“დინამო თბილისის” საუკეთესო ტრანსფერი – ზორან მარუშიჩი!
“დინამო თბილისმა” ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე ტრანსფერის განხორციელება ვერ შეძლო და იმ ფეხბურთელებზე მოუწია დაყრდნობა, რომლებიც სეზონის წინ დაიმატა. მათ შორის, ერთ-ერთი ლეგიონერი, სერბი თავდამსხმელი ზორან მარუშიჩია.
მარუშიჩი “დინამოში” ბელარუსული “ნემანიდან” გადმოვიდა და ეროვნულ ლიგაში 21 მატჩში 9 გოლი შეაგდო. ზორანმა “დინამო ბათუმთან” პირადად შეუსრულა გაგი მარგველაშვილს და გოლი გაიტანა. გუშინდელ შეხვედრაში მარუშიჩმა საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით თბილისელთა მხრიდან ერთადერთი ბურთი დადო.
შეიძლება ითქვას, ზორანს “დინამოში” კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვს. 9 გოლს 4 საგოლე პასთან ერთად ფლობს და მოსალოდნელია, მისი სატრანსფერო ფასი საგრძნობლად გაიზარდოს. არადა, კონტრაქტი 2021 წლის დეკემბერს ეწურება და თუ მას გაუმჯობესებული კონტრაქტი არ შესთავაზეს, გუნდს აუცილებლად დატოვებს.
საკმაოდ ნორმალურად თამაშობს ასევე სერბი ნახევარმცველი მილან რადინი, რომელსაც კარგი ხედვა და კარგი პასი აქვს.
მიმდინარე სეზონში “დინამომ” სერბეთიდან საუკეთესო შევსება მიიღო, მაშინ როცა სლოვაკი ფილიპ ორშულა 7 ათასი ევროთი მე-4 ლიგაში თამაშობდა, ჰოლანდიელი როდნი კლოუსტერი კი “დინამოს” შემდეგ კარიერას ასრულებს და ფიტნესის ტრენერი ხდება.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ დეშამთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ განაცხადა, რომ დიდიე დეშამი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას გააგრძელებს.
“ყატარში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდს დეშამი უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება სამ წუთში მივიღეთ. თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი საკმაოდ ძლიერია. არავითარი კამათი არ ყოფილა. არ უნდა დავივიწყოთ ის, რაც გაკეთდა. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც შესანიშნავი უნარები აქვთ. ჩვენს მწვრთნელსაც მშვენიერი უნარები გააჩნია”, – ლე გრეს კომენტარს “ლეკიპი” ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ დიდიე დეშამი “ლე ბლუს” 2012 წლიდან თავკაცობს. მისი თავკაცობით გუნდმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის, ხოლო 2018 წლის მსოფლოის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვა.
საფრანგეთის ნაკრები ევრო-2020-ს მერვედფინალურ ეტაპზე შვეიცარიის ეროვნულმა გუნდმა გამოთიშა.
სტანისლავ ჩერჩესოვი რუსეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
რუსეთის ფეხბურთის კავშირმა ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტიდან სტანისლავ ჩერჩესოვი და მისი სამწვრთნელო შტაბი გაათავისუფლა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს.
რუსეთის ფეხბურთის კავშირმა ახალი მწვრთნელის ძიება უკვე დაიწყო. ერთ-ერთ ვარიანტად ანდრე ვილაშ-ბოაშის კანდიდატურა დასახელდა, თუმცა პორტუგალიელმა სპეციალისტმა ინფორმაცია უარყო.
შეგახსენებთ, რომ ჩერჩესოვის თავკაცობით რუსეთის ნაკრებმა ევრო-2020-ის ჯგუფურ ეტაპზე უკანასკნელი ადგილი დაიკავა. გუნდმა ტურნირზე მიიღო შვიდი და გაიტანა მხოლოდ ორი ბურთი.
სერხიო რამოსი: “მინდა, რომ “პსჟ”-ს ტიტულების მოგებაში დავეხმარო”
დღეს სერხიო რამოსსა და “პარი სენ-ჟერმენს” შორის შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა. მხარეებმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. ესპანელმა მცველმა ფრანგილ კლუბში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
“პარი სენ-ჟერმენში” გადმოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ტრანსფერი დიდი ცვლილება და ახალი გამოცდილებაა ჩემს ცხოვრებაში. დღევანდელ დღეს არასდროს დავივიწყებ. ვამაყობ, რომ ამ ამბიციური პროექტის ნაწილი გავხდი. მიხარია, რომ მშვენიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდში გადმოვედი. “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარი თავი უკვე წარმოაჩინა უმაღლეს დონეზე. მინდა, რომ გუნდთან ერთად გავაგრძელო ზრდა და მას ტიტულების მოგებაში დავეხმარო”, – სერხიო რამოსის კომენტარი პარიზული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის ესპანელი მცველი “პარი სენ-ჟერმენს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. სერხიო რამოსი პარიზული გუნდის ღირსებას 4-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
ინგლისის ნაკრების კარში დანიელთა გოლი არ უნდა ჩათვლილიყო?
წუხელ, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ინგლისის ნაკრებმა დანიის ეროვნული გუნდი დაამტებით დროში ანგარიშით 2:1 დაამარცხა. დანიელებმა გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანეს, თუმცა, ბრიტანული გამოცემა “დეილი ექსპრესი” ყურადღებას ამახვილებს ამ ეპიზოდზე და აღნიშნავს, რომ მიკელ დამსგორმა ბურთი თამაშის წესის დარღვევით გაიტანა.
ფიფას წესებში ვკითხულობთ:
“როდესაც სამი ან მეტი დამცველი მოთამაშე ქმნის “კედელს”, შემტევი გუნდის ყველა მოთამაშე უნდა დარჩეს არანაკლებ 1 მეტრის მანძილზე “კედლიდან” ბურთის თამაშში შესვლამდე”.
აღნიშნულ მომენტში დანიელი ფეხბურთელები ინგლისელთა “კედელს” მიუახლოვდნენ და მეკარე ჯორდან პიკფორდს მხედველობის არეალი შეუზღუდეს, რითაც წესი დაარღვიეს. აღნიშნულის მიუხედავად, მთავარმა არბიტრმა დანი მაკელიმ გოლი ჩათვალა.
ევრო-2020-ის ფინალში ინგლისის ნაკრების მეტოქე იტალიის ეროვნული გუნდი იქნება. შეხვედრა 11 ივლისს, “უემბლიზე” გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
უეფამ ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო
შესაძლოა, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია დააჯარიმოს. მიზეზი ევრო-2020-ის ნახევარფინალურ ეტაპზე ინგლისისა და დანიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (1:1; დ.დ. 2:1) ინგლისელი ფანების ქმედებებია.
უეფას სადისციპლინო კომიტეტი ინგლისის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს: მატჩის მიმდინარეობისას ლაზერული სანათის გამოყენება, სახელმწიფო ჰიმნების შესრულებისას მოწყობილი არეულობა, პიროტექნიკის გამოყენება.
ევრო-2020-ის ფინალში ინგლისის ნაკრების მეტოქე იტალიის ეროვნული გუნდი იქნება. შეხვედრა 11 ივლისს, “უემბლიზე” გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
“ვის აგინებ? გაგგლიჯავ ცემით” – ინციდენტები “დინამო არენაზე” (ვიდეო)
7 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამო” საკუთარ მოედანზე ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
მატჩის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ, “დინამოს” ფანებისგან შემდგარი ჯგუფი კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას წინააღმდეგ სკანდირებდა: “დინამო ფიფიას გარეშე”.
მატჩის დასრულების შემდეგ, ფანების ნაწილის ამ შეძახილს ინციდენტი მოჰყვა. კადრში ჩანს რომან ფიფია, რომლის გვერდზე მყოფმა პირმა ერთ-ერთ ფანს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა: “მაგ ვიდეოს გაგთხრი ტ***ში, ჩამოდი ქვემოთ!”