ გასამართი მატჩით ვიწყებთ. დიდი ინტერესით ველოდები ამ შეხვედრას და ზოგადად 2022 წლის სეზონს. მსურს, წარმატება ვუსურვო ყველა დინამოელს, დაწყებული პირველი გუნდიდან, დამთავრებული ჩვენი აკადემიით, რომელიც ჩვენი გუნდის მთავარი საყრდენია. პირადად ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ დღევანდელი დინამოს ძირითად ბირთვს, სწორედ აკადემიელები წარმოადგენენ.​

გამახარა შეკრებაზე ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და სტაფის საქმისადმი დამოკიდებულებამ. აქვე მსურს წარმატებული სეზონის ვუსურვო ჩვენი გუნდის ყველა ახალწვეულსა და ლეგიონერს. ისეთ კლუბში თამაში როგორიც დინამო თბილისია უდიდესი პატივია და დარწმუნებული ვარ ახალი ფეხბურთელები საქმეს სწორედ ასეთი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.

კლუბში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შევძელით, რომ ყველა მიმართულებით პასუხისმგებლობა საკუთარი საქმის პროფესიონალებმა აიღეს. მსურს ახალ სეზონში თითოეულ მათგანს დინამოსთან ერთად უდიდესი წარმატება ვუსურვო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს კლუბში პასუხისმგებლობები სწორად არის გადანაწილებული და გადაწყვეტილებებს კოლექტიურად ვიღებთ. დარწმუნებული ვარ ასეთი მიდგომით აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას.

გასულ სეზონებში ნაჩვენები არასახარბიელო შედეგების გამო ჩვენი გულშემატკივარი სამართლიანად გვაკრიტიკებდა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სწორი მუშაობით დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ და ქომაგებს ის სიხარული დავუბრუნოთ, რასაც მათ ჩვენი კლუბი წლების განმავლობაში ჩუქნიდა. მომავალი სეზონისთვის კონკრეტული დაპირებების გაცემა არ მსურს, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი სათქმელი სწორი მუშაობით და სტადიონზე ნაჩვენები შედეგით უნდა გადმოვცეთ.

ზაზა დოლიძე: ახალ სეზონს ოპტიმისტურად ვხვდები, ვფიქრობ, რომ კლუბში განხორციელებული ცვლილებები და მმართველობის ახალი ფორმა უახლოეს მომავალში წარმატებას მოგვიტანს. სეზონს პრინციპული დაპირისპირებით გავხსნით და ვფიქრობ, რომ ეს დამატებითი მოტივაციაა თითოეული დინამოელისთვის. ასეთ მატჩებში გულშემატკივართა მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მსურს ყველას მოგიწოდოთ 25 თებერვალს, დინამო არენას ტრიბუნებიდან ყველამ ერთად ვუქომაგოთ ჩვენს საყვარელ გუნდს.

2022 წელს დინამოში უამრავი საინტერესო სიახლე იგეგმება, ბევრს ვმუშაობთ და ძალიან გვსურს, რომ ეს სეზონი წარმატებული გამოვიდეს. ბედნიერი ვარ, რომ შევძელით და გუნდში ყველა საჭირო მიმართულებით გამოცდილი მენეჯერები მოვიზიდეთ. ეს ფაქტორი დასახული მიზნების მიღწევაში აუცილებლად დაგვეხმარება.

დინამო თბილისისა და ქუთაისის ტორპედოს დაპირისპირება 25 თებერვალს 21:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე შედგება. გულშემატკივარს ბილეთების შეძენა როგორც ონლაინ tKT.ge, ასევე ფიზიკურად სტადიონის სალაროებში შეეძლებათ.

ჯაბა კანკავა გულშემატკივრებს 500 კათხა ლუდს გაუგზავნის

ჯაბა კანკავა და მისმა თანაგუნდელი ივან საპონიჩი “სლოვანის” შემდეგ მატჩზე გულშემატკივრებს 500 ლუდით გაუმასპინძლდებიან.

ჯაბამ “სენიჩასთან” 5-0 მოგებულ მატჩში პირველი გოლი გაიტანა და C სექტორიდან ფანებმა ხუმრობით მიაძახეს, რომ ისინი ლუდზე დაეპატიჟებინა. შეძახილი კანკავამ ვერ გაიგო, თუმცა თანაგუნდელებს გადათარგმნა სთხოვა, ჯაბამ  კი ხუმრობა სერიოზულად მიიღო. საერთოდ, სწორედ ის ადამიანია, რომლის ქმედებები სიტყვებზე უფრო ხმამაღლა მეტყველებს.

მას ამ ინიციატივაში საპონიჩიც შეუერთდა, რომელმაც, ასევე სადებიუტო გოლი შეაგდო “სენიჩასთან” და C სექტორის გულშემატკივრებს ბიჭების დახმარებით მომდევნო თამაშზე 500 ლუდი ერგებათ.

“ჯაბა, ივან, ქედს ვიხრით თქვენ წინაშე” – ასე ეხმაურებიან “სლოვანის” მხარდამჭერები ფეხბურთელებს.

“აიაქსი” აბდელჰაკ ნურის ოჯახს 7.85 მილიონ ევროს გადაუხდის

აბდელჰაკ ნურის ოჯახი სასამართლოში სარჩელს არ შეიტანს. ამსტერდამის “აიაქსმა” მასთან შეთანხმება მოახერხა.

“აიაქსი” ნურის ოჯახს 7.85 მილიონ ევროს გადაუხდის, მკურნალობის ხარჯებს სრულად დაფარავს და გარდა ამისა, აკადემიაში სპეციალური ჯილდო დაწესდება, რომელიც ყოველ წელს ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელს გადაეცემა. გუნდი 34 ნომრიან მაისურს ამოიღებს.

ნურიმ 2017 წელს მოედანზე გულის შეტევა მიიღო, გონება დაკარგა და მოედანზე დაეცა. “აიაქსმა” აღიარა, რომ ფეხბურთელს სათანადო დახმარება მოედანზე არ მიუღია. 2020 წელს აბდელჰაკი კომიდან გამოვიდა, თუმცა ლოგინიდან ადგომას ვერ ახერხებს.

აგუერო: “ფეხბურთის თამაში მინდა, მაგრამ მეშინია”

არგენტინელი ფეხბურთელი სერხიო აგუერო აცხადებს, რომ მას თამაში ისევ სურს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეშინია.

როგორც იცით, 33 წლის თავდამსხმელს სექტემბერში, “ბარსელონას” ერთ-ერთი მატჩის მიმდინარეობისას სუნთქვის პრობლემა შეექმნა. მას გულის არითმია დაუდგინდა და ფეხბურთის თამაში აუკრძალეს.

“დღეს, მინდა, რომ ისევ ვითამაშო, მაგრამ მეშინია. მთელი ცხოვრების მანძილზე ბევრს ვვარჯიშობდი და დიდ ტურნირებზე ვასპარეზობდი. ახლა აღარც ფეხბურთს ვუყურებ და აღარც სიახლეებს ვეცნობი. არ მაინტერესებს, რა ხდება. კონცენტრირებული ვარ იმაზე, რაც ყველაზე ძალიან მომწონს – მეგობრები. ფეხბურთში დაბრუნების აზრი თავში მიტრიალებს, მაგრამ ვიცი, რომ ეს არ შემიძლია. ექიმების თქმით, გამიმართლა, რადგან გულის შეტევასთან ახლოს ვიყავი. ახლა დასვენების დროა”, – ციტირებს აგუეროს სიტყვებს Goal.Com.

ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო 18 ათას ევროდ გაიყიდა

ხვიჩა კვარაცხელიას NFT (არა-ჩანაცვლებადი ტოკენი) 18 ათას ევროდ გაიყიდა.

NFT კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ბლოკჩეინის ნაწილია, რომელიც ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა და ძირითადად, გრაფიკულად დამუშავებული ნამუშევრები იყიდება.

ხვიჩას ფოტო პლატფორმა Sorare.com-ზე შეიძინეს, სადაც სპეციალიზერებულად, ფეხბურთელების ფოტოებია. კვარას შეძენის ერთ-ერთი მოტივიც ისიც არის, რომ ქართველი პერსპექტიული მოთამაშეა და ამ ფოტოს გადაყიდვა შემდგომში უფრო სარფიანად მოხდება.

როგორ შეასრულა ანანიძემ გადამწყვეტი პენალტი სუპერთასზე (ვიდეო)

ბათუმის “დინამომ” სუპერთასზე “საბურთალო” პენალტების სერიაში ლაზარე კუპატაძის წყალობით დაამარცხა, თუმცა ანანიძის პენალტი გამოსარჩევია.

ჯანო ბათუმელთაგან ბოლო 11-იანი წყნარად და ძალიან მაგრად შეასრულა. საერთოდ, ანანიძე მოედანზე 18-იანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და მატჩში რამდენიმე კარგი შეხება ჰქონდა.

ბორდალასი დაცვას მიდგა და მამარდაშვილზე არაფერი უთქვამს

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა “ბარსელონასთან” 1-4 მარცხის შემდეგ დაცვის შეცდომებზე ისაუბრა, მაგრამ მამარდაზე არაფერი უთქვამს.

“როცა ამდენ გოლს უშვებ, ნებისმიერი რამისთვის მზად უნდა იყო. თითქმის ყველაფერი ვცადეთ, ყველა ფორმაცია, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ბოლოს 4 გოლი მივიღეთ. მატჩისთვის კარგად ვიყავით მომზადებული, თუმცა “ბარსას” პირველი გოლის ეპიზოდში შეცდომა დავუშვით და ბურთი მცველების უკან აღმოჩნდა, მეორე გოლშიც პასიურები ვიყავით. ასე არ შეიძლება, უნდა გავიღვიძოთ და ნაკლები გავუშვათ”

“ვწუხვარ გულშემატკივრების გამო, თუმცა “ბარსელონა” მაინც ძლიერი გუნდია, როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ კი მომდევნო შეხვედრებში, “მალიორკასთან” და “ბილბაოსთან” უნდა გავიმარჯვოთ”, – განაცხადა ბორდალასმა.

ქართველს გუშინ ესპანეთში ძალიან ცუდი პრესა ჰქონდა. მე-4 გოლის გარდა, მას სხვა ბურთების დროსაც არასწორი პოზიციის დაკავებაში და კარის დაკარგვაში ადანაშაულებენ.

ახალი ზელანდიის ნაკრების ფეხბურთელმა ერთ მატჩში სამი ავტოგოლი გაიტანა (ვიდეო)

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ქალ ფეხბურთელებს შორის, აშშ კალიფორნიაში ახალ ზელანდიას დაუპირისპირდა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

შეხვედრაში პირველი სამი გოლი ზელანდიელთა მცველმა, მეიკაილა მურმა საკუთარ კარში გაიტანა. ეს ყველაფერი მე-5, მე-6 და 36-ე წუთებზე მოხდა. მესამე ავტოგოლის შემდეგ, ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელმა მური მოედნიდან გაიყვანა.

ინძაგი “სასუოლოსთან” მატჩის შემდეგ: “ძალიან გაბრაზებული ვარ”

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში მილანის “ინტერი” შინ “სასუოლოსთან” ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ “ნერაძურის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ საკუთარი გუნდის მიმართ უკმაყოფილება არ დამალა.

“ასეთი მიდგომით ძალიან გაბრაზებული ვარ. ოთხშაბათის მატჩის შემდეგ სამი დღე გვქონდა, ვთქვით, რომ “სასუოლომ” გასვლაზე “იუვე” და “მილანი” დაამარცხა, ისინი დიდებულად თამაშობენ და ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით.

შეხვედრის მეორე ნახევარში ყველაფერი გავაკეთეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა არ გაგვიმართლა.

სიტუაციას გავაანალიზებთ, წინ კიდევ 13 მატჩია და გვინდა, რომ წინსვლა გავაგრძელოთ. ფაქტი კი ფაქტად რჩება, გუნდი, რომელსაც სკუდეტოს მოგება უნდა, საქმეს ასე არ უნდა მიუდგეს”, – ციტირებს ინძაგის სიტყვებს Football Italia.

“ინტერს” 54 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილი უკავია და ორი პუნქტით ჩამორჩება “მილანს”, რომელსაც ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. “სასუოლოს” 33 ქულა მოუგროვდა და გუნდმა მე-11 პოზიციამდე ამოიწია.

“გენტმა” ჩაკვეტაძის ფასი გაზარდა – რამდენად აფასებენ ბელგიელები ქართველს?

საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე “ჰამბურგში” ძალიან მაგრად ათამაშდა და გერმანული პრესის (Bild, Kicker) შეფასებით, გუნდის ჯოკერად იქცა.

“გენტი” ჩაკვეტაძის “ჰამბურგში” გადასვლამდე მზად იყო ფეხბურთელი 2 მილიონ ევროდ გაეყიდა, თუმცა ბელგიელები ფიქრობენ, ჩაკვე გერმანიაში კიდევ უფრო მეტად ათამაშდება და შესაბამისად, მისი სატრანსფერო ფასი მაიკლ ლოვაგის (“გენტის” სპორტული მენეჯერი) მინიმუმ 3.5-4 მილიონი უნდა იყოს.

მართალია, “ჰამბურგში” ჩაკი მშრალი იჯარით არის გადასული, თუმცა თუ მოინდომეს, ამ თანხის სანაცვლოდ “გენტი” მას დათმობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის “დინამო” შემდგომი ტრანსფერიდან გადახდილი თანხის 30-50%ს მიიღებს.

“დაბრუნდი საქართველოში” – მამარდას გამო “ვალენსიას” ფანები ერთმანეთს უპირისპირდებიან

კატალონიის “ბარსელონამ” “ვალენსია” ძალიან მარტივად, 1-4 დაამარცხა, რის შემდეგაც “ღამურების” ფანები ძალიან გაწბილებულები იყვნენ. საკმაოდ ბევრი მათგანი მამარდაშვილის თამაშით დარჩა უკმაყოფილო, ზოგი კი მას იცავს.

“მამარდა არ არის მზად ლა ლიგისთვის. გამოცდილება აკლია”

“მამარდაშვილი – დაუბრუნდი შენ ქვეყანას”

“ალდერეტეს, გილამონის, მორიბას და მამარდაშვილის თამაში… უბრალოდ საშინელება იყო”

“2 გოლი პირადად მის კისერზეა. პოზიციას სწორად ვერ არჩევს, კარს ხშირად კარგავს. ახლო კუთხეს რატომ არ კეტავს?”

“მამარდაშვილის მთავარი პრობლემა გამოუცდელობაა. 2 მეტრიანი კაცია და დარტყმის მომენტში მუხლებზე არ უნდა დადგეს”

“”ვფიქრობ, მეკარეს დღეს ეძინა”

რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც გოლები ძირითადად დაცვას დააბრალეს.

“გიორგის თუ დაადანაშაულებ, მხოლოდ 1 გოლში, დანარჩენი 3 დაცვის ბრალი იყო. რა გინდათ მისგან”

“პედრის გოლის მომენტშიც კი ობამეიანგს მოხვდა და ისე გავიდა”

“რაც არ უნდა იყოს, ეს შეხვედრა ქართველის გამო არ წაგვიგიგია. შეუძლებელს ეს ბიჭი ვერ შეძლებდა”

იმედი ვიქონიოთ, შემდეგ მატჩში ბორდალასი არჩევანს კვლავ გიორგიზე შეაჩერებს.

ეგვიპტელი პოლიციაში მიდის – ქვილითაიას პრობლემები ექნება?

ბოლო დღეებია კვიპროსულ ფეხბურთში “აპოელი”  0-2 “ანორთოსისის” მატჩის შემდეგ მომხდარ მომენტებს განიხილავენ და მათ შორის, გიორგი ქვილითაია ერთ-ერთი მთავარი გმირია, რომელიც ამრ ვარდას ცხვირის მოტეხვით დაემუქრა.

კვიპროსული პრესის ინფორმაციით, ამრ ვარდა ახლა საბერძნეთში ისვენებს, ორშაბათს საღამოს კვიპროსში დაბრუნდება და ქვილითაიას წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარს შეიტანს.

სწორედ ვარდამ გაავრცელა მესიჯის ფოტო და ახლა პოლიციაშიც მიდის.

აღსანიშნავია, რომ “აპოელის” ფანები გიორგი საქციელით კმაყოფილები დარჩნენ, რადგან მხოლოდ მან გადაწყვიტა ვარდას შეურაცხყოფისთვის ასე ეპასუხა.