საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უზბეკეთის წინააღმდეგ

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი უზბეკეთს დაუპირისპირდება.

ცნობილია, როგორი შემადგენლობით დაიწყებს საქართველოს ნაკრები თამაშს:

საქართველო: კუპატაძე, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე, ყაზაიშვილი, დავითაშვილი, ვოლკოვი.

სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი, დვალი, გიორბელიძე, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, აბურჯანია, კვარაცხელია, წიტაიშვილი, ოქრიაშვილი, კაჭარავა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეგიძლიათ.

ზლატანის არასპორტული საქციელი – იბრაჰიმოვიჩს დისკვალიფიკაცია ელის (ვიდეო)

14 ნოემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე შვედეთი მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

მატჩის ბოლო წუთებში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სეზარ ასპილიკუეტას წინააღმდეგ საჯარიმოში უხეშად იმოქმედა. შვედმა თავდამსხმელმა ყვითელი ბარათი მიიღო, რაც პირდაპირი რეპორტაჟის დროს არ უჩვენებიათ.

როგორც იცით, შვედეთს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ფლეი-ოფში გამარჯვება სჭირდებათ. იქიდან გამომდინარე, რომ ზლატანს ამ შესარჩევ ციკლში ორი ყვითელი ბარათი მოუგროვდა, ის ფლეი-ოფს დისკვალიფიცირებული შეხვდება. იბრაჰიმოვიჩმა პირველი გაფრთხილება 25 მარტს, საქართველოს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო.

რონალდუს ჟესტი სერბეთთან მარცხის შემდეგ – სანტუშმა კომენტარი გააკეთა

14 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე A ჯგუფის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. ერთმანეთს ლიდერები პორტუგალია და სერბეთი დაუპირისპირდნენ. ეს შეხვედრა წყვეტდა, რომელი გუნდი მოიპოვებდა 2022 წლის მუნდიალის საგზურს.

ლისაბონში გამართული მატჩი სერბების გამარჯვებით (1:2) დასრულდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სერბეთი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, პორტუგალიას კი საგზურისათვის ბრძოლა ფლეი-ოფში მოუწევს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კამერებმა გაბრაზებული კრიშტიანო რონალდუ დააფიქსირეს, რომელიც მთავარი მწვრთნელის, ფერნანდუ სანტუშის მისამართით უკმაყოფილებას გამოთქვამდა. პრესკონფერენციაზე 67 წლის სპეციალისტს შეკითხვა ამ ეპიზოდზეც დაუსვეს.

“კრიშტიანო სერბ ფეხბურთელს ეუბნებოდა, რომ სერბეთში მსაჯმა ბოლო წუთზე გატანილი გოლი არ ჩათვალა. ის განრისხებული იყო, რაც ნორმალურია. მე მოედანზე გავედი, რათა ბიჭებისათვის თავი მაღლა ამეწია”, – განაცხადა სანტუშმა.

როგორ მიულოცეს დიბალას დაბადების დღე არგენტინის ნაკრებში (ვიდეო)

არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილიასთან გასამართი შეხვედრისათვის ემზადება.

15 ნოემბერს, პაულო დიბალა 28 წლის გახდა. შემტევ ნახევარმცველს შეკრებაზე მყოფმა თანაგუნდელებმა დაბადების დღე გვიან, ღამით მიულოცეს.

“ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, ესპანეთზე უკეთესი შანსები გვქონდა” – ზლატანი მარცხის შემდეგ

შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ესპანეთთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთმა შვედეთი საკუთარ მოედანზე მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. B ჯგუფიდან მუნდიალის საგზური სწორედ ესპანელებმა მოიპოვეს, შვედებს კი ფლეი-ოფში თამაში მოუწევთ.

“ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, ძალიან კარგი. შეცდომა დავუშვით, რომელიც მეტოქემ გამოიყენა და გოლი გაგვიტანა. კარგი საგოლე მომენტები გვქონდა, ესპანეთზე უკეთესები. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. ასეთ გუნდებთან ყველა შანსი უნდა გამოიყენო. რა თქმა უნდა, ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ. დაველოდებით, ვინ შეგვხვდება ფლეი-ოფში, თუმცა იქამდე დიდი დროა. მე ისიც კი არ ვიცი, ფლეი-ოფის დროს ცოცხალი ვიქნები თუ არა”, – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს fotbollskanalen.se.

შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა შვედეთი ბათუმში 2:0 დაამარცხა, რითაც იანე ანდერსენის გუნდს საქმე ძალიან გაურთულა.

მიტროვიჩმა პორტუგალიას 90-ე წუთზე გაუტანა – სერბეთი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს! (ვიდეო)

14 ნოემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, A ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთმანეთს ჯგუფის ლიდერები – პორტუგალია და სერბეთი დაუპირისპირდნენ.

ამ მატჩამდე ორივე გუნდს 17-17 ქულა ჰქონდა და ყველაფერს სწორედ ეს მატჩი წყვეტდა. საბოლოო შედეგი 90-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა ალეკსანდრ მიტროვიჩმა მასპინძელთა კარში გოლი გაიტანა და ანგარიში 1:2 გახადა.

სერბეთი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე გავიდა, პორტუგალიის ნაკრებს კი ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში გამარჯვება დასჭირდება.

იხილეთ მიტროვიჩის გოლი

“ლიპო, შემოგვხედე, ვიდეოს ვიღებთ” – კურიოზი გერმანიის ბუნდესლიგაში (ვიდეო)

14 ნოემბერს ქართველმა ძიუდოისტებმა გერმანიის ბუნდესლიგაში მიიღეს მონაწილეობა. ერთ-ერთი კლუბის რიგებში იჭიდავა ვარლამ ლიპარტელიანმაც.

ლიპარტელიანის შეხვედრისას, როცა მას მეტოქე შებოჭვაზე ჰყავდა დაჭერილი, გელა ზაალიშვილი ვიდეოს იღებდა, რომელიც მან სოციალურ ქსელში განათავსა.

იხილეთ ვიდეო

საქართველოს ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძეც გამოაკლდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები 15 ნოემბერს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკეთს დაუპირისპირდება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ვილი სანიოლმა ფეხბურთელები “ზესტაფონის” თბილისის ზღვის ბაზაზე ავარჯიშა. გუნდთან ერთად არ უვარჯიშია გიორგი ჩაკვეტაძეს. “გენტის” ქართველი ლეგიონერი უზბეკეთის წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს გასულ დღეებში ლუკა ლოჩოშვილი და ჯაბა კანკავაც გამოაკლდნენ.

ფოტო: სფფ

მერაბ შარიქაძე: “გთხოვთ, უყურეთ თამაშს, ეს არ იყო სამართლიანი მსაჯობა!”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ საფრანგეთთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, ქალაქ ბორდოში გამართული შეხვედრა ფრანგების გამარჯვებით, 41:15 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე, შარიქაძემ მსაჯებზე ისაუბრა.

“მე არ მიყვარს მსაჯებზე საუბარი. ასეთ თამაშებში მსაჯს დიდი გავლენა აქვს. ყველამ ვიცით, რომ საფრანგეთი ჩვენზე ძლიერია, ამიტომ მათ დახმარება ისედაც აღარ სჭირდებათ. ვფიქრობ, მსაჯი ჩვენს მიმართ ძალიან მკაცრი იყო. ის ჩვენ გვაჯარიმებდა, მეტოქეს – არა. თუ ამ მატჩს თავიდან უყურებთ, დარწმუნებული ვარ, ნახავთ, რომ მან ფრანგები ძალიან ბევრჯერ არ დააჯარიმა. გთხოვთ, უყურეთ თამაშს და გაანალიზეთ. ეს ნამდვილად არ იყო სამართლიანი.

ჩვენთვის, ეს ყოველი ძალიან იმედგამაცრუებელია, რადგან ასეთ შეხვედრებში მონაწილეობის მიღების საშუალება ხშირად არ გვეძლევა. ვცდილობთ, მოედანზე 100 პროცენტით დავიხარჯოთ და ძალიან სამწუხაროა, რომ ვიღაც მთელი თამაშის განმავლობაში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და დიდი ანგარიშით მარცხდები. რა თქმა უნდა, შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო ჯერზე უკეთესი მსაჯობა იქნება”, – განაცხადა შარიქაძემ.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 20 ნოემბერს, მადრიდში, ფიჯის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სანიოლი: ‘ვოლკოვი ჯერ ისევ ჰაერშია და როცა დაბრუნდება, დაველაპარაკები’

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა უზბეკეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე დავით ვოლკოვის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“ვოლკოვთან ჯერ არ მისაუბრია. ის ჯერ კიდევ ჰაერშია და როცა დაბრუნდება, დაველაპარაკები. გამოჩნდა, რომ ის სანაკრებო შანსს აქამდეც იმსახურებდა, ამიტომ ჩემს თავზე ცოტათი გაბრაზებული ვარ”, – თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ვოლკოვს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 11 ნოემბერს, შვედეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ჰქონდა.

დეპაი ნიდერლანდების ნაკრების ბომბარდირთა რეიტინგში დაწინაურდა

13 ნოემბერს ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრებმა გასვლაზე მონტენეგროს ნაკრებთან ითამაშა. ნარინჯისფრები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ მე-80 წუთამდე, თუმცა მას შემდეგ გუნდმა ორი გოლი გაუშვა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

მატჩში ანგარიში შეხვედრის 25-ე წუთზე მემფის დეპაიმ გახსნა. 54-ე წუთზე “ბარსელონას” თავდამსხმელმა დუბლი გაიფორმა, რითიც ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა რეიტინგში დაწინაურდა.

27 წლის მემფის დეპაიმ რუდ ვან ნისტელროის შედეგი გააუმჯობესა და 37 გატანილი გოლით ახლა რეიტინგში მეოთხე პოზიციას იყოფ არიენ რობენთან და დენის ბერგკამპთან. მათ წინ კი პატრიკ კლიუვერტი (40), კლას-იან ჰუნტელაარი (42) და რობინ ვან პერსი (50) იმყოფებიან.