ზლატანი საკუთარ სტილში – როგორ დასრულდა “მილანი” – “ლაციოს” მატჩი (ვიდეო)

სალაჰი 30-ე ფეხბურთელი გახდა, ვისაც პრემიერ ლიგაში 100 გოლი აქვს გატანილი

პრემიერ ლიგის მე-4 ტურში “ლივერპულმა” გასვლაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “ლიდს იუნაიტედთან”. მატჩში გოლები მო სალაჰმა, ფაბინიომ და სადიო მანემ გაიტანეს.

ეგვიპტელი ვარსკვლავის მიერ მეოცე წუთზე გატანილი მისთვის რიგით მეასე აღმოჩნდა ინგლისის პრემიერ ლიგაში. ამისთვის მოჰამედ სალაჰს 162 მატჩის ჩატარება დასჭირდა.

სალაჰი რიგით 30-ე ფეხბურთელი გახდა, რომელსაც პრემიერ ლიგაში 100 ან მეტი გოლი დაუგროვდა. ყველაზე სწრაფად ამ ნიშნულს ალან შირერმა (124) მიაღწია.

მოურინიო: “წარმოუდგენლად მეშინოდა მეათასე მატჩის წაგების”

“რომამ” სერია A-ს მესამე ტურში “სასუოლო” მიიღო საშინაო კედლებში. მატჩი დაძაბულად წარიმართა და ელ შაარავის მიერ ბოლო წუთებზე გატანილი გოლით გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს.

პორტუგალიელი სპეციალისტისთვის ეს სამწვრთნელო კარიერაში ჩატარებული რიგით მე-1000 მატჩი გახლდათ. მატჩის შემდეგ მან გაგვიმხილა, რომ ამ მატჩის წინ ძალიან ნერვიულობდა.

“ყველას ვატყუებდი! ვამბობდი, რომ ჩემთვის მეათასე მატჩი მნიშვნელოვანი არ იყო… მაგრამ წარმოუდგენლად მეშინოდა, რომ წავაგებდი! საბედნიეროდ, გავიმარჯვეთ და პატარა ბავშვივით დავრბოდი. თავს 12 წლის ბავშვად ვგრძნობდი და არა 58 წლის ადამიანად,” – განაცხადა მოურინიომ.

მოურინიომ სამწვრთნელო კარიერაში მე-1000 მატჩი ჩაატარა

“რომამ” სერია A-ს მესამე ტურში “სასუოლო” მიიღო საშინაო კედლებში. მატჩი დაძაბულად წარიმართა და ელ შაარავის მიერ ბოლო წუთებზე გატანილი გოლით გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს.

პორტუგალიელი სპეციალისტისთვის ეს სამწვრთნელო კარიერაში ჩატარებული რიგით მე-1000 მატჩი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ მოურინიომ სამწვრთნელო კარიერა 2000 წელს წამოიწყო.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, ლეგენდარული სპეციალისტის ანგარიშზე 637 მოგებული შეხვედრა, 204 ფრე და 158 მარცხი ფიქსირდება.

კარიერის განმავლობაში ჟოზე მუშაობდა: “ბენფიკაში”, “ლეირიაში”, “პორტუში”, “ჩელსიში”, “ინტერში”, “რეალში”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ტოტენჰემში”.

“მუდამ ჩვენს გულში იქნები” – დავითაშვილი ჩარკვიანს დაემშვიდობა

ტულის “არსენალისა” და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ყოფილი თანაგუნდელის, ვახო ჩარკვიანის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

“დღეს შენი დღეა ჩემო ძმაო, ყველას გული დაგვწყვიტე და რთულია გადმოსცე ეს ტკივილი, მშვიდად განისვენე, მოგვენატრები და მუდამ ჩვენს გულში იქნები”, – დაწერა ზურიკომ “ინსტაგრამზე” და მატჩის დროს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

“ვიტ ჯორჯია 2”-ის ფეხბურთელი ვახო ჩარკვიანი კორონავირუსით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. მას კოვიდმა ფილტვები დაუზიანა.

ლაშა ტალახაძე: ‘ბევრს არ სჯერა ჩემი სუფთად მოღვაწეობის, ამ ადამიანებზე ნაწყენი ვარ’

ლაშა ტალახაძემ ძალოსნობაში დოპინგის საკითხზე კომენტარი გააკეთა. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის განცხადებით, დღეს ბევრს აქვს იმის ეჭვი, რომ ის სუფთად არ მოღვაწეობს.

“პირველ რიგში აღვნიშვნავ იმას, რომ გარკვეული პრობლემების წინაშე მეც ვიდექი. დღესდღეობით ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, თუ რის გამო და რატომ. როცა გიორგი ასანიძე ჩვენი მწვრთნელი გახდა, მან განაცხადა, რომ ვინც დოპინგს მიიღებდა ან ამაში შემჩნეული იქნებოდა, მას ნაკრებიდან გაუშვებდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით ყველაზე სუფთა სახეობა საქართველოში ძალოსნობაა.

დღეს ძალოსნობა არის იმის მაგალითი, რომ დოპინგის გარეშეც შეგიძლია მიაღწიო შედეგს. აქედან გამომდინარე, ყველას ვურჩევ, ზედმეტი რისკის ქვეშ არ დააყენოს არც ჯანმრთელობა და არც სპორტული კარიერა.

ბევრს არ სჯერა ჩემი სუფთად მოღვაწეობის, იქიდან გამომდინარე, რომ ყველასთვის დაუჯერებელ შედეგებზე მივდივარ. არის ხოლმე რაღაც მითქმა-მოთქმა, ეს ჩემამდეც მოდის და გულის სიღრმეში, წყენაც მაქვს ამ ადამიანებზე. თუმცა, მე ვიცი, რომ მართალი ვარ და დღეს წარმატებას დოპინგის გარეშე ვაღწევ”, – განაცხადა ტალახაძემ ტელეკომპანია მთავარის ეთერში, გადაცემაში “სპორტი დიდ ქალაქში”.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, მომდევნო ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობა აღარ იყოს.

“თელავმა” “დინამო თბილისს” ისტორიაში პირველად მოუგო

ეროვნული ლიგა 12 სექტემბერს განახლდა და “თელავმა” მოქმედი ჩემპიონი “დინამო თბილისი” 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილმა გაიტანა, სანაცვლოდ კი “დინამომ” მეტოქეს პრაქტიკულად ვერაფერი შესთავაზა. “თელავმა” ისტორიაში პირველად მოუგო “დინამოს” და მე-7 ადგილი გაიმყარა. კახა ცხადაძის გუნდს კი აშკარად რაღაც ახალი სჭირდება.

თელავი 1-0 დინამო თბილისი

გოლი: შერგელაშვილი 49

თელავი: სანიკიძე – მარაქველიძე (შეყილაძე 75), კაპანაძე, ფაცაცია, თოლორდავა, თევზაძე, შერგელაშვილი – ჯანელიძე (აშორტია 75), ჯიქია – ჩუკვურა (რუხაძე 63), არდაზიშვილი (კაპანაძე 57) – ჟუნიორი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

დინამო: პრიეტო – მორჩილაძე, ხვადაგიანი (მოისწრაფიშვილი 88), პაპავა, ბენიო, ხარაბაძე – ქარდავა, რადინი (კუცია 65) – ბარნსი (ქავთარაძე 88), გაბედავა (სხირტლაძე 37) – მარუშიჩი

მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე

ტებასი: “მესი “ბარსელონადან” ასე წასვლას არ იმსახურებდა”

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ლეო მესის “ბარსელონადან” წასვლას. როგორც იცით, არგენტინელი სუპერვარსკვლავი “პარი სენ-ჟერმენს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუეღთდა.

– სამი წლის წინ კრიშტიანუ რონალდუ წავიდა. ახლა კი ლეო. რამდენად საზიანოა ეს ლა ლიგისთვის?

– რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. რონალდუს, გვარდიოლასა და მოურინიოს წასვლასაც ასეთივე ცუდი გავლენა ჰქონდა. თუმცა ვიცოდით, რომ ერთხელ მათთან გამომშვიდობება მოგვიწევდა.

ჩვენ ძალიან იღბლიანები ვიყავით, მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელის თამაშის ხილვის შესაძლებლობა რომ გვეძლეოდა. მათი დახმარებით ლა ლიგა მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატი გახდა.

ლეო მესის წასვლა ჩემთვის უფრო მტკივნეული იყო. მას ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ და ვთვლი, რომ “ბარსელონადან” ასე წასვლას არ იმსახურებდა.

კობიაშვილი: “ჩემთვის, ეს თამაშები იყო სამარცხვინო, კატასტროფა”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს გამართული მატჩები შეაფასა და ფეხბურთელები გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში საქართველოს ნაკრებმა სამივე მატჩი დათმო. ჩვენი გუნდი კოსოვოსთან 0:1, ესპანეთთან 0:4 და ბულგარეთთან 1:4 დამარცხდა.

“ჩემთვის, ეს თამაშები იყო სამარცხვინო, კატასტროფა. ეს რაც ჩვენ ვნახეთ, ლოგიკაში არ ჯდებოდა, არც იკითხებოდა. მე მრცხვენოდა ნამდვილად.

პირველი მატჩი კოსოვოსთან გვქონდა. ამდენი დღე გავიდა, მაგრამ ვერ ვხსნი, რა მოხდა, რა იყო. პირველი თამაშია ახალ სტადიონზე… ან სტატისტიკას არ კითხულობენ, წლები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შეხვედრა არ მოგვიგია. რაღაც სურვილი ხომ გაქვს, რომ ეს ყველაფერი შეცვალო, უკეთესი გააკეთო? ეთამაშები არაღიარებული სახელმწიფოს ნაკრებს. ალბათ, კოსოვო ერთადერთი გუნდია, რომელზეც იტყვი, რომ ეს თამაში უნდა მოიგო. ის რაც მოედანზე პირველივე წუთიდან ჩანდა, იყო კატასტროფა.

დავიჯერო სულ ცუდი მწვრთნელი გვყავს? არა, ასე არ არის. თუ ფეხბურთელების მიმართაც არ ვიყავით კრიტიკულები, შეუძლებელია წარმატება. მათაც უნდა იგრძნონ ეს ყველაფერი. წავაგებთ თამაშს და ვიძახით – მწვრთნელმა რა გააკეთა, იქ პრეზიდენტის ბრალია. კარგად ვიცი, რომ ჩვენი ფეხბურთელები თავიანთ გუნდებში ცოტას თამაშობენ, მაგრამ კოსოვოს თავდამსხმელს რომ დავუთვალოთ, ჯამში, შესაძლოა, ჩვენს მოთამაშეებზე ნაკლები აქვს ნათამაშები. მას მოედანზე რამე შეატყვეთ? 14 ნომერი ჰყავდათ, არ გაჩერებულა, ისე დარბოდა. დედას ვფიცავარ, ორჯერ დავთვალე, ხომ ნამდვილად 11 თამაშობს მეთქი.

რაც არ უნდა მოუმზადებელი ფეხბურთელი იყო, პირველივე წუთიდან ხომ გეტყობა გინდა თუ არა თამაში. აქ სხვა რაღაც არის, თორემ არგუმენტების პოვნა, გადაბრალება ისეთი ვიცით, ვიპოვით…

მივდივართ ისევ ჩვენს წილ პასუხისმგებლობაზე, პატრიოტიზმზე. მართლა მიხარია ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი სპორტსმენის წარმატება. ნუთუ, შენ არ უყურებ? იგივე ჩვენი ოლიმპიელები, ლაშა ბექაური ტრავმირებული წავიდა, მოიგო, ყველაფერი გააკეთა. შენც ხომ გინდა, რომ ერთხელ აეროპორტში რომ ჩამოხვალ, ხალხი დაგხვდეს, ტაში დაგიკრას? თუ საჭიროა უნდა ვაკრიტიკოთ, ამით მას ვეხმარებით, ეს ცუდი არ არის. მეც უნდა მაკრიტიკოთ.

გულახდილად გეტყვით, როცა ესპანეთთან მატჩისათვის სტადიონზე მივდიოდი და შემადგენლობა გავიგე, არც მე მქონდა კარგი განწყობა. თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ მწვრთნელს ყველა კარგად ჰყავს, ჯანმრთელად, რატომ უნდა შეცვალოს შემადგენლობა? ვიღაც გახურებაზე გამოვიდა, ფეხი ატკივდა. ვიღაცას თავის გუნდში წასვლა უნდოდა… ვილი სანიოლიც უნდა ვაკრიტიკოთ, მაგრამ ჩვენ ხომ ტაქტიკით არ წაგვიგია თამაში? კოსოვომ ჩემზე მეტი არ უნდა ირბინოს, ჩემზე მეტი სპრინტი არ უნდა გააკეთოს და მეტი ორთაბრძოლა არ უნდა მოიგოს.

მე რომ მწვრთნელი ვარ და ვიცი, რა შეუძლია ხოჭოლავას და როგორ ითამაშა პირველი მატჩი, არ მომინდება მისი დაყენება. რაღაც რეაგირება ხომ უნდა ჰქონდეს მწვრთნეს.

ძალიან მიყვარს ნიკა კვეკვესკირი, ის არავის ჩამოუწერია და მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშეა, თუმცა წინა თამაშებში არ იყო მისით მწვრთნელი კმაყოფილი და ამიტომ არ გამოიძახა. ქვილითაიას თამაშითაც არ იყო პირველ მატჩებში კმაყოფილი, შემდეგ აღარ გამოიძახა, ამ სანაკრებო პაუზაზე ისევ იხმო, დააყენა, შეიცვალა რამე?

თქვენ ახსენეთ წიტაიშვილი, გავიგე, რომ იდეალური თამაში არ ჰქონდა, მაგრამ რომ შეხედავ, ხომ ეტყობა, რომ თამაში უნდა. ბურთის მიღება უნდა, კაცს ატყუებს, იქ ჯარიმა დაიდო, მივიდა, მე დავარტყამო. ხვდები, რომ უნდა და განწყობა აქვს”, – განაცხადა კობიაშვილმა.

ლევან კობიაშვილი კვარაცხელიაზე: “პატარა ბავშვი აღარ არის და თვითონ იცის…”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

“ბევრი არაფერი არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, მე მინდა ჯანმრთელი იყოს და ნაკრების თამაში რომ იქნება, აქ იყოს მოედანზე. მანამდეც თამაშობდა იქ სადაც, არის, ჩამოდიოდა და გოლებს იტანდა. თვითონ იცის, აღარ არის პატარა ბავშვი, თვითონ უკეთ იცის რა უკეთესია. მეც, რა თქმა უნდა, ვისურვებდი რომ ტოპ კლუბში იყოს. ჩემთვის მთავარია ჯანმრთელად იყოს ხვიჩა, კიტე, საბა და ყველა”, – განაცხადა კობიაშვილმა.

კვარაცხელია ბოლო 2 სანაკრებო შეკრებაზე ტრავმის გამო ვერ ჩამოვიდა.

ერლინგ ჰოლანდის ჟესტი გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ (ვიდეო)