თრეილერი – ფილმი, რომელშიც ლევან საგინაშვილი გადაიღეს (ვიდეო)

ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი რამდენიმე წლის წინ ბრიტანულ-არაბულ ფილმ The Lady of Heaven-ში (სამოთხის ქალბატონი) გადაიღეს. გადაღებების ნაწილი თბილისში, რუსთავში, ვაზიანსა და ლონდონში მიმდინარეობდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის ვიხილავთ ფილმს ტელეეკრანებზე, თუმცა 2020 წელს გამოქვეყნდა თრეილერი, რომელშიც “ქართველი ჰალკი” ჩანს.

შეგახსენებთ, რომ საგინაშვილს მალე Netflix-ის ფილმში Extraction 2-ში გადაიღებენ.

იხილეთ ვიდეო

ლაშა ბექაური: ‘რუსი ფრენბურთელები გავიცანი და ვუთხარი…’

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე გადაღებულ კადრებზე კომენტარი გააკეთა.

ბექაურმა სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო და ვიდეო, სადაც ის რუს ფრენბურთელებთან ერთად ჩანს. ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემაში “ნოესთან”, მან ამაზეც გააკეთა კომენტარი.

“ვუთხარი მათ, „საქართველოს გაუმარჯოს!“ ვთქვათ-მეთქი ერთად და ვთქვით – თან რუსები რომ იყვნენ! მერე მეკითხებოდა ერთი, რას ნიშნავსო. ვუთხარი, კარგი რაღაცაა-მეთქი“, – ციტირებს ბექაურის სიტყვებს imedinews.ge.

21 წლის სპორტსმენის თქმით, მან ერთ-ერთ მათგანს ისიც უთხრა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდებოდა.

ტებასი: “რეალს” მბაპესა და ჰოლანდის ტრანსფერებისთვის საჭირო თანხა აქვს”

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი, თვლის, რომ მადრიდის “რეალს” ტოპ ტრანსფერების განხორციელებისთვის საჭირო ფინანსები გააჩნია.

“რეალმა” 200 მილიონი ევროს ღირებულების ფეხბურთელები გაყიდა. მათ მბაპესა და ჰოლანდის ტრანსფერებისთვის საჭირო თანხა აქვთ. ორივე მათგანის ყიდვა შეუძლიათ. ფინანსური თვალსაზრისით დიდი დანაკარგი არ განუცდიათ.

ჩვენ ძველებურ კონდინციებს, ჩვეულ რიტმს, ვუბრუნდებით. ინვესტორები კვლავაც ჩაერთვებიან საქმეში, თუმცა არა ულიმიტო კონტრიბუციებით.

მათ [არაბ ინვესტორებს] ურჩევნიათ ჩემპიონთა ლიგა მოიგონ და მილიარდი ევროს წაგებაში წავიდნენ. ამგვარად ისინი ფანებს ბედნიერებას ჩუქნიან. მართალია, ჩემპიონთა ლიგას იგებენ, თუმცა ამით ფეხბურთს ანადგურებენ,” – აცხადებს ტებასი.

ხვიჩა კვარაცხელია მოედანს საგოლე პასით დაუბრუნდა (ვიდეო)

ყაზანის “რუბინში” დარჩენილი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ქართული ფეხბურთის ვარსკვლავმა მატჩის მესამე წუთზე ანდერს დრეიერს გაუკეთა საგოლე გადაცემა.

აღსანიშნავია, რომ ანდერს დრეიერი “რუბინისთვის” ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციურ შემცვლელს წარმოადგენდა. მასში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს რუსულმა კლუბმა 6 მილიონი ევრო გადაიხადა.

“პარი სენ-ჟერმენის” მესამე ფორმამ ფანებში დიდი მოწონება დაიმსახურა (ვიდეო)

“პარი სენ-ჟერმენმა” 2021/22 წლების სეზონისთვის ფორმების მესამე კომპლექტი წარგვიდგინა. ახალმა ფორმამ გულშემატკივრებში დიდი მოწონება დაიმსახურა.

სულშერი რიგ შემთხვევებში რონალდუს სათადარიგოთა სკამზე განწესებას გეგმავს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სულშერი, აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევაში კრიშტიანუ რონალდუს სათადარიგოთა სკამზე განწესებას არ მოერიდება.

“ყველასათვის ცნობილია, რომ რონალდუ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარ თავს და ჯანმრთელობას. რეაბილიტაციის პროცესს ის სწრაფად გადის და ამასთან ერთად, “იუვენტუსთან” ერთად წინასასეზონო მომზადებაც აქვს გავლილი.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მზად ყოფნაში იყოს და ბოლომდე თამაში შეეძლოს. გვსურს, რომ ის 90 წუთის მანძილზე დარბოდეს მოედანზე.

სამშაბათს “იანგ ბოიზთან” გველის მატჩი. ვნახოთ, როგორ გადაწყვეტილებას მივიღებთ. გამორიცხული არ არის, რომ სასტარტოს მიღმა დავტოვოთ. ის 36 წლის არის, მეისონ გრინვუდი კი – 19 წლის. მე უნდა გავუნაწილო მათ სათამაშო წუთები,” – აცხადებს სულშერი.

რუმენიგე: “სუპერლიგა მკვდარია, არ ვიცი რატომ არ ეშვებიან ამ იდეას”

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, პრესასთან საუბრისას სუპერ ლიგის თემას შეეხო. როგორც იცით, “ბარსელონა”, “რეალი” და “იუვენტუსი” კვლავაც მუშაობენ ამ პროექტის რეალიზებაზე.

“ამჟამად მხოლოდ სამი კლუბია ცნობილი, რომელიც სუპერლიგის იდეაზე მუშაობს. სპორტში ძალიან რთულია სამკლუბიანი ტურნირის ჩამოყალიბება. სუპერლიგა მკვდარია, არ ვიცი რატომ არ ეშვებიან ამ იდეას.

ევროპის ფანები ამ პროექტის წინააღმდეგ გამოდიან. მათი პასუხი ძალიან ნათელი იყო. არც ინგლისური, ფრანგული ან გერმანული კლუბები აპირებენ მათ მხარდაჭერას.

მჯერა, რომ მათ ამ პროექტის ხარჯზე კოვიდპანდემიით გამოწვეული ფინანსური პრობლემების მოგვარება სურდათ. საუბარია თითო კლუბისთვის 250-350 მილიონი ევროს ოდენობის თანხაზე. მაგრამ ეს თანხაც ზღვაში წვეთი იქნება, რადგანაც ეკონომიკური მდგომარეობა უფრო გაუარესდებოდა,” – აცხადებს რუმენიგე.

ბეილს დიდი პერიოდი გაუცდება

“მარკას” ცნობით, მადრიდის “რეალის” გარემარბმა გარეტ ბეილმა ტრავმა მიიღო. წყაროს თანახმად, უელსელ ფეხბურთელს ლაზარეთში ყოფნა დიდხანს მოუწევს.

ბეილი 11 სექტემბერს გამართულ ვარჯიშზე დაშავდა. მან მარჯვენა მუხლქვედა მყესი დაიშავა. უცნობია, როდის შეძლებს 32 წლის მოთამაშე მოედანზე დაბრუნებას, თუმცა გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ ის დამდეგ მატჩებს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ ბეილს გასულ სეზონში ტრავმის გამო ორ თვეზე მეტი გაუცდა.

გარეტ ბეილმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში სამი შეხვედრა ჩაატარა და ერთი ბურთი გაიტანა.

ფიფიამ ახალი სპორტული დირექტორი წარადგინა და ცხადაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა “დინამოს” ბაზაზე გუნდის ახალი სპორტული დირექტორი, ალექსანდრე რეხვიაშვილი წარადგინა. პრეზენტაციას კახა ცხადაძეც ესწრებოდა, რომელიც გუნდთან კონტრაქტს 2-წლით გაახანგრძლივებს.

“დაახლოებით 2 წლის წინ კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ზაზა დოლიძესთან ერთად გავდიოდი საკითხს, რომ ბორდი ჩამოგვეყალიბებინა, რომელიც გუნდს უხელმძღვანელებდა. ამას ხელი კოვიდმა შეუშალა, თუმცა ძალიან მალე დოლიძე ახალ ბორდს წარადგენს, რაც ახალი სიტყვა იქნება ქართულ ფეხბურთში. შევეცდებით, კლუბს პროფესიონალები მართავდნენ.

მე უკვე 10 წელია “დინამოში” ვარ და თქვენ ალბათ უკვე იცით, რა კრიტიკა მოყვა საწყისში აკადემიის მშენებლობას, რომელმაც თავისი სიტყვა უკვე თქვა. ამ ბოლო წლების განმავლობაში, ასეთი 2 გამოცდილი სპეციალისტი, როგორებიც ცხადაძე და რეხვიაშვილია, არ გვყოლია. ახლა ძალაუფლება საუკეთესო პროფესიონალებს გადავეცი და ისინი ამ საქმეს უკეთ წარმართავენ”, – განაცხადა ფიფიამ.

ალექსანდრე რეხვიაშვილმა კარიერა “დინამოში” დაიწყო. საქართველოს ნაკრებში 21 მატჩი აქვს ჩატარებული. ბოლოს ბელარუსის საუკეთესო გუნდის, სოლისგორკის “შახტიორის” სპორტული დირექტორი იყო.

შოთა არველაძე კობიაშვილს: “მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას”

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ლევან კობიაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გუშინ ტელეკომპანია იმედზე, გადაცემაში “სპორტი იმედზე” იყო მიწვეული, სადაც სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს გამართული შეხვედრები შეაფასა. კობიაშვილმა კომენტარი გააკეთა შოთა და არჩილ არველაძეების მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ისინი მწვრთნელსა და ფეხბურთელებს აკრიტიკებდნენ.

სწორედ კობიაშვილის საპასუხოდ, დღეს შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

“ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე.

ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში, ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ.

უნდა გვქონდეს ჩვენი სტილი, იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელზეც დავაშენებთ ინფრასტრუქტურასაც, აკადემიებსაც, საკლუბო სისტემასაც და მწვრთნელთა განათლებასაც – ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი. დაველოდები გულშემატკივრის შეფასებას და მოვისმენ ნებისმიერ აზრს, რომელიც უფრო გაშლის დისკუსიას და შეგვაძლებინებს ამ პრობლემების მოგვარებას.

“მიხედე რა შენ საქმეს – რას პროფესორობ” – რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია. ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს – ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა”, – აცხადებს არველაძე.

‘შარდენზე ჩხუბი მოგვივიდა, მაგრამ დღეს შენით ვამაყობ’ – გიგა ჭიკაძისა და გულშემატკივრი

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გულშემატკივართან მიმოწერის სქრინი გამოაქვეყნა. გულშემატკივარი ხუთი წლის წინ მომხდარ ინციდენტს იხსენებს.

“შენც თუ გახსოვს, შარდენზე ჩხუბი მოგვივიდა სადღაც 5 წლის წინ. სამნი ვიყავით, სამივე ქუჩის კვალობაზე კარგად ვჩხუბობთ, ის ორი მაინც. თითო დარტყმით დაგვასვენე. თავი რომ მქონოდა, შეიძლება მომეკალი, ისეთი “უდარი” გამიტარე, მაგრამ დღეს ვამაყობ. შენ გენაცვალე, გიგა. ძლივს რაღაცაში ქართველები ვარგივართ და მადლობა ამ ქვეყნის სახელის გატანისთვის. წარმატებები არ გამოგელიოს, ჩემო ძმაო”, – წერენ გიგა ჭიკაძეს Instagram-ში.

რონალდუ: “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნება საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც მიმიღია”

კრიშტიანო რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და დუბლი გაიფორმა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა “ნიუკასლის” წინააღმდეგ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, გუშინ კი განაცხადა, რომ დაბრუნება მის კარიერაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

“დაბრუნება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც მიმიღია. ეს სწორ დროს მოხდა. მინდა, რომ ისტორია დავწერო, “მანჩესტერ იუნაიტედს” დიდი შედეგების მიღწევასა და ტიტულების მოგებაში დავეხმარო”, – უთხრა რონალდუმ Telefoot-ს.