ოფიციალურად: ენდი ქეროლი ჩემპიონშიფში ითამაშებს

“ნიუკასლ იუნაიტედისა” და “ლივერპულის” ყოფილი თავდამსხმელი, ენდი ქეროლი, კარიერას ჩემპიონშიფის ბინადარ “რედინგში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, 32 წლის გამოცდილმა თავდამსხმელმა “რედინგთან” ხელშეკრულება 2022 წლის იანვრის თვის შუა რიცხვებამდე დადო.

ენდი ქეროლის ბოლო კლუბი “ნიუკასლი” გახლდათ. მან “კაჭკაჭთა” რიგები გასულ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვა და ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ანრი: “იმედია, ოქროს ბურთს ბენზემა ან კანტე მოიგებს”

ფრანგული ფეხბურთისა და ლონდონის “არსენალის” ლეგენდამ, ტიერი ანრიმ, ოქროს ბურთის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელი მიმდინარე თვის დასასრულს გამოვლინდება.

“რეალისტები ვიყოთ, იმედი მაქვს, რომ ოქროს ბურთს ბენზემა ან ნგოლო კანტე მოიგებს.

2020 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვება რომ არ გაუქმებულიყო, რა თქმა უნდა, რობერტ ლევანდოვსკი მოიგებდა. რასაკვირველია, შეგვიძლია ჟორჟინიოს თემის განხილვაც, რადგანაც მან ყველაფერი მოიგო.

რაც შეეხება ლეო მესის, მან როგორც იქნა კოპა ამერიკა მოიგო. შესაბამისად ისიც ერთ-ერთი ფავორიტია,” – აცხადებს ტიერი ანრი.

იორდანელები ფიქრობენ, რომ ირანის ქალთა ნაკრების მეკარე მამაკაცია

იორდანიის ფეხბურთის ფედერაციამ აზიის საფეხბურთო ასოციაციას მიმართა წერილით, რომ მათ ირანის ქალთა ნაკრების მეკარის ზოჰრენ კოუდაეის სქესი დაადგინონ.

25 სექტემბერს, აზიის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, იორდანიის ნაკრები ირანთან პენალტების სერიაში 2:4 დამარცხდა. კოუდაეიმ ორი თერთმეტმეტრიანის მოგერიება შეძლო.

ამ მატჩიდან რამდენიმე თვის შემდეგ, იორდანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალი ბინ ალ-ჰუსეინმა ირანელთა მეკარის სქესის დადგენა მოითხოვა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა პასუხს გასცემს აზიის საფეხბურთო ასოციაცია და ირანის ფეხბურთის ფედერაცია იორდანიულ მხარეს.

მანჩინი: “იმედი გვაქვს, მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ”

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართული მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, გუშინ, საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში იტალიელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად გამარჯვება სჭირდებოდათ. მანჩინის გუნდმა ჩრდილოეთ ირლანდია ვერ დაამარცხა, უშუალო კონკურენტმა შვეიცარიამ ბულგარეთს 4:0 მოუგო და 2022 წლის მუნდიალის საგზური მოიპოვა. შესაბამისად, იტალია ფლეი-ოფში ითამაშებს.

“ახლა ვეღარაფერს შევცვლით. ყველაფერი მარტში გადაწყდება, ბოლომდე დავიხარჯებით. ამ ეტაპისათვის, გოლების გატან გვიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეებთან ბურთის ფლობაში უპირატესობა გვაქვს. გადამწყვეტ შეხვედრებში ორი პენალტი ვერ გამოვიყენეთ, ეს მატჩები უნდა მოგვეგო.

ახლა მარტისთვის მოვემზადებით და ფლეი-ოფს თავდაჯერებულები შევხვდებით. იმედი გვაქვს, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოვიპოვებთ და შემდეგ მუნდიალსაც მოვიგებთ. მთავარი, მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ და არ აქვს მნიშნელობა, ეს როგორ მოხდება”, – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Goal.Com.

საქართველოში კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება

ორგანიზაცია MAX FIGHT KICKBOXING ატარებს საერთაშორისო ტურნირს კიკბოქსინგში, სადაც სხვადასხვა წონით კატეგორიაში 12 ბრძოლა გაიმართება.

65 კგ წონით კატეგორიაში ჩატარდება საქართველოს გრანპრი, რომელშიც მონაწილეობას ოთხი სპორტსმენი მიიღებს. გამარჯვებულს 5000 ლარი გადაეცემა. ასევე, გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, იხილონ სამი საერთაშორისო ორთაბრძოლა.

ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაცია და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია. ბილეთების შეძენა TKT.GE-ზეა შესაძლებელი.

ღონისძიება თბილისის ოლიმპიურ სპორტის სასახლეში, 20 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

სერია A-ში მსაჯისა და ვიდეორეფერის საუბრის მოსმენა შესაძლებელი იქნება

ჯანლუკა როკი, სერია A-ს მსაჯთა დანაყოფის მმართველი, პრესასთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო სიახლეს აანონსებს. როგორც ჩანს, მალე გულშემატკივრებს მსაჯსა და ვიდეორეფერის ოთახში მყოფი არბიტრების საუბრის მოსმენის საშუალება მიეცემა.

– ვიდეოგამეორებების სისტემა ბრწყინვალე ინსტრუმენტია, თუმცა მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაბალანსებული. თუ ეს არ მოხდება, ვიდეორეფერი, შესაძლოა, მტერიც გამოდგეს.

– არსებობს იმის შანსი, რომ მსაჯისა და ვიდეორეფერის დიალოგები ტრანსლაციის დროს ფანებისთვის ხელმისაწვდომი იყოს?

– უახლოეს მომავალში ასეც იქნება, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ფანებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ მიმდინარეობს გარკვეული მომენტების განხილვა მსაჯებს შორის.

– შეეძლებათ მწვრთნელებს საქმეში ვიდეორეფერის ჩართვის მოთხოვნა?

– ამის წინააღმდეგები არ ვართ, თუმცა თავდაპირველად მწვრთნელების აზრი უნდა მოვისმინოთ.

ილიას ზუროსმა ნაკრებში 18 კალათბურთელი გამოიძახა

26 ნოემბერს მსოფლიოს 2023 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის (FIBA World Cup 2023) საკვალიფიკაციო ტურნირი იწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ამ ტურნირის პირველი ფანჯრის 2 მატჩისთვის გუნდის შერჩევა დაიწყო. ბერძენმა სპეციალისტმა 18-კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც ერთკვირიან მოსამზადებელ პერიოდში ძირითად შემადგენლობას შეარჩევს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 ნოემბერს უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 3 დღეში სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 29 ნოემბერს, ანდალუსიის პროვინციულ ქალაქ ხაენში გაიმართება. ესპანეთსა და უკრაინასთან ერთად ჩვენს ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიაცაა, რომელსაც საქართველოს ნაკრები მომავალ ფანჯრის დროს, თებერვალში ორჯერ შეხვდება: 24-ში თბილისში, ხოლო 27-ში – სკოპიეში.

ილიას ზუროსმა ეროვნულ ნაკრებში 3 ახალწვეული გამოიძახა. ესენი არიან 19 წლის დინამოელი ფორვარდი ნიკოლოზ გაფრინდაშვილი და “ცხუმ-აფხაზეთის” კალათბურთელები – 21 წლის გამთამაშებელი ლუკა მაზიაშვილი და 22 წლის მსუბუქი ფორვარდი ნიკა ჩეჩელაშვილი. სამივე მათგანი გასულ ზაფხულს, თბილისში გამართულ ერთთვიან გენერალურ შეკრებაზე იმყოფებოდნენ, სადაც ჩვენი ნაკრების მწვრთნელები დააინტერესეს და ახლა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსიც ეძლევათ.

ილიას ზუროსმა ნაკრებში ვერ გამოიძახა ეროვნული ნაკრების 2 გამოცდილი მოთამაშე: გიორგი ცინცაძე და დუდა სანაძე. ჩატარებული თამაშების მხრივ ნაკრების რეკორდსმენმა, გიორგი ცინცაძემ მუხლზე ჯვარედინი მყესების ოპერაცია გაიკეთა, ხოლო სანაძეს გადატანილი კორონავირუსის შემდეგ ფორმა არ აღუდგენია.

ჩვენი გუნდი ვარჯიშებს 20 ნოემბრიდან, თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყებს. ეროვნული ნაკრების კანდიდატებს საწყისი 2 დღე მთავარი მწვრთნელის ასისტენტები მოამზადებენ, ხოლო 22 ნოემბრიდან ვარჯიშებს ილიას ზუროსი გაუძღვება. ნაკრებში მთლიანობაში გამოძახებულია 6 ლეგიონერი, უმეტესობას კი საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები შეადგენენ. მომავალ მატჩებში ჩვენს ნაკრებს ესპანურ “მურსიაში” მოთამაშე ამერიკელი კალათბურთელი, თად მაკფადენი დაეხმარება. მთლიანობაში, ნაკრებში ესპანეთში მოთამაშე 4 კალათბურთელი ჩამოვა: მაკფადენი, ბექა ბურჯანაძე, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი შერმადინი. თითო ლეგიონერია რუსეთიდან და საფრანგეთიდან: შესაბამისად, ცსკა-ს წევრი თორნიკე შენგელია და საფრანგეთის MN1 ლიგის კლუბ “ორშიში” მოასპარეზე გიორგი ტურძილაძე.

რაც შეეხებათ ამერიკის პროფესიულ და სტუდენტურ ლიგებში მოთამაშე ქართველ კალათბურთელებს: ევროპული პრაქტიკა არ ითვალისწინებს ამერიკიდან მიმდინარე ჩემპიონატების განმავლობაში კალათბურთელების თავიანთ ნაკრებებში ჩასვლას. ასეთი რამ არც ერთ ეროვნულ გუნდში არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ნაკრებს ჰყავს ამერიკაში მოთამაშე საკმაოდ ძლიერი კალათბურთელები.

უკრაინასთან მატჩის 12-კაციან შემადგენლობას ილიას ზუროსი მატჩის წინა დღეს, 25 ნოემბერს დაასახელებს. თამაშის ღამეს ეროვნული გუნდი გეზს ესპანეთისკენ აიღებს, სადაც 29 ნოემბერს, ქალაქ ხაენში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდება.

მსოფლიოს ჩემპიონატის გათამაშების ფორმატის შესახებ:

ევროპიდან მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირზე სულ 32 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც ჯგუფებში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: სერბეთი, ბელგია, ლატვია, სლოვაკეთი

B ჯგუფი: საბერძნეთი, თურქეთი, ბრიტანეთი, ბელარუსი

C ჯგუფი: სლოვენია, ხორვატია, ფინეთი, შვედეთი

D ჯგუფი: გერმანია, პოლონეთი, ესტონეთი, ისრაელი

E ჯგუფი: საფრანგეთი, უნგრეთი, პორტუგალია, მონტენეგრო

F ჯგუფი: ლიეტუვა, ჩეხეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი

G ჯგუფი: ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია

H ჯგუფი: იტალია, რუსეთი, ნიდერლანდები, ისლანდია

გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფებში თამაშები გაიმართება ორ წრედ (შინ და სტუმრად), რის შემდეგაც, თითოეულიდან 3 საუკეთესო (ჯამში 24 ნაკრები) მეორე ეტაპზე გააღწევს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასული გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდებიან: ჯგუფის სამეული + ჯგუფის სამეული, C ჯგუფის სამეული + ჯგუფის სამეული, E ჯგუფის სამეული + ჯგუფის სამეული, G ჯგუფის სამეული + ჯგუფის სამეული.

ჩვენი ჯგუფიდან გასული 3 გუნდი H ჯგუფის (იტალია, რუსეთი, ისლანდია, ნიდერლანდები) საუკეთესო ტრიოსთან შექმნის ახალ ჯგუფს. ახალ ჯგუფებში მანამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთში არ ითამაშებენ, მათ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ. შესაბამისად, თითოეულ გუნდს სხვა ჯგუფის 3 წარმომადგენელთან მოუწევს 2-2 მატჩის (შინ და სტუმრად) გამართვა. შესაბამისად, თითო გუნდი მეორე ჯგუფურ ეტაპზეც 6 შეხვედრას ჩაატარებს (2022 წლის შემოდგომიდან 2023 წლის ზაფხულამდე) და საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითო ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი (ჯამში 12) მოიპოვებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება.

GBF.GE

ფრანკ კესიეს “რეალსა” და “პარი სენ-ჟერმენში” იწვევენ

ფრანკ კესიემ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში “მილანის” რიგები დატოვოს. კოტ-დიუვარელ ფეხბურთელს იტალიურ გრანდთან ხელშეკრულება მიდმინარე სეზონის ბოლოს ეწურება, კლუბი კი მას ახალ შეთავაზებას არ უკეთებს.

როგორც ცნობილი ხდება, “როსონერი” ფეხბურთელების მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს. კესიეს ხელფასის გაზრდა სურს და დათმობებზე წასვლას არ აპირებს. ამ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა As ადასტურებს.

კესიეს გადაბირების სურვილს მადრიდის “რეალისა” და “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები იჩენენ. დიდი ალბათობით, ნახსენები კლუბები აფრიკელი ნახევარმცველის უფასოდ გადაბირებას შეეცდებიან.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა სერია A-ს 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ორი გატანილი გოლით გამოიჩინა.

მბაპე მე-12 ფეხბურთელი გახდა, რომლის თამაშსაც L’Equipe-მ უმაღლესი შეფასება მისცა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებმა ყაზახეთი რვაბურთიანი სხვაობით გაანადგურა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კილიან მბაპე დასახელდა.

“პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ, ზემოხსენებულ მატჩში ოთხი გოლის გატანა შეძლო. საფრანგეთის ნაკრების მოთამაშემ ბოლოს ასეთი რამ 63 წლის წინ გააკეთა.

ამ მატჩში გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მ მბაპეს თამაში უმაღლესი ქულით შეაფასა. ასეთი შეფასება ისტორიაში მხოლოდ 11 ფეხბურთელს ჰქონდა აქამდე მიღებული.

ფეხბურთელები, რომელთა თამაშიც  L’Equipe-მ 10 ქულით შეაფასა:


  • სერჟ გნაბრი (“ბაიერნი”) – “ტოტენჰემთან” მატჩი, 2019 წელი.
  • ლუკას მოურა (“ტოტენჰემი”) – “აიაქსთან” მატჩი, 2019 წელი.
  • დუშან ტადიჩი (“აიაქსი”) – “რეალთან” მატჩი, 2019 წელი.
  • ნეიმარ ჟუნიორი (“პსჟ”) – “დიჟონთან” მატჩი, 2018 წელი.
  • კარლოს ედუარდო (“ნიცა”) – “გენგამთან” მატჩი, 2014 წელი.
  • რობერტ ლევანდოვსკი (“დორტმუნდი”) – “რეალთან” მატჩი, 2013 წელი.
  • ლეო მესი (“ბარსელონა”) – “არსენალთან” მატჩი, 2010 წელი & “ლევერკუზენთან” – 2012 წელი.
  • ლარს ვინდფელდი (“არჰუსი”) – “ნანტთან” მატჩი, 1997 წელი.
  • ოლეგ სალენკო (რუსეთი) – კამერუნთან მატჩი, 1994 წელი.
  • ბრუნო მარტინი (საფრანგეთი U21) – საბერძნეთთან მატჩი, 1988 წელი.
  • ფრანკ სოზე (საფრანგეთი U21) – საბერძნეთთან მატჩი, 1988 წელი.

დავით ვოლკოვი: ‘რთულია სიტყვებით გადმოსცე ეს ემოცია’

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, დავით ვოლკოვმა უზბეკეთის წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, ვილი სანიოლის გუნდმა უზბეკეთს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი სწორედ ვოლკოვმა გაიტანა.

“ყველას ვულოცავ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვიყავი, როდესაც ნაკრებში გამომიძახეს და ყველანაირად ვცდილობდი ჩემი შანსი გამომეყენებინა. ძალიან გამიხარდა, სასტარტო შემადგენლობაში დაწყება. რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რომელიც ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილ გოლს ახლავს თან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდმა ჩემი გოლით მოიპოვა გამარჯვება. წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ნაკრებს. მიხარია, რომ წელი დადებითად დავასრულეთ”, – ციტირებს 26 წლის ფეხბურთელის სიტყვებს Nakrebi.Ge.

ფოტო: სფფ

მაკედონიელი ტალანტი, შესაძლოა, “რეალში” ან “ბარსელონაში” აღმოჩნდეს

“ნაპოლის” ჩრდილოეთ მაკედონიელი გარემარბი, ელიფ ელმასი, შესაძლოა, ესპანურ გრანდში აღმოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ავრცელებს.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, 22 წლის ფეხბურთელის გადაბირების სურვილს მადრიდის “რეალისა” და კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელები იჩენენ.

იტალიური გამოცემის მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავეყრდნობით, მაკედონიელი ფეხბურთელის ნიჭით კარლო ანჩელოტია მოხიბლული. იტალიელ სპეციალისტს ელმასთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

მიმდინარე სეზონში ელმასმა იტალიის ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გატანილი გოლით გამოიჩინა თავი. მისი დახმარებით ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა ჯგუფში, სადაც გერმანიის ნაკრები იმყოფებოდა, მეორე ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში ითამაშებს.