“პსჟ”-ს ფანები კილიან მბაპეს სტვენის ფონზე მიეგებნენ

“პარი სენ-ჟერმენმა” საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში “სტრასბურგი” ანგარიშით 4-2 დაამარცხა. პარიზელთა მხრიდან გოლები იაკრდიმ, მბაპემ, დრაქსლერმა და სარაბიამ გაიტანეს.

მატჩის დაწყებამდე “პარი სენ-ჟერმენის” გულშემატკივრები კილიან მბაპეს სტვენის ფონზე მიეგებნენ. ამის მიზეზი პრესაში ბოლო დროს გავრცელებული ჭორები გახლავთ, რომლის მიხედვითაც ფრანგ სუპერვარსკვლავს კლუბის დატოვება სურს.

“ჩელსი” აბრაჰამს 40 მილიონად ყიდის და 80 მილიონად გამოსყიდვის შანსს იტოვებს

ლონდონის “ჩელსის” ახალგაზრდა შემტევი, ტამი აბრაჰამი, კარიერას “რომას” რიგებში გააგრძელებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით ტრანსფერი რამდენიმე საათში უნდა გაოფიციალურდეს.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, “რომა” 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში 40 მილიონ ევროს გადაიხდის. ლონდონური კლუბი კი ფეხბურთელის 80 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შანსს იტოვებს. ეს პუნქტი 2023 წლის ივნისის შემდეგ გააქტიურდება.

გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით აბრაჰამი იტალიურ გრანდთან ხელშეკრულებას 2026 წლამდე მოაწერს ხელს და სეზონში ხელფასის სახით 4-5 მილიონ ევროს მიიღებს.

ფილ ჯოუნსმა ვარანს 4-ნომრიანი მაისური არ დაუთმო

პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩის დაწყებამდე “მანჩესტერ იუნაიტედმა” რაფაელ ვარანი წარადგინა. ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი რამდენიმე კვირის წინ იყო შეთანხმებული, თუმცა დღემდე არ გაოფიციალურებულა.

ბრიტანულ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, “რეალის” ყოფილ ვარსკვლავს ახალ კლუბში 4-ნომრიანი მაისურით სურდა თამაში და თხოვნით ფილ ჯოუნსს მიმართა, თუმცა უარი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ფილ ჯოუნსს უკვე 19 თვეა “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში არ უთამაშია, 4 ნომრის დათმობას არ აპირებს. ასე რომ, ფრანგი ცენტრალური მცველი “ოლდ ტრაფორდზე” 19-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

“ლიდსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა იჩხუბეს (ვიდეო)

მანჩესტერში პრემიერ ლიგა დაბრუნდა. შაბათის სათამაშო დღე “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლიდს იუნაიტედის” დაპირისპირებამ გახსნა. შეხვედრა “წითელი ეშამკუნების” გამარჯვებით, ანგარიშით 5-1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში პირველად “ოლდ ტრაფორდი” სრულად შეივსო. მატჩის დაწყების წინ პრინციპულმა მეტოქეებმა ერთმანეთში იჩხუბეს, რისი კადრებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ჯეკომ “ინტერში” სადებიუტო გოლი გაიტანა

ბოსნიელი თავდამსხმელი ედინ ჯეკო “რომადან” მილანის “ინტერში” გადავიდა. 35 წლის ფეხბურთელი “ნერაძურის” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით ექნება.

ედინ ჯეკომ დღეს კიევის “დინამოს” წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში (3:0) ითამაშა და სადებიუტო გოლიც გაიტანა.

“ბარსელონამ” პიკეს წყალობით დეპაის დარეგისტრირება შეძლო

კატალონიის “ბარსელონა” ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კლუბმა მემფის დეპაის, ერიკ გარსიასა და რეი მანაის დარეგისტრირება შეძლო ლა ლიგაში პირველი მატჩის გამართვამდე.

აღსანიშნავია, რომ ყოველივე ეს “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ჟერარ პიკეს დახმარებით შეძლეს. გუნდის კაპიტანი ხელფასის შემცირებას დათანხმდა, რათა კლუბს ზემოხსენებული ოპერაცია განეხორციელებინა.

ამ დროისთვის “ბარსელონა” ხელფასის შემცირების თაობაზე ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს სერხიო ბუსკეტსთან და ხორდი ალბასთან. ბოლო ინფორმაციით, ორივე მათგანი თანახმაა ხელფასის შემცირებაზე.

ასე რომ, ლა ლიგის გახსნით ტურში “რეალ სოსიედადთან” თამაშს სამივე ზემოხსენებული ფეხბურთელი შეძლებს. თუმცა სერხიო აგუეროს ტრანსფერი გუნდს ჯერაც არ დაურეგისტრირებია.

“არსენალი” ობამეიანგის გასაყიდად ემზადება, არტეტას მისი ფორმა არ მოსწონს

პრემიერ ლიგის 2021/22 წლების სეზონის გახსნით მატჩში “ბრენტფორდმა” ლონდონის “არსენალი” ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა (2:0). მატჩში მონაწილეობა არ მიუღია გუნდის ლიდერ პიერ-ემერიკ ობამეიანგს.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, “მეთოფეები” გაბონელი ფეხბურთელის გასაყიდად ემზადებიან. ESPN-ის ინფორმაციით, მიკელ არტეტა უკმაყოფილოა ობამეიანგის სათამაშო ფორმით.

გეტყვით იმასაც, რომ 32 წლის ობამეიანგი ხელფასის სახით კვირაში 250 ათას ფუნტს იღებს, რაც მის მსურველებს დიდ პრობლემას უქმნის. პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ობამეიანგმა თავი 10 გატანილი გოლით გამოიჩინა.

საბოლოო შედეგები – ვის რა თანხა გადაეცა სახელმწიფოსაგან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ?

14 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელებისათვის საპრიზო თანხა გაიზარდა. აქამდეც ცნობილი იყო, რომ 2020 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულს 1 მილიონ ლარს გადასცემდნენ. ახალი ინფორმაციით, მეორე ადგილოსანი 500 000 ლარს, ხოლო მესამე პოზიციაზე გასული 250 000 ლარს მიიღებს.

გარდა ამისა, ცნობილია, რა თანხა ერგებათ სახელმწიფოსაგან იმ ქართველ სპორტსმენებს, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მე-4 და მე-5 ადგილები დაიკავეს.


I ადგილი

ლაშა ტალახაძე – 1 000 000 ლარი (დამატებით 500 000 ლარი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდებისათვის)
ლაშა ბექაური – 1 000 000 ლარი


II ადგილი

ვაჟა მარგველაშვილი – 500 000 ლარი
ლაშა შავდათუაშვილი – 500 000 ლარი
გურამ თუშიშვილი – 500 000 ლარი
იაკობ ქაჯაია – 500 000 ლარი
გენო პეტრიაშვილი – 500 000 ლარი


III ადგილი

ანტონ პლესნოი – 250 000 ლარი


IV ადგილი

სანდრო ბაზაძე – 20 400


V ადგილი

რამაზ ზოიძე – 13 600 ლარი
გოგიტა არქანია – 13 600 ლარი
ესკერხან მადიევი – 13 600 ლარი
ეთერ ლიპარტელიანი – 13 600 ლარი
ტატო გრიგალაშვილი – 13 600 ლარი
ვარლამ ლიპარტელიანი – 13 600 ლარი


ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელები 500 000 ლარს მიიღებენ

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ქართველი სპორტსმენები სახელმწიფოსაგან გაზრდილ თანხას მიიღებენ.

როგორც იცით, საქართველოს დელეგაციის ტოკიოში გამგზავრებამდე, ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიურ ჩემპიონებს 1 მილიონი ლარი გადაეცემოდათ.

დღეს, საქართველოს მთავრობის წევრები ოლიმპიელებს შეხვდა, სადაც პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვერცხლის მედალოსნები 102 800 ლარის ნაცვლად, 500 000 ლარს მიიღებენ. ასევე, ბრინჯაოს მედლის მფლობელებს 68 000 ლარის ნაცვლად, 250 000 ლარი გადაეცემათ.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური გახდნენ. ვერცხლის მედალს დაეუფლნენ ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, იაკობ ქაჯაია და გენო პეტრიაშვილი, ხოლო ანტონ პლესნოი ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

ლუკ ეილინგის შესანიშნავი გოლი “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

“ბარსელონამ” კოუტინიო იტალიურ კლუბს შესთავაზა

კატალონიის “ბარსელონას” ფილიპე კოუტინიოს გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი. როგორც იცით, “ბლაუგრანას” სეზონის დაწყებამდე რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა უწევს, რითიც ფინანსური ბალანსი უნდა აღადგინოს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა “ბრაზილიელი ჯადოქარი” “ლაციოს” შესთავაზეს. რომაულ კლუბს 29 წლის ფეხბურთელის არენდის წესით გაფორმების შესაძლებლობაც აქვს იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის ნაწილის გადახდაზე დათანხმდება.

კოუტინიოს განათხოვრების მთავარ პრობლემას სწორედ ფეხბურთელის დიდი ხელფასი წარმოადგენს. კოუტინიო სეზონში 20 მილიონ ევროს იღებს ხელფასის სახით.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობაზე ვრცელდებოდა ჭორები, რომლის მიხედვითაც კოუტინიოს დაბრუნების შესაძლებლობას აქტიურად განიხილავდნენ “ლივერპულის” ბანაკშიც.