ოფიციალურად: ჯიმი ტაბიძე თბილისის “დინამოს” ფეხბურთელია

რამდენიმე წუთის წინ თბილისის “დინამომ” ოფიციალურად დაადასტურა ჯიმი ტაბიძის ტრანსფერი.

ჯიმის 2-წლიანი კონტრაქტი ბელგიურ “კორტრაიკთან” 2 კვირის წინ ჰქონდა გაფორმებული, მაგრამ გუნდს მოულოდნელად დაემშვიდობა და “დინამოში” ჩამოვიდა.

ტაბიძე წლების განმავლობაში “უფაში” გამოდიოდა და საქართველოს ნაკრების წევრი იყო. 26 წლის ფეხბურთელს ტრავმის გამო უქმობა მოუწია, თუმცა ახლა სრულად გამოჯანმრთელდა.

ჯიმი “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია.

მერაბ მეტრეველი: “რომან ფიფია ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა”

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება და განსაკუთრებით, “დინამოს” შემთხვევაზე წერს.

“სამი ქართული გუნდი გამოდიოდა კონფერესლიგაზე და სამივემ წააგო.

ყველაზე დიდი საოცრება კი თბილისის დინამომ ქნა – ესტონურ გუნდთან სახლში 2:3 წააგო, თან ისე, რომ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე 2:1-ს იგებდა.

ისეთი სულელური გოლები გაუშვეს, ლამისაა ვიფიქრო, რომ საკუთარ წაგებაზე დადებული ქონდათ. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, თუმცა რა გვაქვს სახუმარო? ჩვენი ჩემპიონატი უკვე ყველას ჩამორჩება. რომ არა ბათუმის “დინამო”, მთლიანად მოგვეჭრებოდა თავი.

ცალკე უნდა ითქვას რომან ფიფიაზე, რომელიც ყოვლად გაუგებარ პოლიტიკას ატარებს კლუბში და ალბათ მსოფლიოში საფეხბურთო კლუბის ერთადერთი მეპატრონეა, რომელიც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა.

თავი დავანებოთ იმას, ამდენი წელია მეტ-ნაკლებად ნორმალური გუნდი რომ ვერ შექმნა, ფეხბურთელების გაზრდითაც ვერ ხეირობს ნორმალურად. წარმოიდგინეთ, კვარაცხელია გაზარდეს და ისე გაუშვეს კაპიკი ვერ იშოვეს. ამხელა ტალანტი ვერ ამოიცნეს და “რუსთავს” დაუთმეს. მამარდაშვილი ლოკომოტივს დაუთმეს (მისი გაყიდვიდან ფული კი შეხვდათ, რადგან განათხოვრებული ჰყავდათ, მაგრამ ასეთ მეკარეს რომ გაანათხოვრებ…) ასევე მარტივად გაუშვეს ზურიკო დავითაშვილი, ლობჟანიძე, ბოლოს აზაროვი და ა.შ. სია გრძელია.

ტიპი ფეხბურთელებს ვერ ცნობს და საქართველოს ნომერ პირველი გუნდის მეპატრონეა. ერთადერთი მწვრთნელების ხშირად ცვლა ეხერხება” – დაწერა მეტრეველმა.

“საბურთალო” ალბანურ “პარტიზანთან” 0-1 დამარცხდა, “დილა” ფინურ “კუპსთან” 2-0, “დინამომ” 2-3 დათმო.

თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი ტოვებს

თბილისის “დინამო” გუშინ “პაიდესთან” 2-3 დამარცხდა და 1 კვირაში განმეორებით მატჩს ესტონეთში გამართავს.

წაგებაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი ტოგოელმა ცენტრალურმა მცველმა საიმონ ბენიომ შეიტანა. ბენიო, ზოგადად, ცუდი მცველი არ არის, მაგრამ მისი ნდობა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება მნიშვნელოვან თამაშებში, განსაკუთრებით, ევროტურნირებზე.

ბენიოს გუნდთან კონტრაქტი 28 ივლისს ეწურება და “დინამო” არ აპირებს მას ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს.

 

გიორგი ჩაკვეტაძე: “ვეცდები ყველაფერი აღვიდგინო და ძველი ჩაკვე დავაბრუნო”

“სლოვანის” შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ ბათუმის “დინამოსთან” 0-0-ის შემდეგ “აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან” კომენტარი გააკეთა.

“მართალია ქართული გუნდი იყო, თუმცა ვერ გავიმარჯვეთ. ყველაფერი ბათუმში გადაწყდება”

“თბილისში ვიყავი, 3 კვირა არ მქონდა ნავარჯიშები, ჯერ ფორმაში არ ვარ. რაც მზად ვიყავი ნახევარი საათისთვის, ის ვითამაშე”

“ზუსტად სათამაშო პრაქტიკისთვის წამოვედი სლოვაკეთის ჩემპიონატში და ამ გუნდში. ვლადიმერ ვაისმაც დიდი გავლენა იქონია. შეიძლება ითქვას, უკან გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ვეცდები ის ყველაფერი, რაც ადრე მქონდა, აღვიდგინო და ძველი ჩაკვე დაბრუნდეს”.

გიორგი ბოლოს “ჰამბურგში” იყო, თუმცა ძირითადად სათადარიგო სკამზე. “სლოვანში” მისი დებიუტი “დინამოსთან” შედგა.

პეპე რეინა ყოფილ კლუბში დაბრუნდა

ვეტერანი ესპანელი მეკარე ხოსე რეინა სამშობლოში დაბრუნდა.

39 წლის კიპერი “ვილიარეალის” კარს დაიცავს. მხარეებს შორის ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა. პეპე რეინა “ვილიარეალის” რიგებში 2002-2005 წლებში თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ რეინა 2020-2022 წლებში რომის “ლაციოს” ღირსებას იცავდა. მან დედაქალაქური კლუბის რიგებში 54 მატჩი ჩაატარა.

პეპე რეინამ გასულ სეზონში 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 33 ბურთი გაუშვა და სამ მატჩში კარი უგოლოდ შეინახა.

რამდენი მწვრთნელი გაათავისუფლა ფიფიამ 11 წელიწადში?

თბილისის “დინამომ” კონფერენს ლიგაზე ესტონურ “პაიდესთან” 2-3 წააგო. არამგონია ეს წაგება ჭიაბრიშვილის ბრალი იყოს და შესაძლოა, პრობლემა მფლობელში უნდა ვეძებოთ.

მას შემდეგ, რაც რომან ფიფიამ “დინამო” იყიდა, მას საკმაოდ ბევრ მწვრთნელთან დაუგროვდა ურთიერთობისა და მათი მოხსნის გამოცდილება.

ფიფიამ “დინამო” 2011 წელს შეიძინა და მას შემდეგ ძალიან ბევრი მწვრთნელი გაუთავისუფლებია.

2011 წელს კლუბში მოსვლიდან მან კახა კაჭარავა დააბრუნა (თასი), რომელიც ივნისში ესპანელმა ალექს გარსიამ შეცვალა. გარსია, თავის მხრივ, ახალგაზრდა გიორგი დევდარიანმა ჩაანაცვლა.

2012 – ნესტორ მუმლაძე

2012-13 – დუშან-უჰრინ უმცროსი (ჩემპიონატი და თასი)

2013-14 – მალხაზ ჟვანია (ჩემპიონატი და თასი)

2014 – მიხაელ ბილეკი

2014-15 –  კახაბერ გოგიჩაიშვილი

2015-16 – გია გეგუჩაძე (თასი)

2016 –  იურაი იარაბეკი (თასი და ჩემპიონატი)

2016-2017 – ვიაჩესლავ გროზნი

2017-18  – კახა კაჭარავა

2018-19 – ზაურ სვანაძე

2019-20 – ფელის ვისენტე (ჩისკო მუნიოსი) – (ჩემპიონატი)

2019-20 – კახაბერ ჩხეტიანი

2020-20 – ჩისკო

2020-21 – გიორგი ნემსაძე

2021-22 – კახა ცხადაძე

2022 –  გია ჭიაბრიშვილი

გია ჭიაბრიშვილი: “ესტონეთში იქნება ღირსების მატჩი, ბოდიშს ვიხდი”

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა “პაიდესთან” 2-3 წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“არაფერი არ არის სალაპარაკო ბოდიშის მოხდის გარდა. საერთოდ არაფერია. ვიღებ ამ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვიხდი. ჩვენ ესე არ უნდა გამოვიყურებოდეთ, ესe არ უნდა ვთმობდეთ, ეს არ უნდა ხდებოდეს”

“ხან ვიღაცასთან დავთმობთ, ხან ვიღაცასთან. თამაშით, გუნდით, სიძლიერით ვჯობდით, მაგრამ 90 წუთის შემდეგ, რა ანგარიშიც არის, ეს არის მთავარი. ეს არავის და არაფრის ბრალი არ არის. ეს არის ხასიათის ბრალი”

“ცენტრალურ დაცვაში პრობლემას აქამდეც ვხედავდი, მაგრამ მომავალი მატჩისთვის რა და როგორ შეიცვლება წინასწარ ვერ ვიტყვი”

“1 კვირაში იქნება ღირსების მატჩი. ბოდიშს ვიხდი”

კარელ ვოლაიდი: “არაფერი არ არის დასრულებული”

ესტონური “პაიდეს” მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვოლაიდმა “დინამოს” 2-3 დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ძირითადად ზუსტად ის იყო, რასაც ველოდით. “დინამო” დომინირებდა, თუმცა ჩვენმა გუნდმა შეინარჩუნა დისციპლინა და ბოლომდე იბრძოლა. არაფერი არ არის დასრულებული, თან სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა არ გვაქვს. გადამწყვეტი მატჩი ესტონეთში იქნება”

“არ ვიცი მსგავსი რამ მოხდა, თუ არა, მაგრამ თუ მოხდა, ბოდიშს ვიხდი. არ დამინახავს. ჩვენი გუნდი ესტონეთში ძალიან კარგად იქცევა და ყოველთვის პატივს სცემს მეტოქე კლუბის ულტრასებს”

ზამბიის ქალთა ნაკრების ფეხბურთელმა სქესზე შემოწმება ვერ ჩააბარა

ზამბიის ქალთა ნაკრების ფეხბურთელმა ბარბრა ბანდამ სქესზე შემოწმება ვერ ჩააბარა, რის გამოც შემადგენლობიდან მოკვეთეს.

ბანდა აფრიკის თასის ქალთა ტურნირის მონაწილე გუნდის განაცხადიდან “სამედიცინო მიზეზების” გამო გაირიცხა. აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ 22 წლის ფეხბურთელს სამედიცინო ტესტი ჩაუტარა. სპორტსმენის სისხლის ანალიზმა ტესტოსტერონის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აჩვენა.

“ყველა ფეხბურთელმა უნდა გაიაროს ტესტი სქესზე. ეს აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის მოთხოვნაა. სამწუხაროდ, ბარბრამ დადგენილი კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. სამწუხაროა, რომ ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დაგვაკლდება”, – განაცხადა ზამბიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ენდრიუ კამანგამ.

“ტურნირზე ბარბრა ბანდის არყოფნის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ამის თაობაზე კითხვა აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციას უნდა დაუსვათ”, – აღნიშნა ზამბიის ნაკრების მწვრთნელმა ბრიუს მვაპემ.

ბარბრა ბანდამ მონაწილეობა მიიღო ტოკიოში გამართული ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირზე. ის გახდა პირველი ქალი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ ორ მატჩში შეძლო ჰეთთრიკის შესრულება.

BBC Sport Africa-ს ცნობით, სქესის ტესტი ზამბიის ნაკრების კიდევ სამმა მოთამაშემ ვერ ჩააბარა, თუმცა მათ ტურნირზე მონაწილეობა არ ისურვეს, რის გამოც მათი ვინაობა არ გახმაურებულა. ზამბიის ნაკრების განაცხადში 22 ფეხბურთელია, როცა 26 მოთამაშის შეყვანა არის შესაძლებელი.

როცა წიტაიშვილი ასე ძალიან გჭირდება – “ლეხმა” გიოში 100 ათასი ევრო გადაიხადა

პოლონეთის ჩემპიონმა “ლეხმა” გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერში 100 ათასი ევრო გადაიხადა.

წიტაიშვილი კიევის “დინამოს” საკუთრებაა და FIFA-ს რეგულაციების მიხედვით, უკრაინიდან და რუსეთიდან ფეხბურთელებს 1 წლის განმავლობაში კლუბისგან ყოველგვარი თანხმობის გარეშე სხვაგან გადასვლა შეუძლიათ.

სწორედ ასე მოიქცა ქართველიც და “ლეხში” ამ ვარიანტით გადავიდა, თუმცა რეგლამენტის მიხედვით, “ლეხს” მისი დარეგისტრირება მხოლოდ პირველი აგვისტოს შემდეგ შეეძლებოდა. არადა, ივლისში გუნდს რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი აქვს და ამიტომ, “ლეხმა” “დინამოსთან” მოლაპარაკება წამოიწყო.

“დინამოს” უნდა მოეხსნა თავისი რეგისტრაციიდან წიტაიშვილი, რის შემდეგაც, პოლონელები მის დარეგისტრირებას შეძლებდნენ. ამის სანაცვლოდ “დინამომ” 100 ათასი ევრო მოითხოვა. “ლეხისთვის” იმდენად მნიშვნელოვანია გიორგის თამაში, რომ ეს თანხაც გადაიხადეს და ახლა ჩვენებური უკვე იჯარის წესით დაიმატეს.

“ლეხში” ნიკა კვეკვესკირიც გამოდის.

რა ხდება მაშინ როცა ქართული პასპორტი გაქვს – მამარდაშვილს პრობლემები შეექმნა

გიორგი მამარდაშვილს მოულოდნელად “ვალენსიას” დატოვება და მადრიდში წასვლა მოუხდა. მასთან ერთად იმყოფება სერბი ნახევარმცველი რაჩიჩიც.

Brexit-ის ამბების შემდეგ ევროკავშირის ტერიტორიაზე ცხოვრების წესების ცვლილებების გამო მამარდას ვიზა/პასპორტის დეტალების მოგვარება უწევს.

მიუხედავად ამისა, როგორც ესპანელები იუწყებიან, ეს რთული პრობლემა არ არის და ფეხბურთელები 2-3 დღეში ვალენსიაში დაბრუნდებიან.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელებს ევროპაში მსგავსი პრობლემები ხშირად ექნებათ და ამის მოგვარების გადამწყვეტი გზები არ ჩანს.

ყველაზე წარმატებული ქართველი აგენტი, რომელიც ქართული ფეხბურთის 60%-ს აკონტროლებს

მამუკა ჯუღელმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ბაზრის 60%-ს აკონტროლებს და ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელების აგენტია.

მამუკა ყველაზე გამორჩეული ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი და როგორც ხვიჩა ამბობს, მისი “საფეხბურთო მამაა”.

მის მიმართ ქართველ გულშემატკივრებში მოთამაშეების რუსეთში წაყვანის გამო უარყოფითი დამოკიდებულებაა, მაგრამ რეალობაა, რომ ჯუღელი ყველაზე წარმატებული ქართველი აგენტია.

მამუკა 2 დღის წინ კვარასთან ერთად იტალიაში გაფრინდა. მანამდე შეძლო და რუსეთზე სანქციების დაწესების შემდგომ, მისი კავშირების მეშვეობით, “რუბინმა” ხვიჩასთან კონტრაქტი გაწყვიტა და ბათუმში გადმოსვლა უპრობლემოდ შეძლო. მაგალითად, ლუკა წულუკიძე და ლუკა გაგნიძე ჯერ კიდევ მოსკოვის “დინამოსა” და “ურალს” ეკუთვნიან.

იგივე მოხდა ზურიკო დავითაშვილის შემთხვევაშიც, რომელმაც კონტრაქტი სრულად გაწყვიტა და დღეს “სლოვანთან” ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ჯუღელს გამოარჩევს ის, რომ ფეხბურთელებთან კონტრაქტს არასოდეს აფორმებს, მათ ოჯახის წევრებად მიიჩნევს და მასზე აუგის მთქმელი რთულად მოიძებნება.

ჯუღელს მადლობას უხდის ლადო დვალიშვილიც და არჩილ ბერიძეც. მამუკას საქმის გამგრძელებელი ნუკრი რევიშვილია. მათე ვაწაძე დანიიდან მას რუსეთში წაყვანას სთხოვდა.

ჯუღელი 2009 წელს “ანჟის” სპორტული დირექტორი იყო, 2010 წელს კი იმავე პოზიციაზე “ვოლგაში” მუშაობდა. ორივე გუნდში მამუკას საკმაოდ ბევრი ქართველი ფეხბურთელი ჰყავდა წაყვანილი, მათ შორის, ნუკრი რევიშვილი და ოთარ მარცვალაძე.

ყურადღების ქვეშ იყო გიორგი აბურჯანია, ჯანო ანანიძე და ჯაბა კანკავაც. როგორც თვითონ აცხადებს, “დნიპროში” გადასვლა ჯაბას მან ურჩია. ვაწაძეს კი დანიაში გადასვლაში დაეხმარა, როცა “ალანია” მას ორჯერ მეტ ხელფასს სთავაზობდა.

გარდა ამისა, ჯუღელი ხშირად ყოფილა ქართული კლუბების დამაკომპლექტებელი და მათ შორის, “ოლიმპია” გამოსარჩევი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონი გახდა. იყო “შუქურას” სპორტული დირექტორიც.

ასე აცხადებს ილია ნანობაშვილთან 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში ტრანსფერებისგან მიღებულ თანხაზე: “ძალიან დიდი სანაცნობო და სამეგობრო წრე მყავს, ამით ვსარგებლობ და ქართველ ფეხბურთელებს ვეხმარები. ბიჭებს ჰკითხეთ, საქართველოსთვის ცუდს რა ვაკეთებ. მე ფეხბურთელებისგან წილს არ ვიღებ. თავისი სურვილით თუ რაიმეს მაჩუქებენ, ეს სხვაა”

გავრცელებული ცნობით, ჯუღელმა ფოთის “კოლხეთის” დაფინანსებაზე აიღო პასუხისმგებლობა და როგორც ჩანს, რუსეთზე სანქციების დაწესების შემდეგ, ცუდ გუნებაზე სულაც არ არის.