პაიე: “საკლუბო კარიერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე”
გასული სეზონი დიმიტრი პაიესთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ფრანგი ფეხბურთელი “პრემიერ ლიგაში” “ვესტ ჰემ იუნაიტედის” ერთ-ერთი ლიდერი იყო, შემდეგ კი “ევრო 2016”-ზე სასწაულები ჩაიდინა. რა თქმა უნდა, 29 წლის მოთამაშის ასეთი კარგი ასპარეზობა ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ ევროპულ გრანდებს. მათ შორის მადრიდის “რეალი” აქტიურობდა ყველაზე მეტად. იყო საკმაოდ მომხიბლავი შეთავაზებები, მაგრამ თავად ფეხბურთელმა სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.
“მივიღე რამდენიმე სერიოული წინადადება და მოვიხიბლე კიდეც, მაგრამ მე “ვესტ ჰემში” ვრჩები. მე მიყვარს ეს კლუბი და ძალიან მინდა, მალე მოვიდეს ის დღე, როცა “ოლიმპიურ სტადიონზე” გავალ და ჩემი გუნდის გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ. კიდევ ერთხელ გავუმეორებ “ჩაქუჩების” ფანებს, ასი პროცენტით მათთან ვრჩები!” – განაცხადა ფრანგმა შემტევმა.