საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიასთან 11-0 დამარცხდა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 მატჩი ჩაატარა და ირლანდიასთან 11-0 განადგურდა.

პირველი ტაიმი 4-0 დავთმეთ, მე-2 ნახევარში 7 ბურთი მივიღეთ. 70-ე წუთზე მოედანზე 10 კაცით დავრჩით.

5 გუნდიან ჯგუფში 0 ქულით, 0 გატანილი და 20 მიღებული გოლით ბოლო ადგილზე ვართ.

კამბიასო: “2010 წლიდან ინდივიდუალურ ჯილდოებზე ფიქრი შევწყვიტე”

ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ესტებან კამბიასომ 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე კომენტარი გააკეთა. “ინტერის” ყოფილმა ნახევარმცველმა Sky Sport-ის სტუდიაში თქვა, რომ 2010 წლის შემდეგ ის ინდივუდუალურ ჯილდოებს ყურადღებას აღარ აქცევს.

“2010 წლის შემდეგ, ოფიციალურად, ინდივიდუალურ ჯილდოებზე ფიქრი შევწყვიტე. მაშინ, როცა გავაანალიზე, რომ დიეგო მილიტო 30 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაც კი ვერ მოხვდა, ვთქვი, რომ დაჯილდოვებების პრინციპს ვერ გავუგებდი”, – განაცხადა კამბიასომ.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ჩემპიონთა ლიგა “ინტერმა” მოიგო. ამ სეზონში გამორჩეული იყო მილიტო, მან ფინალში “ბაიერნთან” დუბლიც შეასრულა.

“საკუთარ თავს მოჰკითხოს” – ჩაკვეტაძეს საერთოდ აღარ ათამაშებენ

“გენტს” ხვალ ბელგიის თასის 1/8 ფინალში “ლომელთან” თამაში აქვს, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძე გუნდის განაცხადშიც კი არ არის. მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანზაჰებრუკმა ეს სრულიად ჩაკვეტაძეს დააბრალა.

“შეტევაში ძალიან დიდი კონკურენციაა. ის, რომ ის განაცხადში არ არის, ეს მხოლოდ მისი ბრალია. როცა შანსი გაქვს, უნდა გამოიყენო. ჩაკვეტაძე საკმაოდ ნიჭიერია, რომ მუდამ იყოს შემადგენლობაში. ვარჯიშებზე თუ ნახოთ, ზოგჯერ არის დღეები, საერთოდ არაფერს აკეთებს. უკაცრავად, მაგრამ პრობლემებს თავად იქმნის. თუ სურს რამეს მიაღწიოს და ტალანტი არ დაკარგოს, რაღაც უნდა შეცვალოს და გადატვირთოს”, – განაცხადა მწვრთნელმა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მიზეზით გიორგი სანაკრებო შეკრებაზე ვილი სანიოლმაც არ ათამაშა.

კლოპი: “ლევანდოვსკის “ოქროს ბურთს” არასდროს მისცემენ”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა 2021 წლის “ოქროს ბურთის” შესახებ საკუთარი შეხედულება გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ ჯილდოს მფლობელი “პარი სენ-ჟერმენისა” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც აღნიშნული პრიზი კარიერაში მეშვიდედ მოიგო (რეკორდი). მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი მეორე ადგილზე გავიდა.

“ოქროს ბურთს” მოჰამედ სალაჰი იმსახურებდა, ისევე როგორც – რობერტ ლევანდოვსკი. მესისთვის ამ ჯილდოს გადაცემა ყოველ წელს შეიძლება. წელს რობერტმა პრიზი ვერ მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას “ოქროს ბურთს” აღარასდროს მისცემენ”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს “მირორი”.

ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ვეტერანი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა. ამ ინფორმაციას GBF.GE ავრცელებს.

“საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დღეს, 30 ნოემბერს, ორი სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრის – ს/კ რუსთავი-1991-ისა და ს/კ ქუთაისი-2010-ის წარდგინებით, მიიღო განცხადებები ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის დარეგისტრირების შესახებ.

ზემოაღნიშნული ორივე კლუბის წარდგინებით, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ვიქტორ სანიკიძე.

საერთო საარჩევნო კრება დაგეგმილია 2021 წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში (მის:ქ.თბილისი, თავისუფლების მოედანი N4)”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

“იუვენტუსს” სერია B-ში დაქვეითება და ტიტულების ჩამორთმევა ემუქრება

მომხმარებელთა უფლებების დაცვის იტალიური ასოციაცია [CODACONS] “იუვენტუსს” სერია B-ში დაქვეითებითა და ტიტულების ჩამორთმევით ემუქრება. ამის მიზეზი კი ფინანსურ სექტორში აღმოჩენილი დარღვევებია.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, საქმე არასწორ ანგარიშგებასა და არალეგალურ ოპერაციებს ეხება. მსგავსი კითხვის ნიშნები ბოლო სამი წლის განმავლობაში გაფორმებულ დოკუმენტებში ჩნდება.

“იმ შემთხვევაში, თუ “იუვენტუსი” არალეგალური გზებით ახერხებდა უპირატესობის მოპოვებას სხვა კლუბებთან, ბოლო ჩემპიონატების სამართლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამის შედეგად ფედერაციამ შესაბამისი სანქციები უნდა დააწესოს.

ინდივიდუალური პირების დასჯის გარდა, კლუბიც იმსახურებს გარკვეული სახის სასჯელს. სამართლიანობის აღდგენის მიზნით, ჩვენ პროკურატურაში წარვადგენთ ყველა საბუთს და “იუვენტუსის” დაქვეითებას მოვითხოვთ,” – აცხადებს ზემოხსენებული ასოციაციის მმართველი.

რაიოლა “ბარსელონასგან” 40 მილიონს ითხოვს, ჰოლანდის მამა – 20 მილიონს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები დორტმუნდის “ბორუსიას” ვარსკვლავის ტრანსფერზე მუშაობას წყვეტენ. ამის მიზეზად მაღალი საკომისიო გადასახადები სახელდება.

SER Catalunya-ს მიერ მოპოვებული უახლესი ცნობების მიხედვით, “ბლაუგრანა” ჰოლანდზე გეგმავდა სამომავლო პროექტების აწყობას, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ამ გეგმაზე ხელის აღება უწევთ.

ერლინგ ჰოლანდის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 75 მილიონი ევროა მითითებული. ამ თანხის გადახდა “ბარსელონას” შეუძლია, თუმცა მინო რაიოლა დამატებით 40 მილიონ ევროს ითხოვს, ჰოლანდის მამა კი – 20 მილიონს.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა “ბორუსიას” რიგებში 11 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა.

კასილასი მესის მეშვიდე ოქროს ბურთს ნეგატიურად გამოეხმაურა

29 ნოემბერს ლეო მესიმ კარიერაში მეშვიდე ოქროს ბურთი მოიგო. ამასთან დაკავშირებით კომენტარი მადრიდის “რეალის” ლეგენდარულმა მეკარემ, იკერ კასილასმა, გააკეთა.

“უფრო და უფრო მიჭირს ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოების დაფასება.

ჩემი გადმოსახედიდან, მესი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთია ხუთ საუკეთესოს შორის. მაგრამ დროა ვისწავლოთ საუკეთესოთა სიის შედგენა მხოლოდ ერთი კონკრეტული სეზონის შეფასებით. სხვა ფეხბურთელებიც იმსახურებენ ამ ჯილდოს,” – ვკითხულობთ კასილასის განცხადებაში.

მბაპე: “ჩემი მიზანი ერთი ან რამდენიმე ოქროს ბურთის მოგებაა”

“პარი სენ-ჟერმენისა” და საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ, სამომავლო მიზნებზე ისაუბრა. მბაპე გუშინ ოქროს ბურთის ღონისძიებას დაესწრო, სადაც ის საუკეთესო ფეხბურთელთა რეიტინგში მეცხრე ადგილზე გაიყვანეს.

“რა თქმა უნდა, აქ ყოფნაზე ყოველთვის ვოცნებობდი – აქ ხომ ლეგენდები იკრიბებიან. სასიამოვნოა ჩემთვის ასეთ ღონისძიებაზე დასწრება.

რასაკვირველია, ჩემი მიზანი ერთი ან რამდენიმე ოქროს ბურთის მოგებაა. სრულად ვიაზრებ, რომ ეს საკმაოდ გრძელი პროცესი იქნება, თუმცა ჩემი შესაძლებლობების მჯერა და ვიცი, რომ სწორ გზას ვადგავარ,” – განცხადა კილიან მბაპემ.

სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ 2017 წელს ოქროს ბურთისთვის მებრძოლთა რეიტინგსი მბაპე მეშვიდე ადგილზე გავიდა, 2018 წელს – მეოთხეზე, 2019 წელს – მეექვსეზე, ხოლო წელს – მეცხრეზე.

ლევანდოვსკიმ ოქროს ბურთის ცერემონიალის შემდეგ წერილი გამოაქვეყნა

29 ნოემბერს პარიზში ოქროს ბურთის 2021 წლის გამარჯვებულად ლეო მესი დასახელდა. რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა, სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.

“უპირველესყოვლისა, მინდა ლიონელ მესის მივულოცო ოქროს ბურთის მოგება.

მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ჟურნალისტს, რომელმაც ხმა მე მომცა და ჩათვალა, რომ 2021 წელს ჩემი მიღწევები მნიშვნელოვანი და საკმარისად ღირებული იყო.

მე წლის საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი მოვიგე. არავის შეუძლია ინდივიდუალური ჯილდოს მოგება, თუ უკან ძლიერი გუნდი და ლოიალური ფანები არ ჰყავს. მინდა, მადლობა გადავუხადო მიუნხენის “ბაიერნს” ასეთი პლატფორმის შექმნისთვის, რაც ოცნებების ახდენაში მეხმარება. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო პოლონელ თანაგუნდელებს და რა თქმა უნდა, ჩემ ფანებსაც, რომლებიც ყოველდღიურად მხარდაჭერას იჩენენ.

და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მადლობას ვუხდი ჩემ ოჯახს. მადლობა დედას, მადლობა ანა – შენ ჩემი ცხოვრების სიყვარული და საუკეთესო მეგობარი ხარ, მადლობა ჩემ დას მილენას და ყველა იმ მეგობარს, რომლებიც მხარდაჭერას იჩენდნენ.

მადლობა,” – ვკითხულობთ ლევანდოვსკის გზავნილში.

ფანმა ტელევიზორი იმიტომ დაამტვრია, რომ ბენზემამ ოქროს ბურთი ვერ მოიგო (ვიდეო)

კახა ცხადაძე 7 ფეხბურთელს ემშვიდობება

ეროვნული ლიგის გავარდნილ “სამტრედიასთან” “დინამო თბილისმა” 0-0 ითამაშა და მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე განსაკუთრებით გაბრაზებული ჩანდა. მან პირდაპირ მიანიშნა, რომ “დინამოს” ბევრი ფეხბურთელი დატოვებს.

“შეიძლება გადაცემა შეგეშალოს, მაგრამ მონდომება მაინც გეტყობოდეს. იგებდი-აგებდი და ზოგიერთი ფეხბურთელი კონტრაქტს მაინც აგრძელებდა. ეს ასე ვეღარ გაგრძელდება და ბევრი ცვლილება გვექნება”,  – განაცხადა ცხადაძემ.

კახას მოსვლის შემდეგ სათამაშო დრო ნოდარ ქავთარაძეს და დავით კობოურს პრაქტიკულად არ ჰქონდათ. მოედანზე დიდი ხანია აღარ გამოჩენილა ნოდარ იაშვილი და ბოლო დროს საიმონ ბენიოც.

ცხადაძეს, შესაძლოა, მთავარი აქცენტი ბაქარ ქარდავაზე და გიორგი კუციაზე ჰქონდა. მათ გარდა, თბილისიდან , დიდი ალბათობით, ოსეი ბარნსი და ფაბიან სპორსკლედეც წავლენ.

მხოლოდ 1 თამაში გამოუვიდა ჯანო ანანიძეს, რომელმაც მალევე ტრავმა მიიღო და მაისის მერე რეაბილიტაციას გადის. მას კონტრაქტი 31 დეკემბერს ეწურება.

გავრცელებული ცნობით, “დინამოს” პირველი ტრანსფერი “გაგრას” მეკარე დავით კერესელიძეა, რომელმაც კლუბთან 2+1 კონტრაქტი გააფორმა.

ცხადაძე ტრანსფერებს ახალ სპორტულ დირექტორთან, ალექსანდრე რეხვიაშვილთან ერთად განახორციელებს.