ოფიციალურად: ობამეიანგი “ბარსელონაში” გადავიდა

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ლონდონის “არსენალთან” კონტრაქტი გაწყვიტა და “ბარსელონას” შეუერთდა. მხარეებს შორის გაფორემბულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2025 წლის ზაფხულამდე ექნება.

32 წლის ფეხბურთელმა ტრანსფერის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:

“ბარსელონაში” გადმოსვლით ძალიან გახარებული ვარ. ერთი სული მაქვს, როდის გავალ მოედანზე. “ბარსელონაში” თამაში ჩემთვის დიდი პატივია. გამოცდილება მაქვს, ინგლისში, გერმანიასა და საფრანგეთში მითამაშია. აქ გუნდის დასახმარებლად და ჩემი მაქსიმუმის გასაღებად ვარ მოსული”.

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მიმდინარე სეზონში “არსენალის” ფორმით 15 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მას ბოლო პერიოდში “მეთოფეთა” ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაუფუჭდა და დეკემბრიდან გუნდის განაცხადში ვერ ხვდებოდა.

როგორც იქნა! – მამარდაშვილი ძირითადში ბრუნდება

ცნობილი ესპანური გამოცემები – AS და Marca იტყობინებიან, რომ გიორგი მამარდაშვილი დღეს “კადისთან” კოპა დელ რეის მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნება.

მამარდაშვილი მთელი კვირის განმავლობაში თეორიას გადიოდა და ბოლო საათებში ის მოსამზადებელი პროცედურები გაიარა, რასაც ძირითადის მეკარეები გადიან.

იასპერ სილესენს 1-თვიანი ტრავმა აქვს, კრისტიან რივერო იჯარით “ალკორკონში” წავიდა, ხაუმე დომენეკი კი ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება.

მამარდა მოედანზე ბოლოს 22 სექტემბერს გამოჩნდა და ერთხელ წონის (200 გრამი) მომატების გამო განაცხადშიც ვერ მოხვდა.

“ვალენსია” – “კადისი” 24 საათზე დაიწყება.

დავით ქირია: “პროფესიონალურ სპორტს მსოფლიოში არცერთი სახელმწიფო ჩეჩნეთის გარდა არ აფინანსებს”

კიკბოქსერმა დავით ქირიამ “მტკივნეულ შოუში” სათამაშო ბიზნესის მიმართ დაწესებულ რეგულაციებზე ისაუბრა.

“ძალიან ხშირად მესმის, ყველა შეჯიბრიდან რომ მოვდივარ, მეკითხებიან, დაგხვდნენ? რამე მოგცეს?. სახელმწიფოზეა ეს შეკითხები. მეც ისე, დიპლომატიურად, რაღაც პასუხებს ვცემ. 50-50ზე, რომ არც იმას ვეუბნები, რომ არა, არც ამას რომ, კი მომცეს. ისე ვაბალანსებ. რაღაც სამაგიეროდ, მე თუ არ მომცეს, ახალგაზრდა თაობა წაახალისეს. წინაზე რომ ჩამოვედი, მთელი ჩემი კლუბი ზუგდიდში, ყველაში ინვენტარი, ჩემ სახელზე და ჩემთან ერთად. დავარიგეთ ერთად. 10 000 ლარის ინვეტარიზაცია გავაკეთეთ. სტიმული იყო ჩემი წინა ბრძოლის მოგება.

პროფესიონალური სპორტი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ფინანსდება, გარდა ჩეჩნეთისა, დაღეტნისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა, რომელშიც ავტომატურად ყველა ოფიცერია. ეს ჩვენთვის უკვე მიუღებელია, რადგან ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ, დემოკრატიულ რაღაცებს ვაწვებით, ცივილურ სამყაროში გვინდა ფეხი შევდგათ და პრეტენზიები გვაქვს. ევროპაში არ არსებობს სახელმწიფო დაფინანსება პროფესიონალურ სპორტში, მაგრამ ევროპაში რა არსებობს. ევროპაში სპონსორობის ინსტიტუტი კარგად აწყობილია და კარგად მუშაობს. საქართველოში ამას აკეთებს გემბლინგ კომპანიები და ახლა შეზღუდვებს უწესებენ. ბიზნესის მხრიდან იყო წახალისება სპორტის, ბიზნესი აფინანსებდა სპორტს. აფინანსებს დღემდე სპორტს და სპორტი ამით საზრდოობს, ვითარდება. ეს არის სწორედ ევროპული სისტემა. იქ ჩემი სპონსორი იყო სამშენებლო კომპანია, ასევე, ცხოველების დანამატებისა და ვიტამინების მწარმოებელი ქარხანა. ჩემი ბოსი კარატისტი იყო, ის იყო ჩემი გულშემატკივარი, მისი შვილი ჩემი ფანი და ტიპი ძალიან სერიოზულ ფულს მაძლევდა ყოველ ჩხუბზე. ის ჩეკები, რასაც მე მაძლევდა, წლის ბოლოს სახელმწიფოს უდებდა და იქედან რაღაც შეღავათებს იღებდა. სახელმწიფო ფულს არ იღებდა, მაგრამ აქეთ კარგ საქმებს აკეთებინებდა. ეს სისტემა და ინსტიტუტი თუ დაინერგა, რაღაც შეღავათი და სტიმული ექნა ბიზნესს, დააფინანსებენ სპორტს და მხოლო 1 ან 2 კომპანიის იმედი აღარ გვექნება.

ერთი მომენტი არის, სახელმწიფომ კარგად იცის, გემბლინგის რეგულაციები სპორტსაც დაარტყამს. რჩება პირობითად ისეთი ბიზნესი, რაც ამათი გაგებით ზიანს არ აყენებს ადამიანს. მაშინ, რაღაც სტიმული უნდა მისცეს, შეღავათი და სპორტს არ შეუწყდეს დაფინანსება. არ ვარ იმის მომხრე, აიძულო ბიზნესი. სჯობს, შესთავაზოს რაღაც პირობები სპორტის დაფინანსების შემთხვევაში.

მაგალითად, მე ვარ ბიზნესმენი, ჩემი გონებით, სწორი გათვლებით ბიზნეს ვაწარმოებ. მე არ ვარ ვალდებული ვიღაც დავაფინანსო, ეს ჩემი პირადი სიმპატიებიდან გამომდინარე ხდება. ამიტომ უნდა დააინტერესო, იძულებით არ გამოვა, უამრავი მექანიზმებია, რაც ჩვენ არ მოგვიგონია და ევროპაში ისედაც არსებობს. სახელმწიფოა იმისთვის არის, რაღაც ჭკვიანური ნაბიჯები გადადგას”, – განაცხადა დავით ქირიამ.

“კოლხეთში” ინვესტიციები იდება – დათა სიჭინავა და ახალი ინვესტორი

ფოთის “კოლხეთმა” ბოლნისის “სიონის” 32 წლის ნახევარმცველი დათა სიჭინავა და 34 წლის გამოცდილი ფეხბურთელი გიორგი კახელიშვილი დაიმატა.

სიჭინავამ “სიონის” ეროვნულ ლიგაში გადასვლაში უდიდესი წვლილი შეიტანა. 35 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. კახელიშვილი კარიერის ბოლო წლებში მარჯვენა მცველად თამაშობს.

გავრცელებული ინფორმაციით, “კოლხეთში” ახალი ინვესტორი მიდის და სურს გუნდი ჯერ მე-2 ლიგაში, შემდეგ კი ელიგაში გადაიყვანოს. სეზონის დაწყებამდე სხვა ფეხბურთელების დამატებაც იგეგმება.

საინტერესოა, რომ 2019 წლის ოქტომბერში, როცა გუნდს ძალიან დიდი ფინანსური კრიზისი ჰქონდა, უცნობმა ბიზნესმენმა “კოლხეთი” პრაქტიკულად გაუქმებას გადაარჩინა.

ზვიად კუპატაძე: “ყველამ იომა, შემდეგი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა”

საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში რუსეთთან განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“დიდი მადლობა ბიჭებს. ყველაფერი ჩადეს წარმატებისთვის, ყველამ იომა, მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს, ყველამ მაქსიმუმი გააკეთა ამ ევროპის ჩემპიონატზე.

ვიცი, ამ დონის თამაშები როგორ წარიმართება და როგორი რთულია ემოციურად. ჩემი მიზანი იყო სპორტის ეს სახეობა ყველას გაეცნო და გამხდარიყო უფრო პოპულარული.

ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი. ახლა, ისტორია უნდა გადავწეროთ მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩვენი შემდეგი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა”, – ციტირებს კუპატაძის სიტყვებს Nakrebi.ge.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზა.

ფოტო: სფფ

კოუტინიოს ულამაზესი გოლი პარაგვაის კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

აჯუნმა პირობა შეასრულა – “საჩუქარი” “ჰალ სიტის” ფანებს

“ჰალ სიტის” თურქმა მფლობელმა აჯუნ ილიჯალიმ თავისი პირობა შეასრულა და 22 თებერვალს “ბარნსლისთან” გასამართი მატჩის წინ გუნდმა გულშემატკივრებს ბილეთებზე სპეციალური ფასები შესთავაზა.

65 წელს ზემოთ და 16-წელს ქვემოთ პირები ბილეთის ყიდვა 2 ფუნტად შეეძლებათ. უფროსებისთვის 27 ფუნტია, 16-დან 22 წლამდე გულშემატკივრები თამაშზე დასწრებას 15 ფუნტად შეძლებენ.

გარდა ამისა, კლუბის წევრებს, რომლებთაც აბონემენტი აქვთ შეძენილი, შეუძლიათ 2 ფუნტის სანაცვლოდ დამატებით 1 ფანი შეიყვანონ.

“ჰალ სიტის” ყიდვამდე ილიჯალმა პირობა დადო, რომ გულშემატკივარს მოედანზე დააბრუნებდა. “ახალი ერა” – ასე ქვია აჯუნის პროექტს “სიტიში”.

მონაწილეთა სია შემცირდა – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პარიზის გრან სლემზე

5-6 თებერვალს ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, პარიზის გრან სლემი გაიმართება. საქართველოს ნაკრების განაცხადში რამდენიმე ცვლილებაა. პარიზის გრან სლემზე მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მხოლოდ იმ ძიუდოისტებს, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები არიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

-60კგ: ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე;
-66კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი;
-73კგ: ლაშა შავდათუაშვილი;
-81კგ: ტატო გრიგალაშვილი;
-90კგ: ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი.

ლეგენდარული რობერტო კარლოსი ფეხბურთში ბრუნდება და თანაც სად?

ლეგენდარული ბრაზილიელი მარცხენა მცველი რობერტო კარლოსი კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში 1 მატჩით ბრუნდება, თანაც ინგლისის Sunday league-ზე, სადაც მოყვარული გუნდები თამაშობენ.

კარლოსი ასეთი სახელწოდების გუნდს –  “ხარი ბარნის იუნაიტედში” შეუერთდება, რომელიც შროფშირის (მთავარი ქალაქი შრიუსბერი) ერთ-ერთი პაბის გუნდია და ბიჭები კვირა დღეს ფეხბურთს აგორებენ.

როგორ მოხდა ეს ყველაფერი? იბეიზე შესაძლებელი იყო კლუბებს 5 ფუნტი გადაეხადათ, ლატარეაში ჩართულიყვნენ და ლატარეის პრინციპით, ერთ-ერთი ცნობილი ფეხბურთელი გამარჯვებულის რიგებში ითამაშებდა. სწორედ ასე გაუმართლა შრიუსბერელებს და თებერვალში 48 წლის ლეგენდა “ხარი ბარნის იუნაიტედში” შეცვლაზე შევა.

1 დღის წინ “ხარებზე” ძალიან ცოტამ თუ იცოდა, დღეს კი მათ შესახებ BBC, Talk Sport, Sport bible, Reuters და სხვა ცნობილი გამოცემები წერენ.

“ჰალ სიტის” შოთასთან ერთად საუკეთესო სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა

“ჰალ სიტის” თურქი მფლობელის, აჯუნ ილიჯალისა და შოთა არველაძის მისვლის შემდეგ ბოლო წლების საუკეთესო სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა.

“ჰალმა” დაიმატა “სუონსის” 24 წლის ნახევარმცველი ლიამ ვოლში, “ფენერბაჰჩედან” 20 წლის თავდამსხმელი ალაჰიარ საიადმანეში, “ბრენტფორდიდან” 22 წლის შემტევი მარკუს ფორსი. კლუბთან კონტრაქტები გაახანგრძლივეს 21 წლის ნახევარმცველმა რაიან ლოგნმენმა, რომელიც “ბრაიტონიდან” 700 ათასად გამოისყიდეს და 22 წლის რეგან სლეიტერმა.

რაც მთავარია, გუნდში რჩება ინგლისის ამომავალი ვარსკვლავი, კინ ლუის პოტერი, რომლის სანაცვლოდაც პრემიერ ლიგის კლუბები 10 მილიონზე მეტს იხდიდნენ.

2 წლის წინ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს წინა მფლობელებმა ჯეროდ ბოუენი და კამილ გროსიცკი გაყიდეს, რაც “ჰალის” გავარდნად დაუჯდა. დღეს აჯუნმა პოტერი “სიტიში” მინიმუმ სეზონის ბოლომდე დატოვა.

ხვიჩა კვარაცხელია “რუბინში” მარტო დარჩა

ყაზანის “რუბინში” ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მეგობარმა, ჟორჟე დესპოტოვიჩმა გუნდი დატოვა.

“რუბინმა” 29 წლის თავდამსხმელს კონტრაქტი გაუწყვიტა და კომპენსაციის სახით 200 ათას ევროს მიიღებს.

დესპოტოვიჩმა კარიერა შესაძლოა, “ცსკაში” გააგრძელოს.

ჟორჟეს ხვიჩასთან საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა. მანამდე “რუბინიდან” ზურიკო დავითაშვილიც წავიდა, ვისთანაც ძმური ურთიერთობა აქვს. დროა, ხვიჩაც წავიდეს.

მესუთ ოზილი “ჰალ სიტიში” მიდის

თურქულ და ინგლისურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა მესუთ იოზილისა და “ჰალ სიტის” თურქი მფლობელის, აჯუნ ილიჯალის შეხვედრის შესახებ.

ილიჯალსა და იოზილს დიდიხნიანი მეგობრობა აკავშირებთ და “ჰალთან” დაკავშირებით შეხვდნენ.

თავდაპირველად იყო ინფორმაცია, რომ იოზილი, შესაძლოა, “ჰალ სიტიში” გადასულიყო, მაგრამ Sporthaber-ის ცნობით, ილიჯალმა მესუთს “ჰალის” აქციების ყიდვა და პარტნიორობა შესთავაზა.

აჯუნი ამ სვლით კლუბის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. იოზილს ბოლოს თურქეთის მე-3 ლიგის ყიდვა 1 მილიონ დოლარად სურდა. ჯერჯერობით, მისი პასუხი ცნობილი არ არის.