რამდენ მილიონს ითხოვს რომან ფიფია “დინამოს” სანაცვლოდ?

თბილისის “დინამოს” მფლობელმა რომან ფიფიამ გუნდის გაყიდვა ოფიციალურად გადაწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფიფია “დინამოს” სანაცვლოდ 25-30 მილიონ ლარს ითხოვს.

გასულ წელს “დინამომ” 16 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღო და თითქმის 6 მილიონი ლარის მოგება დარჩა, 9 მილიონზე მეტი კი ხელფასებში დაიხარჯა.

ფიფია კლუბში ინვესტორის მისვლას და კონკრეტული რაოდენობის აქციების გაყიდვასაც განიხილავს. ამ შემთხვევაში, “დინამოს” გარკვეული წილის მფლობელად კვლავ რომანი დარჩება.

ფიფიას განცხადებით, მას საკმარისი ფინანსები არ აქვს გუნდის დასაფინანსებლად.

ლაშა ნოზაძე: “არაფრის არ შეგვეშინდება, ბოლომდე ვიბრძოლებთ”

“საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ “სტიაუას” 1-0 დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

“ფეხბურთელებს ვუხდი მადლობას. ვაჟკაცები არიან, ძალიან მაგარი ბიჭები. გვყავს გამოცდილი ფეხბურთელები და ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ვისთვისაც ეს თამაშები პირველი ნაბიჯებია ფეხბურთში. დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მათაც ჰქონდათ 2-3 კარგი მომენტი, მაგრამ მთლიანობაში, გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა. ეს ნახევარი ნაბიჯია და ყველას გპირდებით, ეს ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ, იქაც არ შეირცხვენენ თავს და ქართული ფეხბურთის რეპუტაციის დაცვას შეეცდებიან”

“ბათუმის “დინამოს” წაგება ძალიან დასანანი იყო. ტირანაში პირველი ტაიმის შემდეგ უკვე ვიცოდით, რომ “დინამო” და “დილა” გავარდნილები იყვნენ. ბიჭებს ვუთხარი ეს ყველაფერი გასახდელში, რომ მხოლოდ ჩვენ შეგვეძლო ქართველი ხალხისთვის სიხარულის მოტანა. ამან მუხტი მისცა გუნდს და ვაჩვენეთ, რაც შეგვიძლია”

“მათაც მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ ღირსეულად გამოვიდეთ, ვიმუშავებთ პრობლემებზე. თამამები ვიქნებით და არაფერს დავზოგავთ. მადლობა ჩემ ბიჭებს და გულშემატკივრებს. არაფრის არ გვეშინია”

ეს ბიჭი 36 წლის არის? – ჯაბა კანკავას მაგარი მომენტი 92-ე წუთზე (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯაბა კანკავას, გურამ კაშიასა და გიორგი ჩაკვეტაძის “სლოვანმა” “ფერენცვაროშს” 1-2 მოუგო.

კაშიამ გამათანაბრებელი გოლი გაიტანა, ჩაკვეტაძემ საგოლე პასი გააკეთა, ჯაბა კანკავამ კი სოლიდური მატჩი ჩაატარა. მათ შორის, 92-ე წუთზე 36 წლის ასაკში საოცარი სპრინტი შემოგვთავაზა.

ოფიციალურად: რომან ფიფიამ “დინამოს” გაყიდვა გადაწყვიტა

დინამო თბილისის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება კლუბის გასხვისების შესახებ. რომან ფიფიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით,

დინამო თბილისის გასხვისების შესახებ ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ დავფიქრებულვარ და ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ. ეს კლუბი, მისი შეძენის პირველივე წუთიდან ჩემთვის ძვირფასი და მთავარი ზრუნვის ობიექტია, სწორედ დინამო თბილისის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება კლუბის განვითარებისთვის აუცილებელია.

გულშემატკივრის, მედიის, ვეტერანი ფეხბურთელებისა თუ სხვა ჯგუფების მხრიდან დინამო თბილისის მიმართ ინტერესიც, სიყვარულიც, კრიტიკაც და მოლოდინიც ყოველთვის განსაკუთრებულია, დღევანდელი მოცემულობით კი იმ მიზნების მისაღწევად, რაც დინამო თბილისს, მის ისტორიას და გულშემატკივარს შეეფერება, ამ ეტაპზე, ჩემი პირადი ფინანსური რესურსი კლუბის სამართავად არასაკმარისად მიმაჩნია.

მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებებისა, რომელიც დინამო თბილისის გულშემატკივარმა სხვადასხვა პერიოდში იგემა, პირადი ინტერესი კლუბის ინტერესზე წინ არასდროს დამიყენებია და ვფიქრობ ეს ნაბიჯიც ამ სიტყვების კიდევ ერთი დასტურია.

ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვარ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დინამო თბილისის შეძენით ან კლუბში შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებით. ამასთანავე, მინდა ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესახებ გამცნოთ – გასხვისების პარალელურად მზად ვარ განვიხილო დინამო თბილისის სააქციო საზოგადოების ფორმით მართვა, სადაც კლუბის აქტივების მფლობელები იქნებიან დაინტერესებული ადამიანები სხვადასხვა ბიზნეს თუ სოციალური წრეებიდან, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი თბილისელების ჩართულობას ექნება, ვინაიდან დინამო თბილისი იყო, არის და იქნება დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და მისი თილისმა.

დეტალურად, ამ გადაწყვეტილებისა და სხვა საკითხების შესახებ, გულშემატკივარი და ყველა დაინტერესებული მხარე, დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიიღებს“.

Fcdinamo Tbilisi

ძუნწი მანუელ ნოიერი და გაბრაზებული ტაქსის მძღოლი

მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ, მანუელ ნოიერმა ტაქსით მგზავრობისას 800 ევრო, საკრედიტო ბარათები და პირადობის მოწმობა დაკარგა.

ტაქსის მძღოლი ჰაზირი პატიოსანი კაცი აღმოჩნდა, ერთ-ერთ დოკუმენტზე ნოიერის სახლის მისამართი წაიკითხა, 50 კილომეტრზე მეტი გაიარა და მანუს ორ სახლში მიაკითხა. მეკარე არცერთ სახლში არ აღმოჩნდა და ბოლოს მძღოლმა ნოიერის მრჩეველს გადასცა საფულე.

2 დღის შემდეგ ჰაზირის სახლში ნოიერის ხელმოწერიანი მაისური მივიდა, თუმცა ეს ტაქსის მძღოლს ნაკლებად გაუხარდა.

50 კილომეტრის და დროის დახარჯვის გარდა, თითქმის 400 ევრო დახარჯა და სანაცვლოდ მხოლოდ მაისური მიიღო.

“სახლში 4 შვილი მყავს და არ ვიცი ამ მაისურით რა გავაკეთო”.

თავის მხრივ, ნოიერი Bild-თან კომენტარზე უარს აცხადებს.

 

“მამარდაშვილის საკითხი ყველაზე მეტად მაღელვებს” – ფანები “ვალენსიას” უტევენ

“დორტმუნდის ბორუსიასთან” გუშინდელი თამაშის შემდეგ “ვალენსიას” ფანები ხელმძღვანელობას სთხოვენ, გიორგი მამარდაშვილის საკითხი, რაც შეიძლება მალე მოაგვარონ.

მამარდა კლუბის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, თუმცა მისი გამოსასყიდი თანხა მხოლოდ 20 მილიონს შეადგენს და ეს ფანებს აღელვებს.

“ღმერთო ჩემო. მამარდას საკითხი მაღელვებს, სანამ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. რა გოლკიპერი გვყავს”

“მე მას პირადად ბუფონის, კასილასის, ობლაკისა და კურტუას დონეზე დავაყენებდი”

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი დომინიგო ორტისი წერს, რომ მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია და როცა “ღამურებს” რეგისტრაციისთვის შესაფერისი დრო ექნებათ, მამარდა ახალ ხელშეკრულებას დადებს.

გამოსასყიდი უკვე 100 მილიონ ევროზე ავა და ამის შესახებ ყველაზე პირველი სწორედ ჩვენ ვწერდით.

“არ შეიძლება მას ლელო დავუძახოთ?” – იტალიელები კვარას სხვადასხვა სახელს ურჩევენ

ცნობილი ნეაპოლელი ანნა ტრიესტე, რომელიც “ნაპოლის” დიდი ქომაგია, Skyitalia-ს ჟურნალიტს, კარლო ალვინოს დახმარების თხოვნით მიმართავს.

“ძვირფასო კარლო, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა KK-ს ახსენებ, არ ვიცი. არ შეიძლება რომ კვარაცხელიას სხვა რამ დავუძახოთ. მაგალითად ლელო?”

ალვინომ ტრიესტე “ნაპოლის” პრეზიდენტის, დე ლაურენტისის მიერ კვარასთვის შერქმეული “ჩიჩით” უპასუხა.

კომენტარებში გულშემატკივრები მას სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობენ.

“კვარადონა”

“კვიარასტელა”

“მიმო”

“რაფაელი”

“კელია”

“გუარატელა”

“დედაჩემმა სახელი ვერ გაიგო და მას კიარასტელას ეძახის”

“ქართველი-სენეგალელი”, რათა კულიბალიც დაგვავიწყოს”

ქართველი ნეაპოლში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა.

ბათუმის “დინამოს” მეტოქე მძიმე კრიზისშია

ბათუმის “დინამო” 21/28 ივლისს კონფერენს ლიგაზე პოლონურ “ლეხს” დაუპირისპირდება.

“ლეხი” ამ მატჩამდე საკმაოდ მძიმე კრიზისშია და 3-მატჩიანი წაგების სერია აქვს.

გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან “ყარაბაღმა” გამოაგდო. ჯერ “ლეხმა” 1-0 მოიგო, ხოლო, აზერბაიჯანში 5-1 განადგურდა.

პოლონეთის სუპერთასზე “რაკუვმა” 0-2 დაამარცხა. ბოლოს კი ჩემპიონატის პირველ ტურში “სტალ მიელეცთან” 0-2 წააგო.

გუნდის შემადგენლობაში 2 ქართველი, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი ირიცხებიან.

მილანში შემთხვევით ბაკაიოკო დაიჭირეს (ვიდეო)

“მილანის” ფეხბურთელი ტიემუე ბაკაიოკო მილანში დამნაშავეში აერიათ და შემთხვევით დაიჭირეს, თუმცა მაშინვე გაათავისუფლეს.

ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“ნაპოლი” კვარაცხელიასთან ერთად რეკორდებს ამყარებს

ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” რიგებში მორიგი გოლი “პერუჯას” გაუტანა და გულშემატკივრებში კვლავ აღფრთოვანება გამოიწვია.

“ნაპოლის” ამხანაგური მატჩები ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გადის და ამ მხრივ, სრული რეკორდები იხსნება.

აქამდე 70-80 ათასი მაყურებელი ამხანაგურ შეხვედრებს პირდაპირ ეთერში არასდროს ადევნებდა თვალს და ხვიჩას დამსახურებით, ეს რიცხვი ერთბაშად სამჯერ გაიზარდა.

პოსტებსა და სურათებზე ყველაზე მეტი რეაქციები სწორედ ქართველის ანგარიშზეა.

ვახო სანაია ობოლაძეს: “დათუნაშვილს რომ სცემეს და ქვეყნიდან გააქციეს, მაშინ სად იყავი?”

დიმა ობოლაძის განცხადებას ხვიჩა კვარაცხელიაზე ვახო სანაია გამოეხმაურა და ობოლაძეს მიმართა.

დიმა ობოლაძე ყოველთვის გამოირჩეოდა სამოქალაქო პოზიციით. ვერ დაასწრებ. სულ რაღაცას აპროტესტებს იმედის ეთერში, იმ წვერებიანი წამყვანის არ იყოს. სულ ყურთან რომ უპიპინო, ჩირგვებიდან ვერ გამოიყვან, სამაგიეროდ აგერ გაუღვიძებიათ დილით და ძალით გაბრაზებული სახით რაღაცას ალაპარაკებენ.

ზურაბ დათუნაშვილს რომ სცემეს და ქვეყნიდან გააქციეს, მანდ რომელი ბუჩქიდან აპიპინებდა ნეტა ?!” – დაწერა სანაიამ.

გიგა მაქარაშვილმა, ვახო სანაიამ და სხვებმა კვარაცხელიას მიმართ ბულინგი დაიწყეს. მათ კვარაცხელიას მიერ რუსეთზე დაფიქსირებული პოზიცია არ მოეწონათ.

“მე წამოვედი რუსეთიდან და ჩამოვედი საქართველოში, რადგან ჩემ ქვეყანას ასე სჭირდებოდა და სწორად მოვიქეცი” – ხვიჩა.

დიმა ობოლაძე კვარაზე: “მხარი დაუჭირე თუ შეგიძლიათ და თუ არა, ჩუმად იყავით”

კომენტატორმა დიმა ობოლაძემ “იმედის ეთერში” ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ბულინგზე ისაუბრა.

“ბიჭი გამოვიდა და თქვა, წამოვედი რუსეთიდან საქართველოშიო. რა უნდა გაკეთებინა, წამომხტარიყო და თქვენ რასაც იძახით, ის უნდა ეძახა. თქვენზე ნაკლები პატრიოტი ნახეთ ეს ბიჭი თუ რაა. ჩავიდა “ნაპოლიში”. მარადონა იყო იმ გუნდში და კვარადონას ეძახიან. მხარი დაუჭირე თუ შეგიძლია და თუ არა, ჩუმად იყავით. ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. რაღაცა სხვა სამყაროში მოხვდა, სულ იცინის, თქვენ საერთოდ არ იცინით. გაჭიმული ზამბარივით რომ დახტიხართ ყოველდღე, ვის რა ავნოთ” – თქვა ობოლაძემ.

გიგა მაქარაშვილმა, ვახო სანაიამ და სხვებმა კვარაცხელიას მიმართ ბულინგი დაიწყეს.