“პარი სენ-ჟერმენთან” “ბარსელონას” განადგურების ხუთი მთავარი მიზეზი
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენისგან” “ბარსელონას” ანგარიშით 0:4 განადგურებას ესპანურმა გამოცემა “მარკამ” ხუთი მთავარი მიზეზი მოუძებნა.
1. “ბარსელონამ” საერთოდ არ ითამაშა, უნაი ემერის ტაქტიკამ კი უბადლოდ იმუშავა.
— ლუის ენრიკე მატჩისთვის კარგად არ მოემზადა და შექმნილი პრობლემები ვერც უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობისას ვერ მოაგვარა. როგორც თავადვე აღნიშნა, “ბარსელონას” მარცხზე მთავარი პასუხისმგებელი პირი სწორედ იგია.
2. “ბარსელონა” მატჩებს აღარ აკონტროლებს.
— “ბარსელონამ” მთავარი სტილი დაკარგა – მატჩის მიმდინარეობაზე კონტროლი, ნახევარდაცვის ხაზი სრულად გატყდა. ასეთი რამ გუნდს დიდი ხანია არ მოსვლია.
სერხიო ბუსკეტსი კარგად ვერ თამაშობს, ანდრეს ინიესტა უფრო ხშირად ტრავმირებულია, ვიდრე მოედანზე ვხედავთ და საერთოდ გაუგებარია, ვინ არის მესამე ნახევარმცველი. ანდრე გომეში სრული კატასტროფაა. ივან რაკიტჩი ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვით ლუის ენრიკეზე, ალბათ, ნაწყენია.
3. მარჯვენა მცველის პოზიცია.
— დანი ალვესის შეცვლა სერხი რობერტოთი, რომელიც კლასიკური 2 ნომერი არ გახლავთ, არ გამოვიდა. მეტოქემ ეს კარგად იცის და გუნდის ამ სისუსტეს იყენებს კიდეც. ლუის ენრიკემ ეს პრობლემა ვერ გადაჭრა, რაც გუნდს ძვირად დაუჯდა.
4. მოკლე სათადარიგო სკამი.
— სეზონის დასაწყისში ბევრი საუბარი იყო იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გუნდისთვის ძლიერი სათადარიგო სკამი, მაგრამ დრომ ბევრ ფეხბურთელს მიუჩინა საკუთარი ადგილი.
ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ანდრე გომეში, ლუკა დინი, სამუელ უმტიტი, რაფინია, დენის სუარესი, არდა თურანი და პაკო ალკასერი, დიდ “ბარსელონას” ვერ შექმნიან.
ისიც აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკემ პარიზელებთან მესამე ცვლილება საერთოდ არ გამოიყენა.
5. ურთიერთდამოკიდებულება.
— როდესაც ლიონელ მესი განაცხადშია, გუნდი ზოგჯერ დაუნდობელი ხდება, მაგრამ გუნდის ვარსკვლავური ტრიოდან წუხელ მხოლოდ ნეიმარი ჩანდა. მესი საერთოდ გაქრა, ლუის სუარესი კი მისმა თანამემამულე ედინსონ კავანიმ დაჩრდილა.