ძიუდოში ესპანეთის ჩემპიონატი წარმოშობით ორმა ქართველმა მოიგო

6 დეკემბერს, მადრიდში ძიუდოში ესპანეთის ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც ქართველი გულშემატკივრებისათვის საინტერესო შედეგებით დასრულდა.

-90კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ტატო მოსახლიშვილი გახდა, -100კგ წონით კატეგორიაში კი პირველი კვლავაც ნიკოლოზ შერაზადიშვილია. ასევე, წარმოშობით რამდენიმე ქართველი ძიუდოისტი პრიზიორთა სიაში მოხვდა.

-90კგ:
1. ტრისტან მოსახლიშვილი
2. მედიკსონ დელ ორბე
3. ილია ხაბულიანი
3. გოჩა ღვაჩლიანი

-100კგ:
1. ნიკოლოზ შერაზადიშვილი
2. პაბლო ნავარო
3. ალფონსო ფლორენტინო
3. გოჩა ქურდიანი

+100კგ:
1. ვასილე გრიგორასი
2. ალეხანდრო კარერა
3. სანტიაგო ლოპესი
3. მადალინ ოპრინოიუ
5. დავით კევლიშვილი

ქართველმა ფეხბურთელებმა “აპოლონში” სულ 50 წუთი ითამაშეს

კვიპროსული “აპოლონის” ქართველმა შემტევებმა, გიორგი პაპუნაშვილმა და რევაზ ინჯგიამ “აპოლონის” 15 მატჩში სულ შვიდი და 43, ჯამში 50 წუთი ითამაშეს.

პაპუნაშვილი ბოლო ტურში “ეთნიკოსთან” უნდა შესულიყო, მაგრამ “აპოლონმა” გოლი შეაგდო და მწვრთნელმა, ალექსანდრ ცორნიგერმა მისი შეყვანა გადაიფიქრა. პაპუს სულ 7 წუთი აქვს ნათამაშები, ისიც კონფერენციის ლიგაზე “ჟილინასთან”.

ინჯგია “ეთნიკოსთან” 59-ე წუთზე გამოვიდა, თუმცა მანამდე მხოლოდ 12 წუთი ჰქონდა მოედანზე გატარებული.

პაპუს აგენტის, ლევან ზუხბაიას განცხადებით, ფეხბურთელს “აპოლონის” დატოვება გადაწყვეტილი აქვს. ინჯგიას ბედი ჯერ გაურკვეველია.

“აპოლონი” 28 ქულით გათამაშების ლიდერია.

ბათუმის “დინამოს” თბილისის “დინამოს” ფეხბურთელის დამატება სურს

ბათუმის “დინამოს” საჩემპიონო სეზონის შემდეგ მთავარი პრობლემის, ცენტრალური დაცვის გაძლიერება სურს და თბილისის “დინამოდან” დავით კობოურის დამატებას ეცდება.

კობოური ჯერ გიორგი ნემსაძის, შემდეგ კი ცხადაძის გეგმებში არ ჯდებოდა, ძირითადად სკამზე იჯდა და მხოლოდ 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ისიც ბოლო წუთებზე.

კობოური უნივერსალი ფეხბურთელია, შეუძლია ცენტრალურ და მარცხენა მცველად თამაში, 2019 წლის სეზონში კი მარცხენა ნახევარმცველადაც თამაშობდა. დავითი თბილისური აკადემიის აღზრდილია და ირაკლი აზაროვი სწორედ მისი შემცვლელი იყო.

ბათუმში ოლექსანდრ აზაცკის შეცვლა უნდათ, რომელიც ბევრ შეცდომას უშვებდა და ნაკლებად სტაბილური იყო. შეიძლება, გუნდი გაგი მარგველაშვილმაც ან მალხაზ გაგოშიძემ დატოვოს.

თბილისის “დინამოდან” ბათუმის “დინამოში” ბოლოს აზაროვი, დავით ზურაბიანი და გიორგი ზარია გადავიდნენ.

Netflix-ის აღიარება – ნონა გაფრინდაშვილმა ლაზიერი წაიღო

ნონა გაფრინდაშვილის ქართველმა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დღეს ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა და ამერიკაში სარჩელის განხილვის შესახებ ისაუბრა.

სასამართლოზე სერიალ “ლაზიერის გამბიტის” სცენარისტი და მთავარი პროდიუსერი, ფრენკ სკოტი გამოიკითხა.

“სკოტი იძულებული გახდა ეღიარეაბინა, რომ მან სერიალის გადაღებამდე იცოდა სიმართლე ნონა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ, რაც ადასტურებს “ნეფთლიქსის” მიერ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას.”

“ფრენ სკოტი გამოკითხვისას ძალიან აირია. უმრავლეს კითხვებს არ პასუხობა და ამბობდა, რომ არ იცოდა, შემდეგ მისი ადვოკატები ერთვებოდნენ და ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას. მან გარკვევით თქვა, რომ იცოდა ნონა გაფრინდაშვილის რეალურობის შესახებ. ძალიან აირია მის პასუხებში. Netflix სკოტის გამოკითხვის ჩვენება მათ მტკიცებულება სურდა გამოეყენებინა, თუმცა ახლა ჩვენ გამოვიყენებთ მას”- განაცხადა მწარიაშვილმა.

მწარიაშვილის თქმით, ამერიკულმა კომპანიამ საპასუხო შესაგებელი წარადგინა და ფიქრობენ, რომ გაფრინდაშვილის ღირსება და რეპუტაცია არ დაუზიანია. გარდა ამისა, “ლაზიერის გამბიტის” ისტორია გამოგონილია” და მაქსიმუმ რამდენიმე წლით აცდენაზე საუბრობენ.

ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია Netflix-ს სასასამართლოში უჩივის და კომპანიისგან 5 მილიონს ითხოვს.

საქმე ეხება Netflix-ის მიერ გადაღებულ “ლაზიერის გამბიტს”, რომელიც 1983 წლის ნოველაზე არის დაფუძნებული. გამოგონილი პერსონაჟი ბეტი ჰარმონი, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა, ამარცხებს რუსეთის საუკეთესო მოთამაშეებს 1960 წლის ცივი ომის დროს.

მაგრამ ერთი პრობლემაა, რომელსაც ნონა გაფრინდაშვილი აღწერს.

ბოლო ეპიზოდში, ჭადრაკის კომენტატორი ჰარმონზე ამბობს: “ერთადერთი უჩვეულო რამ მის შესახებ, არის მისი სქესი და ეს უნიკალური მაინც არ არის რუსეთში. იქ არის ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიო ჩემპიონი, თუმცა კაცებს არასდროს შეხვედრია”.

ნონას ადვოკატი აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია არასწორია, გარდა ამისა სექსისტური და დამამცირებელია. 1969 წლისთვის, გაფრინდაშვილი 59 კაც მოჭადრაკესთან იყო შენახვედრი, მათ შორის, 10 დიდოსტატთან.

“Netflix-მა განძრახ მოიტყუა გაფრინდაშვილის შესახებ, რათა იაფფასიანი და ცინიკური დრამა შეექმნათ რეიტინგის ასაწევად. გარდა ამისა, გაფრინდაშვილი Netflix-მა რუსად მოიხსენია, როცა იცოდა, რომ ქართველი იყო და საქართველო რუსეთის დომინაციის ქვეშ იყო საბჭოთა კავშირის დროს”, – აცხადებს ადვოკატი.

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს

საქართველოს ნაკრების და “ულსან ჰიუნდაის” 28 წლის ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის K1 ლიგის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს.

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გუნდის მთავარ მწვრთნელს, სამწვრთნელო შტაბს და ყველა ფეხბუთელს. ძალიან ბედნიერი ვარ ამ პრიზით და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს”, – განაცხადა ვაკომ ჯილდოს მიღებისას.

ყაზაიშვილმა 34 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.

 

ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

იბრაჰიმოვიჩი: ‘ჩალჰანოღლუმ კრისტიან ერიქსენის ტრაგედიით ისარგებლა’

“მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ ჰაკან ჩალჰანოღლუმ კრისტიან ერიქსენის ტრაგედიით ისარგებლა.

როგორც იცით, თურქმა ნახევარმცველმა ივნისში “როსონერისთან” კონტრაქტი არ გაახანგძლივა და “ინტერში” გადავიდა. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც “ნერაძურის” შემტევმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა ევრო 2020-ზე “დიდი დარტყმა” მიიღო.

7 ნოემბერს გამართულ “დელა მადონინაში” ჩალჰანოღლუმ ყოფილ გუნდს გოლი გაუტანა, რომელიც პროვოკაციულად აღნიშნა. აღსანიშნავია, რომ ალექსის სალემაკერსი ერთადერთი “მილანელი” იყო, რომელიც ჰაკანს თბილად შეხვდა.

რამდენიმე დღის წინ იბრაჰიმოვიჩის ახალი წიგნის “ადრენალინას” გაყიდვა დაიწყო. ერთ-ერთ თავში, ზლატანი საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოხვდა ჩალჰანოღლუ “ინტერში”.

რას წერს ზლატანი?

“მას მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისათვის, რაც ჩვენი გუნდისათვის გააკეთა და მომავალში წარმატება ვუსურვოთ. ცუდად ჟღერს, მაგრამ ჩალჰანოღლუმ ტრაგიკული სიტუაციით ისარგებლა. მას შემოთავაზება არც “ინტერიდან” და არც სხვა რომელიმე კლუბიდან ჰქონია.

ის კარგი ბიჭია და ჩემი წყალობით, მოუმატა და უფრო თავდაჯერებული გახდა. ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, მას და რებიჩს მივწერე: “იბრას გარეშე რთულია, არა?” მათ კი ღიმილით მიპასუხეს. გუნდში ჩემი მისვლის შემდეგ, ჩალჰანოღლუს სტატისტიკა გაიზარდა. მას ყოველთვის ვეხუმრებოდი: “ჩემი შეცდომა იქნება, თუ “მილანი” დარჩენას შემოგთავაზებს, რადგან მე შენ დიდებული გაგხადე”,” – წერს იბრაჰიმოვიჩი.

ლევანდოვსკი: “ვისურვებდი, მესის სიტყვები ცარიელი არ ყოფილიყო”

“ბაიერნის” თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ 2021 წლის ოქროს ბურთი დაჯილდოვების შესახებ ისაუბრა.

პოლონელმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა ლიონელ მესის იმ სიტყვებზე, როცა არგენტინელი ამბობდა, რომ 2020 წლის ოქროს ბურთი სწორედ ლევანდოვსკის უნდა გადასცენ.

“ვერ უარვყოფ, ნაწყენი დავრჩი, რომ ოქროს ბურთი ვერ მივიღე. ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვიყავი. მესისა და მის მიღწევებს დიდ პატივს ვცემ. ის ფაქტი, რომ მე მასთან კონკურენციაში ვიყავი, იმას ნიშნავს, თუ რა დონეზე ვარ.

არ ვარ იმ აზრით აღფრთოვანებული, რომ ახლა 2020 წლის ოქროს ბურთი უნდა გადმომცენ. ვისურვებდი, მესის განცხადება გულწრფელი ყოფილიყო და მისი ეს სიტყვები ცარიელი არ იყოს”, – უთხრა ლევანდოვსკიმ Kanale Sportowym-ს.

“ანორთოსისი” ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა

22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ნიკა ნინუამ “ანორთოსისი” დატოვა და “პაოკში” დაბრუნდა.

ნინუა “ანორთოსისში” სექტემბერში გადავიდა, მაგრამ მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

“არც ჩვენ და არც ის არის კმაყოფილი ამ სიტუაციით” – განაცხადა ქეცბაიამ 3 კვირის წინ და მას შემდეგ ფეხბურთელი განაცხადშიც ვერ ხვდებოდა.

ჯერჯერობით, ნიკა “პაოკში” დაბრუნდება და დანარჩენი უახლოეს მომავალში გადაწყდება.

“ანორთოსისში” მხოლოდ 2 ქართველი მოთამაშე – გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა დარჩნენ.

“ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის მცირედით კმაყოფილდებიან”

30 წლის ლევან ყენიამ, რომელიც ახლა გერმანიის მე-4 ლიგელ “იურდიგენში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტია, “პირველი არხის” “საფეხბურთო ტაიმ-აუტში” ქართველი ფეხბურთელების პრობლემატიკაზე ისაუბრა.

“ადრინდელივით წამყვან ლიგებში მოთამაშეები აღარ გვყავს. ეს იმიტომ ხდება, რომ ქართულ ბავშვთა ფეხბურთში ძალიან დაბალი კონკურენცია და წნეხია. მხოლოდ “დინამოს”, “ლოკომოტივს” და “საბურთალოს” აქვთ აკადემიები და ეს საკმარისი არ არის, დიდი დატვირთვა არ აქვთ. გერმანიაში 17-19 წლამდელებში დიდი კონკურენცია და ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან, ასე ვითარდებიან.”

“ბოლოს საბურთალოში” ვთამაშობდი და ახალგაზრდებს შევატყვე, რომ მიღწეულით მარტივად კმაყოფილდებოდნენ. ფიქრობდნენ, ადგილი გარანტირებული ჰქონდათ, ნიჭიერები იყვნენ და ნაკლის გამოსწორებაზე აღარ მუშაობდნენ. ცალკე საკითხია, რომ გუნდშიც არ გეუბნებიან, რა მინუსები გაქვს და როგორ გამოასწორო. სისტემა არ გვაქვს ფეხბურთელის აღზრდის, ამიტომ საჭიროა გვერდით ახალგაზრდა ფეხბურთელს გამოცდილი ლეგიონერი ჰყავდეს და მისგან ისწავლოს. მხოლოდ 6 თვის მაღალ დონეზე თამაში საკმარისი არ არის. საუკეთესოებში თუ საუკეთესო არ ხარ, ევროპაში ადგილს ვერ დაიმკვიდრებ. მეტი კონკურენცია და წნეხია საჭირო”

“საქართველოდან “შალკეში” რომ მოვხვდი, თავი სულ სხვა სამყაროში მეგონა., სულ სხვა მიდგომები და დატვირთვები იყო. დაახლოებით ბავშვი საბავშვო ბაღიდან რომ გამოიყვანო და ბანკში შეიყვანო ისეა. ცოტა ხანი ვქაჩავთ, მერე იწყება ტრავმები და პრობლემები”

“თუ დიდი ფეხბურთის თამაში გინდა, ქართულ მენტალიტეტს როგორ ვერ უნდა მოუარო? ყველამ საკუთარ თავს უნდა დააძალოს. ზოგიერთი ასეა – ევროპას ნახავს, ცოტა ფულს იშოვის, რამდენიმე გოლს გაიტანს, თავში აუვარდება, მცირედით დაკმაყოფილდება და მისი ამოცანა ამოწურულია. რონალდუს გოლის გატანა დღესაც ისე უხარია, როგორც პირველის. ზოგი მარტივად კმაყოფილდება, ზოგი – არა. მთავარი პრობლემა კონკურენციაა”, – განაცხადა ყენიამ.

ლევან ყენია ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ტალანტად ითვლებოდა, თუმცა ტრავმების გამო მისი კარიერა სათანადოდ ვერ აეწყო და 30 წლის ასაკში უკვე  მწვრთნელობას შეუდგა.

“თუ ასე გააგრძელა, გაუშვებენ” – ქეცბაიას რთული დრო უდგას

თემურ ქეცბაიას “ანორთოსისმა” ბოლო მატჩი 2-3 წააგო და 11 ტურის შემდეგ ცხრილში 13 ქულით მერვე ადგილზე აღმოჩნდა. ლიდერებთან, “აპოლონთან” და “აეკთან” ჩამორჩენა 15-14 ქულაა.

ორი კვირის წინ “ანორთოსისის” გასახდელში ბუცები და ბოთლები დაფრინავდა. თემური ყველა წაგებას და ცუდ თამაშს თავის შეგირდებს აბრალებს, როცა მათი უმრავლესობა სწორედ ქეცბაიას მოთხოვნით არიან მოყვანილნი. კაჭარავასთან შერიგება მოხდა, თუმცა “პაოკიდან” იჯარით გადმოსული ნიკა ნინუა ძალიან დიდი ხანია არ გამოჩენილა.

Sport Time-ის ცნობით, თუ რამე არ შეიცვალა და “ანორთოსისმა” მოგებები არ დაიწყო, “ანორთოსისი” ქეცბას ამდენს აღარ მოუთმენს და პრეზიდენტს რადიკალური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

ქეცბაია კლუბს სათავეში მეორედ 2019 წელს ჩაუდგა და გასულ სეზონში კვიპროსის თასის მოგება მოახერხა.

 

“ვალენსია” ახალ მეკარეში 15 მილიონზე მეტს იხდის – მამარდა?

თურქული პრესის (Turkgun) ინფორმაციით, “ვალენსია” გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ მიუბრუნდა “ტრაბზონის” მეკარე უგურჯან ჩაქირს და მზად არის მასში 17-20 მილიონი ევრო გადაიხადოს.

“ვალენსიას” პირველი შეთავაზება 5 მილიონი ევრო იჯარაში და 12 მილიონი გამოსყიდვის შემთხვევაში, “ტრაბზონმა” უარყო და ჩაქირში პირდაპირ მინიმუმ 20 მილიონ ევროს ითხოვენ.

ჩაქირი თურქეთის ეროვნული ნაკრების ძირითადი მეკარე და “ტრაბზონის” კაპიტანია და თურქეთის სუპერ ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია მირალემ პიანიჩის მერე.

“ვალენსიაში” ახლა 4 მეკარე ირიცხება – სილესენი ძირითადის შეუცვლელ წევრად იქცა, მამარდაშვილმა კი ბოლოს სექტემბერში ითამაშა და თასზეც არ გამოსულა.

მაშინ როცა 2 თვის წინ გადაწყვეტილი იყო, რომ “ღამურები” ქართველის გამოსასყიდ თანხას, 800 ათას ევროს დეკემბრის ბოლოს აუცილებლად გადაიხდიდნენ, ეს საკითხი უფრო მეტად სათუო ხდება და თუ თურქი გოლკიპერი ესპანეთში წამოვიდა, შესაძლოა, მამარდა აღარ დაიტოვონ.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა და განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე

7 დეკემბრიდან უზბეკეთი 2021 წლის ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები მსოფლიო პირველობაზე 10 სპორტსმენით იასპარეზებს.

გიორგი ასანიძის გუნდი ტაშკენტში 7 დეკემბერს, დილით მიემგზავრება, შეჯიბრში კი 9 დეკემბრიდან ჩაერთვება.

გთავაზობთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობასა და განრიგს:

9 დეკემბერი, 18:00 საათი
61კგ: შოთა მიშველიძე, რამინ შამილაშვილი

10 დეკემბერი, 18:00 საათი
73კგ: კახი ასანიძე

13 დეკემბერი, 15:00 საათი
89კგ: რევაზ დავითაძე

14 დეკემბერი, 07:30 საათი
96კგ: ირაკლი გობეჯიშვილი

14 დეკემბერი, 12:00 საათი
96კგ: ანტონ პლესნოი

15 დეკემბერი, 12:00 საათი
102კგ: ზაზა ლომთაძე, ირაკლი ჩხეიძე

17 დეკემბერი, 09:00 საათი
+109კგ: ბაქარ თურმანიძე

17 დეკემბერი, 15:00 საათი
+109კგ: ლაშა ტალახაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ასანიძე
მწვრთნელები: ავთო გახოკიძე, გია ცირეკიძე
ექიმი: გიორგი ჭინჭარაული
მასაჟისტი: რუსლან ღიბრაძე

2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.