“პარმა” სერია A-ს ნაადრევად ეთიშება?
იტალიის სერია A-ს ბინადარი “პარმა” მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და ჩემპიონატში მისი ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
შეგახსენებთ, რომ “უდინეზეს” წინააღმდეგ დღეს გასამართი მატჩიც იმის გამო გადაიდო, რომ კლუბს სტადიონის უსაფრთხოების სამსახურისთვის თანხის გადახდის საშუალება არ აქვს. კლუბმა უკვე მიიღო ოფიციალური გაფრთხილება.
“პარმას” ახალგაზრდული გუნდის თავკაცმა ერნან კრესპომ განაცხადა, რომ გუნდმა მორიგი მატჩი კლუბის თანამშრომელთა შემოწირულობების წყალობით ჩაატარა. არგენტინელმა იქვე ისიც დასძინა, რომ დასუფავების სამსახურისთვის და ელექტროენერგიის გადასახადების დასაფარად კლუბის ბიუჯეტში თანხა არ არის, რის გამოც ფეხბურთელები ცივ შხაპს იღებენ და ავად ხდებიან.
შეგახსენებთ, რომ “პარმას” მხოლოდ ათი ქულა აქვს აქტივში და სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილი უკავია.