ვასილ მაისურაძის 19-წლამდე ნაკრებმა ესტონეთს მე-2 ამხანაგური მატჩიც მოუგო, თუმცა გაცილებით უფრო რთულად და სანახაობრივად. ჩვენი ბიჭები 90-ე წუთამდე აგებდნენ, თუმცა ჯერ სიხარულიშვილმა გაათანაბრა, 95-ე წუთზე კი პირტახიამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ირაკლი აზაროვი ბათუმის “დინამოში” რჩება
ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დაადასტურა, რომ ირაკლი აზაროვი გუნდში რჩება.
“ტრაბზონსფორთან” და “ბორდოსთან” “დინამოს” სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი და აზაროვის აგენტი მართავდნენ მოლაპარაკებებს. “ბორდოს” შემოთავაზება 400 ათასი ევრო იყო, “ტრაბზონი” კი ბოლოს მილიონ ევრომდეც ავიდა, თუმცა ფეხბურთელმა ბათუმში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
აზაროვი მინიმუმ სეზონის ბოლომდე “დინამოში” დარჩება და მოლაპარაკებები “ტრაბზონსფორთანაც” რამდენიმე თვეში განახლდება.
აზაროვი აჭარაში “დინამო თბილისიდან” 40 ათას ლარად გადავიდა. მას შემდეგ კლუბის ერთ-ერთ ლიდერად და ნაკრების შეუცვლელ მარცხენა მცველად იქცა.
სერდარ აზმუნი: “ზენიტიდან” წასვლა რომც მინდოდეს, არ მიშვებენ”
სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” თავდამსხმელი სერდარ აზმუნი აცხადებს, რომ მას შემოთავაზებები ევროპის წამყვანი ჩემპიონატების კლუბებიდან ჰქონდა, მაგრამ მისი ამჟამინდელი კლუბი ყველა წინადადებას უარით ისტუმრებს.
“ზენიტთან” კონტრაქტი მაქვს. კლუბის დატოვება რომც მინდოდეს, ისინი არ მიშვებენ და ამ დროს არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. შემოთავაზებები “ტოტენჰემიდან”, “ლიონიდან”, “ლევერკუზენიდან” და “რომადან” მქონდა, მაგრამ მათ ყველა უარით გაისტუმრეს. თუ წავალ, ეს მხოლოდ მომდევნო ზაფხულში მოხდება, როცა თავისუფალი აგენტი ვიქნები”, – ციტირებს 26 წლის ირანელის სიტყვებს Calciomercato.com.
შეგახსენებთ, რომ აზმუნი რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მას სხვადასხვა დროს “რუბინსა” და “როსტოვშიც” უთამაშია.
თავდადების მაგალითი – კონსტანტინე ჯანაშიას გამოსვლა მორიგ შეჯიბრზე (ვიდეო)
ქართველმა სთრონგმენმა კონსტანტინე ჯანაშიამ აშშ-ში, Shaw Classic-ში მიიღო მონაწილეობა.
31 წლის სპორტსმენმა ერთ-ერთი გამოსვლისას ტრავმა მიიღო, თუმცა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და შეჯიბრი ტრავმირებულმა დაასრულა.
სერხიო აგუერომ განმარტა, რატომ თქვა უარი “ბარსელონაში” 10-ნომრიან მაისურზე
სერხიო აგუერო აცხადებს, რომ მან “ბარსელონაში” 10-ნომრიან მაისურზე უარი ლიონელ მესის პატივისცემის გამო თქვა.
როგორც იცით, აგუერო კატალონიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით 1 ივლისს შეუერთდა. მისი ტრანსფერიდან სულ მალე, მესიმ “პარი სენ-ჟერმენს” შეუერთდა.
“უარი 10 ნომერზე? ისე არ ყოფილა, თითქოს 10 ნომერი არ მსურდა, ეს მესის პატივისცემის გამო გავაკეთე”, – თქვა აგუერომ.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ახალი 10 ნომერი ანსუ ფატი გახდა.
საქართველოს ნაკრებს ბულგარეთთან მატჩში ვაკო ყაზაიშვილი დააკლდება
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 8 სექტემბერს ბულგარეთის წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ მატჩში ვაკო ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება. ჯერ-ჯერობით უცნობია, რატომ დააკლდება კორეული “ულსან ჰიუნდაის” შემტევი გუნდს სოფიაში ჩასატარებელ შეხვედრაში.
საქართველოს ნაკრები ბულგარეთის დედაქალაქში 6 სექტემბერს ჩაფრინდა და აღდგენითი ხასიათის ვარჯიში ჩაატარა. 7 სექტემბერს ვილი სანიოლი გუნდს მასპინძელ სტადიონზე ავარჯიშებს, რის შემდეგაც პრესკონფერენციას გამართავს.
ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე, 20:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ზარია (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა)
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)
ფოტო: სფფ
ედუარდ ტრიპელმა პოსტი გამოაქვეყნა – ლაშა ბექაურმა მას უპასუხა (ფოტო)
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალისტმა, ძიუდოისტმა ედუარტ ტრიპელმა 4 სექტემბერს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
როგორც იცით, ტოკიოს ოლიმპიადაზე, -90კგ წონითი კატეგორიის ფინალში ლაშა ბექაურმა სწორედ ტრიპელი დაამარცხა. გერმანელმა სპორტსმენმა ქართველს წარმატება კიდევ ერთხელ მიულოცა.
“რა თქმა უნდა, ოქროს მედლის მოპოვება მინდოდა, მაგრამ თუ მას ვინმეს დავუთმობდი, სწორედ ის იქნებოდა. გილოცავ, ლაშა”, – დაწერა ტრიპელმა Instagram-ში.
ტრიპელის პოსტს ლაშა ბექაური გამოეხმაურა: “ძმაო, შენ კაცი ხარ. შენით ვამაყობ.”
43 წლის ჯანლუიჯი ბუფონის რეაქცია “პარმას” მიერ ბოლო წამებში გატანილ გოლზე (ვიდეო)
29 აგვისტოს, იტალიის სერია B-ში “პარმამ” საკუთარ მოედანზე “ბენევენტო” მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა.
გამარჯვების მომტანი გოლი 97-ე წუთზე ვალენტინ მიჰაილამ გაიტანა. გატანილმა გოლმა მასპინძელთა 43 წლის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ისე გაახარა, რომ მან მთელი მოედანი 11 წამში გაირბინა.
იხილეთ ვიდეო
@gianluigibuffon, domenica scorsa, per andare ad esultare con i propri compagni ha registrato il suo Personal Best nei 100 metri 🏃🏻🏅
Vedere per credere 😱😍👏🏻📹⤵️@FilippoTortu, un giudizio sulla performance? 😉😋#ForzaParma #ParmaBenevento pic.twitter.com/C17yGDykmu
— Parma Calcio 1913 (@1913parmacalcio) September 6, 2021
“პსჟ”-ის ხელმძღვანელმა გუნდში ნეიმარის დასარჩენად ბრაზილიელის მამას 20 მლნ მისცა
ესპანური ინტერნეტგამოცემა Sport.es იტყობინება, რომ გასულ ზაფხულს “პარი სენ-ჟერმენის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნეიმარის მამას ანგარიშზე 20 მილიონი ევრო გადაურიცხა, რათა ბრაზილიელი ფეხბურთელი პარიზულ კლუბში დარჩენილიყო.
როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარის გადაბირებას “ბარსელონა” ცდილობდა და კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ პარიზში ნეიმართან მოსალაპარაკებლად ორი პირიც გააგზავნა. თავის მხრივ, არც ნეიმარი იყო “კამპ ნოუზე” დაბრუნების წინააღმდეგი. ბრაზილიელს კვლავ სურდა ლიონელ მესისთან ერთად თამაში. იმხანად არგენტინელი თავდამსხმელი ჯერ კიდევ “ბარსელონაში” ირიცხებოდა.
მოგვიანებით “ბარსელონამ” გამოაცხადა, რომ მესითან შრომით ხელშეკრულებას ვეღარ გაახანგრძლივებდა, რაც ესპანური ლიგის ფინანსური და სტრუქტურული დაბრკოლებებით იყო გამოწვეული. არგენტინელმა ფეხბურთელმა “პარი სენ-ჟერმენს” მიაშურა და პარიზულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლის ვადით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
რამდენი ფეხბურთელის დებიუტი შედგა სანიოლის ნაკრებში?
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვილი სანიოლი 15 თებერვალს დაინიშნა და მას შემდეგ ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით 7 მატჩი გამართა. აქედან მხოლოდ 1 მატჩში გავიმარჯვეთ რუმინეთთან, 1 ფრე საბერძნეთთან და 5 წაგება. 7 შეხვედრაში 10 ფეხბურთელის დებიუტი შედგა და 6 მათგანი ბათუმის “დინამოს” წევრია.
შვედეთი 1:0 – გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბთ), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი), ჟორჟ მიქაუტაძე (სერენი)
რუმინეთი 1:2 – ლაზარე კუპატაძე და ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი)
ჰოლანდია 3:0 – სერგო კუხიანიძე (სამგურალი)
კოსოვო 1:0 – გიორგი წიტაიშვილი (დინამო კიევი)
ესპანეთი 4:0 – სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ზარია, ლადო მამუჩაშვილი (ყველა “დინამო ბათუმი)
საბერძნეთთან და ესპანეთთან პირველ თამაშში დებიუტი არ ყოფილა.
ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელების გამოძახებაზე პასუხისმგებელი პირია სანიოლის ასისტენტი, ზურაბ ხიზანიშვილია.
ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალური განცხადება
ქუთაისის “ტორპედომ” ახალ მფლობელთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.
ავთანდილ ხურციძეს 14 სექტემბერს გაათავისუფლებენ!
სოციალურ ქსელ Facebook-ში, ავთანდილ ხურციძის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა. როგორც ირკვევა, 14 სექტემბერს ქართველ მოკრივეს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ.
იხილეთ განცხადება:
“მოგესალმებით გულშემატკივრებს, მეგობრებს, ნათესავებს. მინდა გაცნობოთ და გახაროთ, რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე. თავისუფლება ზუსტად ისეთია, როვორიც გახლავართ მე. გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს, სულ დარჩენილი რამოდენიმე ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში.
ამისთვის მქონდა მთელი ხუთ წლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა, რათა მომეხდინა ძალების შეგროვება ყველაზე ძლიერ ადგილზე, ფედერალურ საკანში. რაღა დაგიმალოთ და უკეთეს პირობებში, რაც კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს, არ დაგზარდებით და აგისახავთ ამა თუ იმ პირობებს, ფეხბურთის სტადიონი სტანდარტებში მოთავსებული ირბინე ენის წაგდებამდე არაა პრობლემა. კრუგზე შტანგების და ტრენაჟორების დარბაზი, ტიხარი გვერდით სარბენი მანქანები ერთი ოთხი, რავიცი სკაკალკები, მძიმე ბურთები, პრესის საკაჩაო დანადგარები და სხვადასხვა ესეთი მოსამზადებელი საშუალება, რაც ჩემს ქვეყანაში არასდროს არ მქონია. ასე რომ, მე კმაყოფილი ვარ ესეთ პირობებში მყოფი ავთანდილ ხურციძე და მზად მყოფი კარიერის კარიერის გასაგრძელებლად.
დიდი მადლობა ამერიკას დროულად გათავისუფლებისთვის და გათვალისწინებისთვის ამა თუ იმ საკითხის, ყოფა ქცევით და დისციპლინის. მადლობა შეფასებისთვის და დაღვრილი ოფლის დაფასებისთვის და აქვე დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს ქალბატონ მეგანს და ბატონ კენის ბოლომდე გვერდით დგომისთვის. პატივისცემით თქვენი ავთანდილ ხურციძე”, – აცხადებს ხურციძე.
შეგახსენებთ, რომ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს აშშ-ში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. საბრალდებო მასალების მიხედვით, ქართველი მოკრივე რუსული მაფიის ბოსის – რაჟდენ შულაიას “კუნთი” იყო. შულაიას დაჯგუფებას ბრალი რეკეტში, არალეგალურ აზარტულ თამაშებში, ფულის გამოძალვაში, თაღლითობაში და ფინანსურ მაქინაციებში ედებოდა. ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.