ეტო კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

კატალონიის “ბარსელონასა” და მილანის “ინტერის” ყოფილი ვარსკვლავი, სამუელ ეტო, მომდევნო წლებში კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობებს შეასრულებს.

“ამ დღეს დიდი სიამაყით გავიხსენებ ხოლმე. ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ, კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად რომ ამირჩიეს.

ყოველი ხმა ირეკლავს ჩვენი საფეხბურთო ოჯახის იმ ენერგიასა და მონდომებას, რომელიც ჩვენი საფეხბურთო დონის სათანადო დონეზე აყვანას ემსახურება,” – აცხადებს სამუელ ეტო.

კარიერის განმავლობაში ეტო ოთხჯერ იქნა არჩეული კამერუნის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. ის ზემოხსენებული ქვეყნის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირიც გახლავთ 118 მატჩში გატანილი 56 გოლით.

ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი ახალ კლუბს 400 მილიონი დაუჯდება

უცხოურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ერლინგ ჰოლანდმა დორტმუნდის “ბორუსია” მიმდინარე სეზონის მიწურულს დატოვოს.

Marca-ს ინფორმაციით, ჰოლანდის აგენტმა, მინო რაიოლამ, უკვე დაგეგმა ყველაფერი და ახლა არჩევანი მხოლოდ ოთხ კლუბს შორის არის გასაკეთებელი – “ბაიერნი”, “რეალი”, “მანჩესტერ სიტი”, “ბარსელონა”.

მინო რაიოლა თვლის, რომ ერლინგ ჰოლანდის წარმატებული მომავლის უზრუნველყოფისთვის ნორვეგიელი უნდა გადავიდეს იმ კლუბში, რომელიც ხუთწლიან კონტრაქტს შესთავაზებს და ხელფასისა და სატრანსფერო ფასის გათვალისწინებით 400 მილიონი ევროს დახარჯვას დათანხმდება.

მიმდინარე სეზონში 21 წლის თავდამსხმელმა დორტმუნდის “ბორუსიას” მაისურით 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 17 გოლი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა.

უეფას “რენისა” და “ტოტენჰემის” მატჩის ჩატარება არ სურს!

ხუთშაბათს ევროპის კონფერენს ლიგის მატჩი უნდა შემდგარიყო “რენსა” და “ტოტენჰემს” შორის, თუმცა ლონდონელთა ბანაკში მძვინვარე კორონავირუსის გამო, გადაიდო. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით მხარეები მატჩის ჩატარების ახალ თარიღთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან.

The Daily Mail-ის მიერ მოპოვებული ცნობების მიხედვით, მოცემულობიდან გამომდინარე უეფას აღარ სურს ამ მატჩის ჩატარება და შედეგთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ეს “სპურსისთვის” ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რამდენადაც ანტონიო კონტეს გუნდს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად “რენის” დამარცხება სჭირდებოდა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტის წევრებისგან ჩამოყალიბებული გუნდისგან ელის გადაწყვეტილებას ამ საქმესთან დაკავშირებით.

იბრაჰიმოვიჩის გოლი “უდინეზეს” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ზურიკო დავითაშვილმა -12 გრადუსში ტრავმა მიიღო

ტულის “არსენალი” მოსკოვის “ცსკას” ესტუმრა და 2-0 დამარცხდა.

ზურიკო დავითაშვილი ძირითადში იყო, აქტიურობდა და 43-ე წუთზე საჯარიმოში მარიო ფერნანდეში ქართველს ისე ეუხეშა, ზურიკოს მოედნის დატოვება სამედიცინო პერსონალის დატოვებით მოუწია. ამ ეპიზოდზე მთავარ მსაჯს არავითარი რეაქცია არ ჰქონია, არც პენალტი დანიშნა, რამაც ტულელთა აღშფოთება გამოიწვია და აპირებენ ეპიზოდის განხილვა სამსაჯო კომიტეტში მოითხოვონ.

“მატჩის გადადება? ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს, ვიცოდით, რომ სიცივე იქნებოდა. ასეთ ამინდში თამაში ძალიან რთულია, მაგრამ ამას ჩემ ტრავმასთან კავშირი არ აქვს. პირადად მე, ზაფხულში მირჩევნია”, – განაცხადა დავითაშვილმა მატჩის შემდეგ. პირველი შეხედვით, ტრავმა სერიოზული არ არის.

შეხვედრამდე დელეგატები ტემპერატურას ამოწმებდნენ, რამდენად შეიძლებოდა თამაში ამ სიცივეში.

კურიოზი: ლუკა მაისურაძის რეაქცია, როცა მსაჯმა გამარჯვებულად მეტოქე გამოაცხადა (ვიდეო)

11 დეკემბერს ძიუდოს კლუბებს შორის ევროპის ჩემპიონთა ლიგა გაიმართა. პარიზში გამართულ ტურნირში მონაწილეობა მიიღო “გოლდენ გორიმ”.

გორული კლუბი ნახევარფინალში სერბულ “რედ სტარს” დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.

-90კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე ნემანია მაიდოვს დაუპირისპირდა. ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქეს ორი ვაზარი გაუკეთა და ის დამაჯერებლად დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მსაჯმა გამარჯვებულად სერბი გამოაცხადა, თუმცა შეცდომა მალევე გამოასწორა.

იხილეთ ვიდეო

პატივისცემა – რა გააკეთეს ერთმანეთის მოწინააღმდეგე ქართულმა კლუბებმა შეხვედრის შემდეგ? (ვიდეო)

11 დეკემბერს, პარიზში გამართულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ორმა ქართულმა კლუბმა – “გოლდენ გორმა” და “მებრძოლმა” იასპარეზა.

ქართული კლუბები ერთმანეთს ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში დაუპირისპირდნენ, გამარჯვება კი გორელებმა მოიპოვეს.

გადამწვყეტი ბრძოლის შემდეგ, ქართული კლუბების წევრებმა სამახსოვრო ფოტოები ერთად გადაიღეს.

იხილეთ ვიდეო

ბათუმის “დინამოს” პატარა ფანი, რომელმაც მთელი გუნდი იცის (ვიდეო)

“ინსტაგრამზე” ბათუმის “დინამოს” უსაყვარლესი ფანის ვიდეო ვრცელდება, სადაც ბიჭუნა ზედმიწევნით კარგად ჩამოთვლის “დინამოს” ფეხბურთელებს.

ნაგელსმანმა განმარტა, თუ რატომ თქვა უარი “რეალში” მუშაობაზე

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს აქამდე არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მადრიდის “რეალში” მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდა. იულიანი თვლის, რომ წარსულში “რეალის” წინადადებაზე უარის თქმით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

“ჰოფენჰაიმში” მუშაობა სრულად განსხვავებული რამ იყო ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა მწვრთნელისთვის. იქ ყველა მომუშავეს ვიცნობდი, შესაბამისად ადაპტაციის პროცესი სწრაფად გავიარე.

სრულად ახალ კლუბში გადასვლა კი ძალიან განსხვავებული რამ არის. სავსებით ბუნებრივია, რომ “ჰოფენჰაიმიდან” ნაბიჯის წინ გადადგმა მსურდა, თუმცა ეს უმაღლესი ნაბიჯი არ უნდა ყოფილიყო.

სად ვხედავ ჩემ თავს ხუთი წლის შემდეგ? იმედი მაქვს, რომ კვლავ “ბაიერნში” ვიქნები,” – აცხადებს ნაგელსმანი, რომელსაც “რეალის” თავკაცობა 2018 წელს კლუბიდან ზიდანის წასვლის შემდეგ შესთავაზეს.

აგენტი: “პერესმა მითხრა, რომ კროოსის ტრანსფერი საუკუნის საუკეთესო გარიგება იყო”

მადრიდის “რეალის” ინტერესების დამცველი ფოლკერ შტრუტი პრესასთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ფლორენტინო პერესი ძალიან ბედნიერია ტონის ტრანსფერით.

“კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე ფლორენტინო პერესმა სადილზე დამპატიჟა. ფლორენტინო ძალიან თბილი ადამიანია მშვენიერი ცხოვრებისეული ისტორიებით. ფლორენტინოს ყველაფერი აქვს გამოვლილი და ადამიანობას ინარჩუნებს.

საუბრისას პერესმა მითხრა, რომ კროოსის ტრანსფერი საუკუნის საუკეთესო გარიგება იყო. ასეთ ფასად კროოსის მსგავსი ფეხბურთელსი გადმობირება წარმოუდგენელი იყო,” – აცხადებს შტრუტი.

შეგახსენებთ, მადრიდის “რეალმა” 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი “ბაიერნიდან” სულ რაღაც 30 მილიონ ევროდ დაიმატა.

“პსჟ” ადასტურებს – რამოსი გუნდს კვლავ ვერ დაეხმარება

“პარი სენ-ჟერმენის” ესპანელი მცველი, სერხიო რამოსი, ლიგა 1-ის მე-18 ტურის მატჩშიც ვერ შეძლებს გუნდის დახმარებას. ამ ინფორმაციას პარიზული გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

გამოდის, რომ 35 წლსი რამოსი “პარი სენ-ჟერმენში” ზედიზედ მეოთხე მატჩს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში გადმოსული ფეხბურთელის დებიუტი ნოემბრის მიწურულს შედგა პოჩეტინოს გუნდში – “სენტ-ეტიენთან” 3:1 მოგებულ შეხვედრაში დებიუტანტმა კვლავ დაზიანება მიიღო.

“მონაკოსთან” გასამართ მნიშვნელოვან შეხვედრას ასევე გამოაკლდებიან: პრესნელ კიმპემბე, ნუნუ მენდეში, ნეიმარი და იულიან დრაქსლერი. მატჩი 12 დეკემბერს, 23:45 საათზე აიღებს სტარტს.

“რუბინმა” ბოლო 11 მატჩიდან 7 წააგო. როგორია კვარაცხელიას სტატისტიკა?

ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინი” საშინელ ფორმაში იმყოფება. რუსეთის პრემიერ ლიგის მე-18 ტურის მატჩში ლეონიდ სლუცკის გუნდი გასვლაზე “კრილია სოვეტოვთან” ანგარიშით 2:0 დამარცხდა.

ქართველი ვარსკვლავის გუნდისთვის ეს ზედიზედ მესამე მარცხი გახლდათ რუსეთის ჩემპიონატში. აღსანიშნავია, რომ ბოლო 11 შეხვედრიდან “რუბინმა” 7 წააგო, ორი კი ფრედ დაასრულა.

რაც შეეხება უშუალოდ ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკას, რუსულ კლუბში ჩატარებულ ბოლო 15 მატჩში მხოლოდ 2 შედეგიანი გადაცემა აქვს დაფიქსირებული.

ამ მომენტისთვის “რუბინი” სატურნირო ცხრილში 22 ქულით მეათე პოზიციას იკავებს.