“პარი სენ-ჟერმენი” კილიან მბაპეს აკვირდება (ფოტო)
ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენი” 11 წლის შემტევ ნახევარმცველს აკვირდება. ეს ამბავი იმითაა გამორჩეული, რომ ახალგაზრდა მოთამაშის სახელი კილიან მბაპე ნდუმბე იაბაა.
გარდა სახელისა, შემტევმა ნახევარმცველმა ყურადღება თავისი სისწრაფითა და ტექნიკით მიიქცია. 11 წლის ფეხბურთელი “როის ენ ბრის” აკადემიაში ირიცხება.
გამოცემა Le Parisien-თან საუბარში, პატარა კილიან მბაპეს მამამ, ერიკმა შვილის სახელთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: “ხალხი ფიქრობს, ჩემს შვილს ეს სახელი ვინმეს პატივსაცემად დავარქვით, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ როცა ჩემი შვილი დაიბადა, დიდი კილიან მბაპე რვა წლის იყო. რა თქმა უნდა, ჩემი ვაჟის დაბადების დროს კილიან მბაპე ცნობილი სახელი საერთოდ არ ყოფილა.”
“პარი სენ-ჟერმენის” წარმომადგენლები კილიან მბაპე ნდუმბე იაბას მშობლებთან ხშირად საუბრობენ. ლიგა 1-ის ჩემპიონები ახალგაზრდა ფეხბურთელის პროგრესს აკვირდებიან.