ჯაბა პაპინაშვილმა ბაქოს გრან სლემი მოიგო – ქართველმა ფინალში რუსი დაამარცხა! (ვიდეო)

5 ნოემბერს, ბაქოს გრან სლემზე, -60 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს ჯაბა პაპინაშვილი დაეუფლა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა, ფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ალბერტ ოგუზოვს ვაზარით მოუგო.

იხილეთ ვიდეო

ტუხელი “ჩელსისგან” კინგსლი კომანის ტრანსფერს ითხოვს

მიუნხენის “ბაიერნის” ვარსკვლავ კინგსლი კომანს სატრანსფერო ფანჯარაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ფრანგ ფეხბურთელს “ბავარიულ” დომინაციასა და უცხოურ გამოწვევებს შორის მოუწევს არჩევნის გაკეთება.

გერმანული ტაბლოიდი BILD ადასტურებს ინფორმაციას კომანის მიმართ დაინტერესებების არსებობის შესახებ. ტომას ტუხელს ძალიან სურს ფრანგი ფეხბურთელის თავის კლუბში ხილვა და ხელმძღვანელებს უკვე ესაუბრა შესაძლო ტრანსფერის შესახებ.

“რეკორდმაისტერი” კინგსლი კომანის გაშვებას 65 მილიონ ევროზე ნაკლები თანხის სანაცვლოდ არ აპირებს. ბავარიული გრანდი კომანს ახალ ხელშეკრულებასაც სთავაზობს.

აქვე გეტყვით, რომ კომანის გადაბირების სურვილს “ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტაც, გამოთქვამს.

ანტონიო კონტემ “ტოტენჰემში” სადებიუტო მატჩი შეაფასა

4 ნოემბერს ანტონიო კონტემ ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის ამპლუაში პირველი მატჩი გამართა. “სპურსმა” საკუთარ კედლებში არნემის “ვიტესი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3-2 დაამარცხა.

მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოდგა: საწყისი ნახევარი საათის შემდეგ ანგარიში 3-0 გახლდათ მასპინძელთა სასარგებლოდ. ამის შემდეგ შვიდ წუთში ნიდერლანდურმა კლუბმა მეტოქეს ორი გოლი გაუტანა. შეხვედრის დარჩენილ დროში მაყურებელმა სამი წითელი ბარათი იხილა.

“გიჟური მატჩი იყო. ჩვეულებრივ, ასეთი მატჩები არ მომწონს, რადგან გიჟურ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა ამავდროულად მომწონს ის ფაქტი, რომ ასეთ მოცემულობაში გამარჯვება მოვიპოვეთ.

გავუშვით ორი გოლი, რომელთა თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. წითელი ბარათის მიღების შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა. რთულ მდგომარეობაში მოგება ამ ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანი რამ იყო.

ამ გუნდს თავდაჯერებულობა სჭირდება. ბევრი უნდა იმუშავონ. “ევერტონთან” მატჩამდე ორი დღეა დარჩენილი, რის შემდეგაც სანაკრებო შესვენება მოდის. როგორმე დრო უნდა გამოვნახოთ სამუშაოდ.

რა თქმა უნდა, ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი. დღეს ვერ ვიმუშავებ ფეხბურთელებთან, რომლებმაც ამდენი ენერგია დახარჯეს. მათ უნდა დაისვენონ და მომდევნო მატჩისთვის ფსიქოლოგიურად მოემზადონ,” – აცხადებს კონტე.

ლუის სუარესი ლევანდოვსკის თავისი ოქროს ბურთის ჩუქებას დაჰპირდა

ოქროს ბურთის მფლობელი ლუის სუარესი იმდენად არის რობერტ ლევანდოვსკის თამაშით მოხიბლული, რომ მზად არის თავისი ოქროს ბურთი პოლონელ ვარსკვლავს აჩუქოს.

როგორც იცით, რობერტ ლევანდოვსკი 2021 წლის ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, მაგრამ მას ლეო მესის სახით ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავს. გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წელს ოქროს ბურთი არ გაიცა, ბევრი თვლის, რომ უსამართლობა იქნება, თუ წელს მას რობერტი ვერ მოიგებს.

Carrusel Deportivo-სთან საუბრისას ლუის სუარესმა ასეთი რამ განაცხადა: “ჯანდაბა! მიეცით ლევანდოვსკის ოქროს ბურთი. თუ არ მოგცემენ, მე მოგცცემ ჩემსას!”

რობერტ ლევანდოვსკიმ 2020 წელს 55 გოლის გატანა შეძლო და “ბაიერნთან” ერთად ტრიპლეტი მოიგო (ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით). მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 16 მატჩში გატანილი 22 გოლია დაგროვებული.

“ნიუკასლს” ედი ჰაუ გაწვრთნის

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემები უკვე ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უახლოეს მომავალში “ნიუკასლ იუნაიტედი” ედი ჰაუს გუნდის მთავარ მწვრთნელად წარადგენს.

Sky Sports-ის ცნობით, მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. “კაჭკაჭები” 43 წლის სპეციალისტს 2.5-წლიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ.

შეგახსენებთ, რომ ედი ჰაუს “ბარნლისა” და “ბორნმუთის” თავკაცად მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს. მან “ალუბლები” გასული წლის ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.

ედი ჰაუს კანდიდატურა “ნიუკასლის” ახალმა მფლობელებმა წამოწიეს წინ. მათ მოსწონს ინგლისელი სპეციალისტის ხედვები სამომავლო პროექტთან დაკავშირებით.

“ბიუდე-გლიმტის” მეკარეს პრემიერ ლიგაში იწვევენ

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, “ნორვიჩ სიტისა” და “უოტფორდის” ხელმძღვანელები “ბიუდე-გლიმტის” მეკარის, ნიკიტა ჰაიკინის, გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.

26 წლის მეკარემ ევროსარბიელზე ნორვეგიულ კლუბში თამაშით არაერთი ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო. პრემიერ ლიგის ზემოხსენებული კლუბების მსგავსად, “რომასა” და “ბიუდე-გლიმტის” მატჩზე (2-2) წარმომადგენლები ჩემპიონშიფის რამდენიმე კლუბმაც გააგზავნა.

ჰაიკინს ლონდონის “ჩელსიში” ყოფნის გამოცდილებაც აქვს. მეკარე, რომელიც ახლახან გამოიძახეს რუსეთის ნაკრებში, ინგლისურ პასპორტსაც ფლობს, რაც ბრიტანეთში მის ტრანსფერს აადვილებს.

“თამაშს უყურეთ?” – ჟოზე მოურინიოსა და ჟურნალისტის საუბარი მატჩის შემდეგ (ვიდეო)

4 ნოემბერს, უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “რომა” საკუთარ მოედანზე “ბიუდე-გლიმტს” დაუპირისპირდა და ფრე 2:2 ითამაშა.

მატჩის დასრულების შემდეგ, რომაელთა მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მსაჯების გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო იყო. პორტუგალიელ სპეციალისტსა და ჟურნალისტს შორის ასეთი საუბარი შედგა.

ჟურნალისტი: “როგორ შეაფასებთ დღეს “სტადიო ოლიმპიკოზე” გამართულ მატჩს?
მოურინიო: “მსაჯმა უნდა შეაფასოს, მაგრამ ისინი არ საუბრობენ.”

ჟურნალისტი: “რა გააკეთა მსაჯმა არასწორად?”
მოურინიო: “თამაშს უყურეთ?”

ჟურნალისტი: “დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ მე მინდა ეს თქვენგან მოვისმინო.
მოურინიო: “თქვენ თქვით.”

ჟურნალისტი: “არა, მითხარით. მინდა, ეს “რომას” მწვრთნელისგან მოვისმინო.”
მოურინიო: “არა, თქვენ თქვით. არა, თქვენ თქვით.”

ჟურნალისტი: “გულისხმობთ, რომ პენალტები უნდა დანიშნულიყო?”
მოურინიო: “ეს ხომ იცით, არა?”

ჟურნალისტი: “არა, თქვენ გულისხმობთ, რომ პენალტები უნდა დანიშნულიყო?”
მოურინიო: “და თქვენ?”

ჟურნალისტი: “რომელ სიტუაციაში დაინახეთ, რომ პენალტი უნდა ყოფილიყო? მინდა, ეს “რომას” მწვრთნელისაგან მოვისმინო.”
მოურინიო: “თქვენ ვერ დაინახეთ?”

ჟურნალისტი: “მე ჩვეულებრივი ჟურნალისტი ვარ.”
მოურინიო: “არა, მითხარით, რა დაინახეთ.”

ჟურნალისტი: “მე არ შემეძლო დამენახა, ძალიან შორს ვიჯექი, ამიტომ თქვენ უნდა მითხრათ.”
მოურინიო: “ეკრანზეც ვერ დაინახეთ? მატჩის შემდეგაც არ გინახავთ?”

დღეს ევროპის ჩემპიონატი იწყება – საქართველოს 23-წლამდე ნაკრების შემადგენლობა

დღეს, 5 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშთი 23-წლამდე ძიუდოისტებს შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე ძლიერი შემადგენლობით იასპარეზებს.

-66კგ: გიორგი თუთაშვილი,
-73კგ: ალეკო მამიაშვილი,
-81კგ: ვლადიმერ ახალკაცი, ტატო გრიგალაშვილი,
-90კგ: ნიკა ხარაზიშვილი,
-100კგ: ილია სულამანიძე, გიორგი ჩიქოვანი,
+100კგ: გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი.

-48კგ: ნატალია ყიფშიძე,
-57კგ: ეთერ ლიპარტელიანი,
-70კგ: ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია,
+78კგ: სოფიო სომხიშვილი.

წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი 20:00 საათზე აიღებს სტარტს.

ჩაკვეტაძემ კონფერენს ლიგაზე საგოლე გადაცემა გააკეთა (ვიდეო)

ევროპის კონფერენს ლიგაზე B ჯგუფის ლიდერები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. “გენტისა” და “პარტიზანის” შეხვედრა ამჯერად ფრედ, 1-1 დასრულდა. ამ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

იხილეთ ვიდეო

ერიქსენი, შესაძლოა, “აიაქსში” ვიხილოთ

დანიის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი, კრისტიან ერიქსენი, ზაფხულში მომხდარის შემდეგ, შესაძლოა, მოედანს დაუბრუნდეს. უცხოურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მისი ტრანსფერით ამსტერდამის “აიაქსია” დაინტერესებული.

როგორც იცით, ერიქსენს, რომელმაც ევრო 2020-ის მიმდინარეობისას გულის შეტევა მიიღო, იტალიის ჩემპიონატში თამაშის საშუალებას არ აძლევენ. კრისტიანი დეფიბრილატორს იყენებს, იტალიაში კი ასე თამაში აკრძალულია.

ნიდერლანდებში კი მსგავსი შეზღუდვები არ მოქმედებს და ორმხრივი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში კრისტიანი თამაშს შეძლებს. “ინტერმა” ერიქსენს პირობა მისცა, რომ მაქსიმალურად დაეხმარება მომავალ ტრანსფერში.

კახა ჩხეტიანი “დინამოში” ბრუნდება?

ქუთაისის “ტორპედოს” ახლახან გათავისუფლებული კახა ჩხეტიანი, შესაძლოა, “დინამო თბილისში” დაბრუნდეს.

ჩხეტიანი კახა ცხადაძის ერთ-ერთი ასისტენტი იქნება ან აკადემიაში დასაქმდება. სწორედ მისი ინიციატივით თავიდან ჩამოყალიბდა “დინამო 2”, რომელიც უკვე რეგიონლიგიდან მალე მე-3 ლიგაში აღმოჩნდება.

ჩხეტიანი “დინამოში” 2015 წელს 6 თვე იყო, შემდეგ “ტორპედოსთან” ერთად 3 წელი ყველაფერი მოიგო, 2019-ში კვლავ თბილისში დაბრუნდა, საიდანაც 7 თვეში ისევ ქუთაისში ვიხილეთ. “ტორპედომ” ბოლოს გორის “დილასთან” 0-3 წააგო და ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა.

გვარდიოლა: “რონალდუ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო და გოლების მანქანაა”

მოახლოებული მანჩესტერული დერბის წინ “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ლეგენდა “ოლდ ტრაფორდზე” გასულ ზაფხულში გადაბარგდა.

“სიმართლე გითხრათ, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ატალანტას” მატჩი არ მინახავს, მაგრამ აუცილებლად გავაანალიზებ ამ შეხვედრას. მათი ძლიერი და სუსტი მხარეები უნდა შევისწავლოთ.

ჩვენ ვიცით, თუ რამდენად ძლიერია მეტოქე. მათ გუნდში ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და გოლების მანქანაა კრიშტიანუ რონალდუს სახით.

ვიცი, რომ ბევრი გაბრაზდა, როდესაც ვთქვი, რომ “ბრიუგესთან” მატჩი დერბიზე უფრო მნიშვნელოვანი იყო. თუმცა ახლა ჩვენ სრულად ვართ კონცენტრირებული “მანჩესტერ იუნაიტედთან” თამაშზე,” – განაცხადა გვარდიოლამ.