პაოლო მალდინიმ წარსულისა და თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა
“მილანისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ წარსულისა და თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.
“ყველაზე მეტად რომელი ფეხბურთელით ვიყავი აღფრთოვანებული? ფრანკო ბარეზი ნამდვილი კაპიტანი გახლდათ. დიდი მოლაპარაკე არასდროს ყოფილა, მაგრამ მოედანსა და ვარჯიშებზე ნომერი პირველი იყო.
მარკო ვან ბასტენი ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელი გახლდათ, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. ასევე დავასახელებდი კაკას, ანდრეი შევჩენკოს…
ყველაზე ძლიერ მეტოქედ დიეგო მარადონას ვთვლი, რადგან ის მარადონა იყო. იგი მოედანზე ძალზედ პატივსაცემი ფიგურა გახლდათ.
შემდეგ დავასახელებდი ბრაზილიელ რონალდოს. “ინტერში” ორი წლის განმავლობაში თამაშისას, ტრავმის მიღებამდე ძალიან, ძალიან, ძალიან ძლიერი იყო. აგრეთვე მითამაშია ზინედინ ზიდანისა და მიშელ პლატინის წინააღმდეგაც. ისინიც შესანიშნავი მოთამაშეები გახლდნენ.
ვინ არის დღესდღეობით ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი? ლიონელ მესი, ვინაიდან ის უნიკალური ფეხბურთელია. იგი ბურთით ისეთ რამეს აკეთებს, რისი გაკეთებაც სხვას არ შეუძლია. მიყვარს მისი თამაშის ცქერა. რონალდუც დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მესი რაღაც განსაკუთრებულია.
მწვრთნელებშიც გამიმართლა. თამაში ნილ ლიდჰოლმის თავკაცობით დავიწყე. მას უყვარდა ახალგაზრდებთან მუშაობა. შემდეგ იყო არიგო საკი, რომლისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. შემდეგ ფაბიო კაპელო მწვრთნიდა. ეს იყო დიდებული მწვრთნელების ნაზავი.
მწვრთნელად მყავდა ჩემი მეგობარი კარლო ანჩელოტიც. კარიერის ბოლო შესანიშნავი გამომივიდა, ვინაიდან კარლო დიდებული კაცი და დიდებული მეგობარია.
ერთ დროს მამაჩემიც მწვრთნიდა და ეს უცნაური იყო, ვინაიდან მწვრთნელად მამის ყოლა საკმაოდ უცნაურია თან იმ დროს კაპიტანი მე ვიყავი.
საუკეთესო გოლი სერია A-ს ეგიდით კომოში გამართულ მატჩში გავიტანე და 1:0 მოვიგეთ. გოლი გავიტანე, მაგრამ აზრზე არ ვარ, იმ დროს იქ რას ვაკეთებდი”, – მალდინის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.