ნეიმარი: ‘ვერ მოგცემთ იმის უფლებას, ისაუბროთ იმაზე, რაც მოედნის მიღმა ხდება’

“პარი სენ-ჟერმენის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნეიმარმა უპასუხა იმ გულშემატკივართა იმ ნაწილს, რომელიც მას მოედნის მიღმა მომხდარი ამბების გამო ხშირად აკრიტიკებს.

“ხალხი ამბობს: “ნეიმარი საკუთარ თავზე არ ზრუნავს, ნეიმარი ასეთია, ნეიმარი ისეთია”. როგორ შეიძლება 12 წლის განმავლობაში საუკეთესოთა რიგებში იყო, თუ საკუთარ თავზე არ ზრუნავ? ეს არავის შეუძლია. ვიცი, როგორ მოვუარო თავს. მყავს საკუთარი ფიზიოთერაპევტი და ფიტნესის მწვრთნელი. პრაქტიკულად, ისინი 24 საათის განმავლობაში ჩემთან ერთად არიან. ეს უმიზეზოდ ხდება?

გასართობად მაშინ მივდივარ, როცა ვიცი, რომ მომდევნო დღეს ვარჯიში არ მაქვს. არ ვაპირებ ეს შევწყვიტო. რა პრობლემაა? შეგიძლიათ მაკრიტიკოთ იმისათვის, რასაც მოედანზე ვაკეთებ. ამაზე საუბრის უფლებას გაძლევთ, მაგრამ ვერ მოგცემთ იმის უფლებას, ისაუბროთ იმაზე, რაც მოედნის მიღმა ხდება”, – ციტირებს ნეიმარის სიტყვებს “მარკა”.

ქეცბაია: “ამბობდნენ, რომ ყველაზე ცუდი მწვრთნელი ვიყავი, ახლა კი საუკეთესო ვარ”

კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი “ანორთოსისი” სტუმრად ნიქოზიის “ომონიას” დაუპირისპირდა და ნიკა კაჭარავას გოლის წყალობით, 1:0 გაიმარჯვა.

გამარჯვების შემდეგ, ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა:

“მინდა, ჩემს ფეხბურთელებს გამარვჯება მივულოცო. ბოლო 2-3 კვირა ჩვენთვის ადვილი არ ყოფილა. ჩამოხვიდე აქ, ითამაშო “ომონიას” წინააღმდეგ და გაიმარჯვო, მარტივი არ არის. ეს ჩვენი მუშაობის დასასრული არ არის. ყველა მატჩი მნიშვნელოვანია და წინსვლა უნდა გავაგრძელოთ.

გვჯერა, რომ ჩვენ საუკეთესო გუნდი გვყავს. შეიძლებოდა, რომ ახლა უფრო მეტი ქულა გვქონოდა. გასულ კვირაში ამბობდნენ, რომ ყველაზე ცუდი მწვრთნელი ვიყავი, დღეს კი ამბობენ, რომ საუკეთესო ვარ”, – თქვა ქართველმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ “ანორთოსისმა” სეზონი არასტაბილურად დაიწყო. გუნდს ჩემპიონატში 7 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს მოპოვებული და მე-6 ადგილზე იმყოფება.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კახი კალაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა (ვიდეო)

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა თბილისის მერის არჩევნებში, მეორე ტურის წინ კახი კალაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მსოფლიოს 25-ე ჩოგანი ამბობს: “მინდა მხარი დავუჭირო ძალიან პროფესიონალ, შრომისმოყვარე ადამიანს, ძალიან კარგ პიროვნებას და ღირსეულ სპორტსმენს. წარმატებები, კახი!”

იხილეთ ვიდეო

43 წლის ბუფონმა “ჩიტადელასთან” მატჩში პენალტი მოიგერია (ვიდეო)

ჯანლუიჯი ბუფონი თავის კლასს არ კარგავს. 43 წლის ვეტერანმა მეკარემ “ჩიტადელასთან” მატჩში პენალტი მოიგერია, რამაც “პარმას” “ჩიტადელას” დამარცხებისთვის საჭირო პლატფორმა მისცა.

ამ გამარჯვების შედეგად ენცო მარესკას გუნდი სერია B-ს მატჩში დაგროვებული 13 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.

“მამაჩემის სიკვდილისგან ბიზნესს აკეთებენ” – შვილები “ბოკა” – “ბარსელონას” მატჩს არ დაესწრება

“ბარსელონა” და “ბოკა ხუნიორსი” 14 დეკემბერს დიეგო მარადონას ხსოვნის პატივსაცემად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩის გამარჯვებულს დიეგო მარადონას სახელობის თასი გადაეცემა. შეხვედრა საუდის არაბეთში უნდა გაიმართოს.

ზემოხსენებული მატჩის ჩატარების იდეა მკაცრად გააკრიტიკეს დიეგო მარადონას შვილებმა. ისინი თვლიან, რომ ამ კლუბებს მხოლოდ ფინანსური ინტერესები ამოძრავებთ.

“მამაჩემის სიკვდილისგან ბიზნესს აკეთებენ,” – განაცხადა დალმამ.

დალმამ მატიას მორლაც გააკრიტიკა, რომელიც ამ მატჩის ორგანიზებაში იღებს მონაწილეობას – “ეს ადამიანი მამაჩემთან ისე მივიდა, როგორც ფანი. ახლა კი აცხადებს, რომ სურათებსა და სახელზე უფლებები მას ეკუთვნის და ჩვენ არანაირი უფლება არ გაგვაჩნია.”

“შავი ლომის” შემადგენლობა “ენისეის” წინააღმდეგ

სოჭში, რუსეთის ჩემპიონ ‘ენისეისთან’ გასამართ თამაშში ‘შავი ლომის’ შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი ძირითადშია, მესამეხაზელი იოსებ გუშარაშვილი კი თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება.

რაგბი ევროპის სუპერ თასის მეოთხე ტურში ‘შავი ლომი’ სოჭში, აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს პირველობისთვის ერკინება. შეხვედრა ჩვენი დროით 13 საათზე დაიწყება.

‘ენისეის’ სამი თამაშიდან 11 ქულა აქვს. ‘შავ ლომს’ ორი მატჩის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი (10) მოუგროვდა და ‘თელავივ ჰითთან’ გამოტოვებულ შეხვედრას 18 დეკემბერს გამართავს.

ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბმა ‘ენისეისთან’ მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. პენზაში ‘ლოკომოტივის’ 27:11 დამარცხების შემდეგ, სასტარტო რაზმში რამდენიმე ცვლილებაა.

შეიცვალა ორივე ბურჯი და თამაშს ნიკოლოზ ხატიაშვილი და გიორგი პერტაია იწყებენ. ხატიაშვილს ტრავმა ჰქონდა და ქართული ფრენჩაიზის კვართს პირველად მოირგებს. პერტაია წინა ორ თამაშში მარქაფა იყო და ახლა ძირითადში დაწინაურდა. კვაჭად თამაშს კვლავ შალვა მამუკაშვილი იწყებს.

უცვლელია შერკინების მეორე ხაზი – ნოდარ ჭეიშვილი და დავით გიგაური, ხოლო მესამე ხაზში ერთი გადაადგილება და ერთი ცვლილებაა. შერკინების შემკვრელად მარქაფიდან დაწინაურდა თორნიკე აქუბარდია, რომელიც წინა ორ შეხვედრაში მარქაფაში იყო. ნიკო აფციაურის ნაცვლად ფლანკერად გადავიდა ლუკა ივანიშვილი, ხოლო მეორე ფლანკერი კვლავ სანდრო მამამთავრიშვილია.

ერთი ცვლილებაა ხაზში, სადაც ფრთაზე მირიან მოდებაძის ნაცვლად სანდრო თოდუა ბრუნდება. მეორე ფრთა კვლავ აკა ტაბუცაძეა, ცენტრში მერაბ შარიქაძე დემე თაფლაძეს შეუწყვილდება. ფულბეკის პოზიციაზე კი კვლავ ლაშა ხმალაძეს ვიხილავთ. უცვლელია ღერძიც და თენგიზ პერანიძე გიორგი ბაბუნაშვილს შეუწყვილდება.

კვაჭის მარქაფაში ბრუნდება თენგიზ ზამთარაძე, ასევე ბურჯი მიხეილ წიკლაური (ორივემ ითამაშა ‘ჰითთან’). 23-კაციან განაცხადში ადგილი შეინარჩუნა მეორე ბურჯმა გოგა ქადარიამ და მეორეხაზელმა მიხეილ ბაბუნაშვილმა, ასევე უკანახაზელმა ლაშა ლომიძემ. მარქაფაში გადაინაცვლა მირიან მოდებაძემ, ხოლო გიორგი ბეგაძე, რომელიც პირველ შეხვედრაში ძირითადში იყო და მეორე თამაში გამოტოვა, ამჯერად მარქაფაშია. მესამე ხაზის შეცვლაზეა იოსებ გუშარაშვილი, რომელსაც ‘შავ ლომში’ დებიუტი ექნება.

დებიუტანტების და გუნდის მზადყოფნის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა განაცხადა:

„ხატიაშვილი და გუშარაშვილი ძალიან კარგად ემზადებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე მათგანს გაუმიზეზდა ძველი ტრავმა და პირველ თამაშებში გუნდის დახმარება ამის გამო ვერ შეძლეს. ახლა ორივე მწყობრშია, ფორმაშია და იმედს ვიტოვებ, რომ ეს სარგებლის მომტანი იქნება“.

„სამწუხაროდ, ვარჯიშზე კუნთი გაიჭიმა და გამოგვაკლდა ნიკო აფციაური. არის პატარ-პატარა ტრავმებიც, თუმცა გუნდი კარგადაა მომზადებული და სრული მზადყოფნით ხვდება მომავალ თამაშს“.

‘შავი ლომი’ სოჭში ხვალ მიემგზავრება.

რაგბი ევროპის სუპერ თასი

აღმოსავლეთ კონფერენცია

IV რაუნდი. 30 ოქტომბერი

სოჭი. „იუგ სპორტ“. 13:00 საათი (თბ. დრ.)

ენისეი სტმ (რუსეთი) – შავი ლომი (საქართველო)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დავით გიგაური, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. მიხეილ წიკლაური, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.

Rugby.GE

როგორ განვითარდება კრისტიან ერიქსენის საფეხბურთო კარიერა?

კრისტიან ერიქსენის იტალიური კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. ფეხბურთელს, რომელმაც ევრო 2020-ის მიმდინარეობისას გულის შეტევა მიიღო, იტალიის ჩემპიონატში თამაშის საშუალებას არ აძლევენ.

მილანის “ინტერის” წარმომადგენლებმა კრისტიან ერიქსენს აუხსნეს, რომ დეფიბრილატორის გამო სამედიცინო ავტორიტეტების მითითებების თანახმად იტალიაში თამაშს ვერ შეძლებს. “ნერაძური” დანიელ ვარსკვლავს კლუბის დატოვების უფლებას აძლევს და ყოველგვარ ხელშეწყობას პირდება.

მილანურმა კლუბმა ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც ფანებს ერიქსენის გარშემო შექმნილი ვითარება გააცნო და ნათლად აღნიშნა, რომ ერიქსენსს შეეძლება იმ ქვეყანაში თამაში, სადაც სამედიცინო ორგანოები ასეთ შეზღუდვებს არ აწესებენ.

“პსჟ”-ს სამხრეთ ამერიკელები ვეინალდუმს ადაპტაციაში არ ეხმარებიან

ფრანგულ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, “პარი სენ-ჟერმენში” ადაპტირება მხოლოდ ლეო მესის არ უჭირს. გუნდთან შეთამაშებაში დიდ პრობლემას აწყდება ჯორჯინიო ვეინალდუმიც.

L’Equipe-ს ცნობით, ვეინალდუმს ცუდი ურთიერთობა აქვს გუნდის სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებთან. ისინი ნიდერლანდელ ფეხბურთელს ახალ კლუბში ადაპტაციაში არ ეხმარებიან.

ამის მიზეზად კი ლეანდრო პარედესი სახელდება. სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები თვლიან, რომ ჟორჟინიო ვეინალდუმი პარედესის პირდაპირი კონკურენტია და ძირითადიდან მის ამოგდებას ცდილობს.

ვეინალდუმმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მხოლოდ ორ მათგანში ითამაშა სრულად.

რუნი სულშერზე: “მარტივია ყველაფრის მწვრთნელისთვის დაბრალება”

ინგლისური ფეხბურთისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, უეინ რუნიმ, პრესასთან საუბრისას კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” სათავეში ძალიან ერუდირებული ხალხია. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ წინ წასასვლელად – იქნება ეს სულშერთან ერთად თუ მის გარეშე.

ფეხბურთელებმა თავიანთ თავს კითხვები უნდა დაუსვან და პასუხები ეძებონ. მარტივია ყველაფრის მწვრთნელისთვის დაბრალება, როდესაც ფეხბურთელები ამხელა ხელფასს იღებენ და თავიანთ საქმეს შესაფერისად ვერ ასრულებენ.

კლუბში დიდი მოთხოვნებია, ამ ფეხბურთელებს დიდი პასუხისმგებლობა აქვთ. ისინი მსოფლიო დონის მოთამაშეები არიან. მიუღებელია, ასეთი ფეხბურთელები დაცვაში ჩამოსვლაზე უარს რომ ამბობენ. ეს მწვრთნელის შეცდომაა, თუ ფეხბურთელების? როდესაც გუნდი აგებს, ისინი ტკივილს უნდა გრძნობდნენ,” – აცხადებს უეინ რუნი.

ლაშა ბექაური: “მკითხეს, თუ როგორი გემო ჰქონდა ოქროს მედალს…”

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში ტოკიოს ოლიმპიადის მოგების შემდეგ, დაჯილდოვების ცერემონიალზე გადაღებული ფოტო გაქმოაქვეყნა.

21 წლის ძიუდოისტი წერს იმაზე, თუ როგორი გემო ჰქონდა ოქროს მედალს.

“მკითხეს, თუ როგორი გემო ჰქონდა ოქროს მედალს: “მას ტანჯვის, ყოველდღიური თავგანწირვის, დაღვრილი სისხლის, ოფლის და ყველაზე ბოლოს – ბედნიერების გემო აქვს.” – წერს ბექაური Instagram-ში.

“ეს თემურია და არადროს იცვლება” – ქეცბაიას ჟურნალისტები აკრიტიკებენ

კვიპროსული პრესა “ანორთოსისის” ქართველ მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას კრიტიკული წერილით მიმართავს.

“მწვრთნელების ბედი საქვეყნოდ ცნობილია. როცა გუნდს საქმე ცუდად მისდის, მწვრთნელები პოსტებს ტოვებენ, როგორც ეს კუმანის შემთხვევაში მოხდა. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი რეაქცია აქვს ქართველს კლუბის ფანების მიმართ ცუდი დღეების დროს, ჭკვიანურია, პრესკონფერენციებზე დებოში აირიდო თავიდან, როგორც ეს “აეკთან” მოხდა. ფანები ერთ დღეს გაგაღმერთებენ, მე-2 დღეს ციდან გადმოგაგდებენ პარაშუტის გარეშე.

მაგრამ ჟურნალისტები, მართლები არიან თუ არა, კრიტიკას ვერ შეწყვეტენ. მსოფლიოში, არავინ არის ისეთი, რომელმაც მწვრთნელზე მეტი იცის, მაგრამ კარგი ჟურნალისტი იკვლევს, ანალიზს აკეთებს და საჭირო ინფორმაციებს აგროვებს.

ამ დროს პრესკონფერენციების დატოვება, “ანორთოსისის” ხელმძღვანელობას რთულ სიტუაციაში არ აგდებს? უკეთესი არ იქნება ქეცბაიასთვის უფრო მეტად თავშეკავებული იყოს? მაგრამ “ეს თემურია და ის არასდროს იცვლება”, – წერს philenews.

ქეცბაიას “ანორთოსისში” ყველაზე ცუდი სტარტი აქვს და მხოლოდ 6 ქულა აქვს მოგროვებული. შემდეგ ტურში დერბში “ომონიას” წინააღმდეგ ითამაშებენ. ამ სეზონში თემურს რიგებში 3 ქართველი – ლორია, ნინუა და კაჭარავა ჰყავს.

გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდშია!

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები დღეს ესტონეთთან 1-0 დამარცხდა, მაგრამ უნგრეთთან წინა ტურში გამარჯვების გამო, მე-2 ადგილზე და ელიტ-რაუნდში გავედით.

გიორგი ჩიტაურის გუნდი 71-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა და თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოახერხა.

ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის მაისში ჩატარდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი ბედიაშვილი (სფფ-ის აკადემია), რევაზ კურტანიძე (საბურთალო).

მცველები: ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო), გელა სადღობელაშვილი (სფფ-ის აკადემია), საბა ხარჩილავა (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), აკაკი გიუნაშვილი (დინამო თბილისი), თენგო გობეშია (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი (დინამო თბილისი), ალექსნადრე ჩიხაძე (მერანი მარტვილი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სფფ-ის აკადემია), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ლაშა გადილია (სფფ-ის აკადემია), ალეკო ბასილაძე (სფფ-ის აკადემია), ამინ კარაევი (დინამო თბილისი), ლუკა პარკაძე (დინამო თბილისი), გივი ხაჩიძე (საბურთალო), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა).

თავდამსხმელები: გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა), გიორგი ფარცვანია (დინამო თბილისი).