საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რამდენიმე დღის წინ სამშობლოში დაბრუნდა. როგორც იცით, მას 2 ივლისს სამხრეთ აფრიკასთან სტუმრად გამართული მატჩის შემდეგ კოვიდ 19 დაუდასტურდა. მაისაშვილის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
“ბორჯღალოსნების” თავკაცმა ტელეკომპანია იმედის ეთერში რთული პერიოდი გაიხსენა და ისაუბრა იმაზე, თუ რა გამოიარა.
“დამიჯერეთ, ჩემი წვლილი ამ გამარჯვებაში ყველაზე მცირედია. ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას. ალბათ, არ დარჩენილა ადამიანი, ვინც ჩემზე არ ნერვიულობდა. განსაკუთრებით ჩემი ოჯახი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავაგდე. ამ ბრძოლაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა საპატრიარქომ, ბევრმა სასულიერო პირმა, მათ ლოცვა არ შეუჩერებიათ და მადლობა. რაგბის კავშირი ოპერატიულად მოქმედებდა, ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში მომათავსეს. ცალკე სათქმელია ამ კლინიკის პერსონალისა და ჩემი პირადი ექიმის გმირობა. ქართველი ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილი ამ პროცესების გმირი იყო. ასევე, ელჩის, ბექა დვალის. უამრავმა ადამიანმა მიიღო ამ ბრძოლაში მონაწილეობა.
6 ივლისს მომათავსეს პირველ ჰოსპიტალში, შემდეგ გადამიყვანეს მეორე ჰოსპიტალში. 8 რიცხვიდან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მეგობართან ვისაუბრე, უკვე აღარაფერი მახსოვს. 28 დღის განმავლობაში გათიშული ვიყავი. აპარატი ფილტვებს 100 პროცენტით უბერავდა, მაგრამ სატურაცია 80 პროცენტზეც კი ვერ აჰყავდათ.
რამდენჯერმე უთხრეს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას იქაურმა ექიმებმა, რომ ამ ღამეს ვერ გაატანსო. ერთადერთი ვახტანგ რეხვიაშვილი იყო, ვისაც ბოლომდე სჯეროდა, რომ გამოვძვრებოდი.
მე თვითონ სანამ წავიდოდი, ოჯახური სიტუაცია ისეთი მქონდა, რომ ვადებში ვერ ჩავჯექი ორი დოზით აცრაზე. აცრა ერთ-ერთი პრევენციაა. ალბათ, უკეთ რომ მომენდომებინა, მოვახერხებდი, მაგრამ ხელისშემშლელი პირობები იყო. ყველას თავისი არჩევანი აქვს, მე ვერავის მოვუწოდებ გინდა თუ არა აიცერი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს შემთხვევაში, ვინც აცრილი იყო, ეს პრობლემა არ ჰქონია.
არავინ არ ელოდა, უცბად გავახილე თვალი და შოკში იყო მთელი მედპერსონალი, ჩემი სამეგობრო და ყველა, ვისაც ჩემზე გული შეტკიოდა. პროგნოზი იყო, რომ სამიდან ექვს თვემდე დამჭირდებოდა რეაბილიტაციისათვის, რასაც სრულიად არ ვიზიარებდი. ვერ ვლაპარაკობდი, თვალებითა და ხელებით ვცდილობდი საუბარს.
ერთი თვე დამჭირდა იმისათვის, რომ საქართველოში წამოვსულიყავი. ეს ჩემი კაპრიზი არ ყოფილა. არ არსებობს ქვეყანა, სადაც არ ვყოფილვარ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. მე საქართველოში ვგრძნობ თავს კარგად. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ იქაური ექიმები და ჩვენი რაგბის კავშირი დამერწმუნებინა იმაში, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი. ახლა სატურაცია დალაგებული მაქვს და ჟანგბადი აღარ მჭირდება. წნევები დამირეგულირდა. ფილტვებს სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდება, ყველაფერი დაზიანებული მქონდა. რაღაც პერიოდი აბასთუმანში ვიქნები, რომ ბოლომდე გამოვჯანმრთელდე”, – განაცხადა მაისაშვილმა.