ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა განაცხადა, რომ Netflix-ის ფილმ Extraction 2-ში (დახსნა) გადაღებების გამო, მას საქართველოდან ოთხი თვით წასვლა მოუწევს, რამაც შესაძლოა, მკლავჭიდში მომავალი შეჯიბრისათვის მომზადებაში ხელი შეუშალოს.
როგორც იცით, 33 წლის სპორტსმენმა TOP 8-ის მეოთხედფინალში ამერიკელი დეივ ჩეფი დაამარცხა, რამდენიმე თვეში კი ნახევარფინალში გამოსვლა მოუწევს.
“TOP 8-ის დასრულება ამ წელს ვერ მოხერხდება. ორი ეტაპია დარჩენილი – ნახევარფინალი და ფინალი. ზუსტად არ ვიცი, როდის ჩატარდება ნახევარფინალი. სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში. თუმცა, ფილმიდან გამომდინარე, ცოტა რთული სიტუაცია მაქვს. როგორც ვიცი, ოთხი თვით მომიწევს წასვლა.
ამ ეტაპზე, ჩემთვის ფილმი უფრო პრიორიტეტულია და თუ გადაღებები და შეჯიბრი ერთმანეთს დაემთხვევა, ვიცი, რომ შეჯიბრს ჩემს გამო გადაწევენ. ჩემს გარეშე, ამ შეჯიბრს არ აქვს აზრი.
Extraction 2-ში, რა როლზეც გავიარე კასტინგი, იმაზე არ დამამტკიცეს, მაგრამ შემდეგ მითხრეს, რომ ახალი როლი შექმნეს და ჩამამატეს. წესით, ახლა გადაღებებზე ავსტრალიაში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ პანდემიის გამო, გადაწყვიტეს, რომ მთლიანი გადაღება ჩეხეთში გადაიტანონ. გადაღებები დეკემბერში დაიწყება”, – განაცხადა საგინაშვილმა ტელეკომპანია მთავარის ეთერში, გადაცემაში “შენი დილა”.
შეგახსენებთ, რომ “ქართველი ჰალკი” უკვე გადაიღეს ბრიტანულ-არაბულ ფილმში სამოთხის ქალბატონი, რომლის თრეილერის ნახვაც უკვე შესაძლებელია.