პაოლო მალდინი: “მცველები თავიანთ ფუნქციებს კარგავენ და ეს მაღელვებს”
“მილანისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო წლებში მცველების სათამაშო ასპექტები მნიშვნელოვნად შეიცვალა.
“ფეხბურთი შეიცვალა. ცენტრალურმა მცველებმა თამაში დაიწყეს, ბურთთან ერთად უფრო მეტ დროს ატარებენ და ყველაფერი იწყება მეკარისგან. ოცი წლის წინ მცველები მხოლოდ მცველები იყვნენ და ბურთთან ერთად მხოლოდ რამდენიმე მათგანი გრძნობდა თავს თავდაჯერებულად. ყველაფერი შეიცვალა. კუთხურების დროს კაცის აყვანის თვისებაც დაკარგეს, ერთი ერთზეც ნაკლებად თამაშობენ. ასე რომ, 80-იანი წლების მცველების ხელოვნება თანდათან იკარგება.
მე ეს მაღელვებს, განსაკუთრებით კი უმაღლეს დონეზე. მე არ ვლაპარაკობ მეორე დივიზიონის გუნდებზე. მე ვსაუბრობ ეროვნული ნაკრებებისა და ჩემპიონთა ლიგის დონეზე.
ფეხბურთი შეიცვალა, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგი დაცვა გრძელვადიან მომავალში უკეთესი გუნდის ყოლის საწინდარია. დამოკიდებულია იმაზე, როგორ გაწვრთნი მათ. ანტონიო კონტე დიდებული მწვრთნელია, იგივეს ვიტყოდი მასიმილიანო ალეგრიზე. მოდი ვთქვათ, რომ ამ ორი დიდებული მწვრთნელის სახით იტალიური ტრადიცია კვლავ არის წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე.
სერხიო რამოსი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ხანდახან ავიწყდება, რომ მცველია. კარგი მოთამაშეა, აქვს უნარები და შეუძლია გოლების გატანა.
მომწონს ტიაგო სილვაც. ის “პარი სენ-ჟერმენში” თამაშობს. იტალიაში საფრანგეთის ჩემპიონატს ხშირად არ ვუყურებთ, მაგრამ ის “მილანიდან” მახსოვს.
ვცდილობდი ხოლმე, რომ სუფთად მეთამაშა, ბურთზე წავსულიყავი და არა მეტოქის ფეხებზე. მე არ ვიყავი მცველი, რომელიც მხოლოდ დაცვით ფუნქციებს ასრულებდა. ბურთით თამაშიც მომწონდა. როცა მეტოქე ხედავს, რომ ბურთით თამაში შეგიძლია, უფრო მეტად გაფასებს. როცა გასცემ პატივისცემას, სანაცვლოდაც იღებ პატივისცემას.
მცველი ძლიერი და აგრესიული უნდა იყოს, მაგრამ აგრესიულობა და სიხისტე ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ. მათ შორის მინიმალური განსხვავებაა და ხანდახან ამ ხაზის გადაკვეთა გიწევს.
როდესაც პატარა ვიყავი, მინდოდა, რომ ფეხბურთელი გამოვსულიყავი. ოცნება ავიხდინე და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. კარიერა შვიდი წლის წინ დავასრულე და ხალხი ახლაც პატივს მცემს”, – ციტირებს მალდინის სიტყვებს Football Italia.