ჩაკვეტაძისა და გიორბელიძის შეჯიბრი სპრინტში (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბრის მატჩებისათვის მზადებას განაგრძობს. თბილისში საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ბაზაზე გიორგი ჩაკვეტაძე და გურამ გიორბელიძე ერთმანეთს სპრინტში შეეჯიბრნენ.

ფოტო: სფფ

“მგონი, პატივისცემას ვიმსახურებ” – ხაბიბთან სცენაზე ფანი შეიჭრა (ვიდეო)

MMA-ს ყოფილი მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ ღონისძიებაზე გამომსვლელის რანგში იმყოფებოდა. საუბრის დასასრულს, როცა დაღესტნელი სპორტსმენი საზოგადოებას ემშვიდობებოდა, ერთმა ფანმა სცენაზე ასვლა და მასთან მიახლოება სცადა.

ხაბიბს მომხდარი არ ესიამოვნა და თქვა: “მე მსოფლიოს სხვა ნაწილიდან მოვედი, რათა თქვენ მენახეთ და მგონი, პატივისცემას ვიმსახურებ. მადლობა მობრძანებისავის. დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ჩემი ხალხისაგან, ვისაც ისეთივე ხედვები აქვს, როგორიც მე. გთხოვთ, იზრუნეთ თქვენს ბავშვებზე, ისინი ჩვენი მომავალია.”

დონარუმას ესპანეთთან მატჩში პირველივე წუთებიდან უსტვენდნენ (ვიდეო)

6 ოქტომბერს, უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში იტალიის ნაკრები “სან სიროზე” ესპანეთს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

რა თქმა უნდა, მატჩს ესწრებოდნენ “მილანის” ფანებიც, რომელთა ნაწილი ჯანლუიჯი დონარუმას თამაშის დაწყებამდეც და მისი მიმდინარეობის დროსაც უსტვენდა.

როგორც იცით, ახალგაზრდა მეკარემ გასულ ზაფხულს “მილანთან” კონტრაქტი არ გაახანგძლივა და ის “პარი სენ-ჟერმენს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა.

“დონარუმამ იტალიის ნაკრებში ითამაშა და ეს არ იყო საკლუბო მატჩი. ეს სიტუაცია ერთი დღით გვერდზე უნდა გადადებულიყო. მათ შეეძლოთ დაესტვინათ მაშინ, თუ “მილანი” “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ ითამაშებდა. იტალია იტალიაა და ეს ყველაფერზე წინ დგას”, – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football Italia.

იტალიელი სპორტსმენი ლევან საგინაშვილის წინააღმდეგ – რა მოხდა დუბაიში? (ვიდეო)

ლევან საგინაშვილი დუბაიში ჩავიდა. მასთან ერთად იმყოფება მკლავჭიდელი ირაკლი ზირაქაშვილი. ქართველი სპორტსმენები ფაურლიფტერ ლარი ვილსთან არიან სტუმრად, ვისაც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

დუბაიში, ერთ-ერთ დარბაზში, იტალიელმა სპორტსმენმა სტეფანია ტოტოლომ საკუთარი ძალები ლევან საგინაშვილთან გამოცადა. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

@levansaginashvili

##foryou 170kg

♬ original sound – Levan Saginashvili

საქართველოს ნაკრებმა სრულად ივარჯიშა – ყველა ბილეთი გაიყიდა

6 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადების პროცესში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობა 25-მა ფეხბურთელმა მიიღო.

ოქტომბრის საწვრთნელი შეკრების ფარგლებში 7 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდი თბილისში ბოლო ვარჯიშს გამართავს და ჩარტერული რეისით ბათუმში გაემგზავრება.

შეხვედრას ბათუმში 7000 გულშემატკივარი დაესწრება. ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

💬 გიორგი აბურჯანია: “სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ, ძალიან სასიამოვნოა, რომ ოთარ კიტეიშვილის გარდა, სხვა დანაკლისი არ გვაქვს. წინ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის. პირველ რიგში, საბერძნეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვართ კონცენტრირებული. აღნიშნული თამაშის მოგება ჩვენს გუნდს ძალიან სჭირდება. პოზიტიური მოვლენაა, რომ სტადიონზე გულშემატკივარი ბრუნდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ მათთან ერთად შევძლებთ მეტოქის დამარცხებას.”

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

​მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)​

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩი საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 9 ოქტომბერს ბათუმი არენაზე შედგება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

“უბედნიერესი ვარ” – ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს (ფოტო)

6 ოქტომბერს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში ლაშა ბექაურის ოლიმპიური ვარსკვლავი გაიხსნა. ამავე დღეს ლაშა ტალახაძის ვარსკვლავს დამატებითი ჩანაწერი შეემატა.

როგორც იცით, ბექაური ძიუდოში, -90კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა.

21 წლის სპორტსმენმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ის უბედნიერესია.

გურამ გიორბელიძე გერმანიაშიც მოეწონათ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველ გურამ გიორბელიძეს “დინამო დრეზდენში” დებიუტი “ზანკტ პაულის” წინააღმდეგ ჰქონდა და მთავარმა მწვრთნელმა ქართველი შეაქო კიდეც.

“გურამი ვარჯიშების დროს ყოველთვის 100%-ით იხარჯება. მარცხენა ფლანგზე მას ძალიან ძლიერი ოპონენტი ჰყავს. ვცადეთ გიორბელიძეს და ლოვეს ერთად შეწყვილება და საკმაოდ კარგად გამოვიდა ეს ყველაფერი”, – განაცხადა ალექსანდრ შმიდტმა.

“დრეზდენმა” 3-0 წააგო, ხოლო, გიორბელიძის მთავარი კონკურენტი 32 წლის კრის ლიოვეა, რომელსაც გასულ წლებში კლოპის “დორტმუნდში” და “ჰადერსფილდში” უთამაშია. “ზანკტ პაულთან” გურამი 65-ე წუთიდან მარცხენა მცველად დადგა, ლოვემ ნახევარდაცვაში აიწია.

17 წლის ხაბულიანი მონტელასთან და ბალოტელისთან გუნდში

17 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი ხაბულიანი კარიერას თურქულ “ადანა დემისფორში” გააგრძელებს, რომელმაც გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ხაბულიანს “ადანაში” ცნობილი იტალიელი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა და ყველასთვის კარგად ნაცნობი მარიო ბალოტელი დახვდებიან.

გიორგის არასრულწლოვანობის გამო სუპერლიგაში თამაშის უფლება ჯერ ექნება, მაგრამ უეფასგან სპეციალურ ლიცენზიას ელის, რომელიც მას თამაშის ნებას დართავს. მანამდე დუბლებში გაიტანს, ვარჯიშებს კი მთავარ გუნდში ჩაატარებს.

ხაბულიანი საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრია, ბოლოს კი “თელავში” ასპარეზობდა. სიმაღლეში 1.91მ-ია. მის ოჯახს მამუკა ჯუღელთან ახლო მეგობრობა აკავშირებს.

სალომე ფაჟავამ კარიერა 24 წლის ასაკში დაასრულა

მხატვრული სტილით ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავამ პროფესიონალური სპორტული კარიერა 24 წლის ასაკში დაასრულა. ამის შესახება მან განცხადება სოციალურ ქსელ Instagram-ში გამოაქვეყნა.

“ძვირფასო მეგობრებო, მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ პროფესიონალური სპორტული კარიერა დავასრულე. ელიტარულ სპორტში ჩემი მისია შევასრულე, ახლა კი დრო მოვიდა ძველი გზა დავტოვო და გადავინაცვლო და განვვითარდე სხვადასხვა მიმართულებებით! მადლობა ყველას მხარდაჭერისათვისა და სიყვარულისთვის”, – აცხადებს ფაჟავა.

სალომე ფაჟავა 1997 წელს მოსკოვში დაიბადა. 2008 წელს ის საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა და ასპარეზობაც მშობლიური ქვეყნის სახელით დაიწყო.

სალომემ ორ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა. 2016 წელს რიოში მე-14 ადგილი დაიკავა, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე კი გამოსვლა მე-17 პოზიციაზე დაასრულა. 2015 წელს მან ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და პირველი ქართველი მხატვრული სტილით ტანმოვარჯიშე გახდა ისტორიაში, რომელიც კონტინენტურ პირველობაზე მედალს დაეუფლა.

“კაშიას ბუცები, მამარდაშვილის ხელთათმანები” – გიორგი ლორია კურიოზულ სიტუაციაში (ფოტო)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოქტომბერში გასამართი მატჩებისათვის მზადება დაიწყო. შეკრებაზე იმყოფება “ანორთოსისის” მეკარე გიორგი ლორია, რომელიც კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

ლორია სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მას გურამ კაშიას ბუცები, ხოლო გიორგი მამარდაშვილის ხელთათმანები აცვია. მისი ფოტოდან ირკვევა, რომ კვიპროსიდან საქართველოში წამოსულს ბარგი ჯერ არ ჩამოსვლია.

რა თანხა გამოიმუშვეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლით?

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა გენო პეტრიაშვილმა (125კგ), ბრინჯაოს მედლებს კი ზურაბ იაკობიშვილი (70კგ) და ნიკა კენჭაძე (79კგ) დაეუფლნენ.

ცნობილია, რა თანხას მიიღებენ მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები სახელმწიფოსაგან, საქართველოს მთავრობის 39-ე დადგენილების მიხედვით:

გენო პეტრიაშვილი – 68 000 ლარი
II ადგილი

ზურაბ იაკობიშვილი – 51 000 ლარი
III ადგილი

ნიკა კენჭაძე – 51 000 ლარი
III ადგილი

გაბლ სტივსონი: ‘125კგ წონითი კატეგორიის მეფე? ის აქ არის!’

3 ოქტომბერს, თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე, 125კგ წონითი კატეგორიის ფინალში გენო პეტრიაშვილი ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა და დამარცხდა.

ზარემ გამარჯვების შემდეგ გვირგვინის აღმნიშვნელი ჟესტი აჩვენა, რითაც განაცხადა, რომ ამ წონით კატეგორიას ახალი ლიდერი ჰყავს.

სოციალურ ქსელში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის გვერდზე ირანელი მოჭიდავის ჟესტის ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა, წარწერით: “125კგ წონით კატეგორიაში ახალი მეფე გვყავს?”

ამ შეკითხვას მალევე გამოეხმაურა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გაბლ სტივსონი, რომელიც წერს, რომ მეფე თავადაა: “დიახ, ის აქ არის.”

შეგახსენებთ, რომ სტივსონმა ოლიმპიადის მოგების შემდეგ რესლინგში გადაინაცვლა.