“პარმას” პრეზიდენტი: “გუნდი გაძლიერდება და იტალიურ ფეხბურთში თავის ღირსეულ ადგილს დაიბრუნებს”
“პარმას” აქციათა საკონტროლო პაკეტი ჩინურმა კომპანიამ შეიძინა. საუბარია აქციათა 60 პროცენტზე.
აქციათა მფლობელი ცზიან ლიჩჟანი გახდა, რომელიც ამავდროულად კლუბის პრეზიდენტად დაინიშნა. გარდა ამისა, კლუბის ვიცეპრეზიდენტის პოსტზე გუნდის ყოფილი თავდამსხმელი ერნან კრესპო დაინიშნა. აქციათა 30 პროცენტი ადგილობრივი ბიზნესმენების მფლობელობაში დარჩა, ხოლო დარჩენილი ათი პროცენტის მფლობელები გუნდის ქომაგები არიან.
ცზიან ლიჩჟანი ესპანური “გრანადას” აქციათა 90 და ამერიკული საკალათბურთო კლუბ მინესოტა ტიმბერვულვზის” 5 პროცენტის მფლობელიც გახლავთ.
“პარმა” კვლავ გაძლიერდება და იტალიურ ფეხბურთში თავის ღირსეულ ადგილს დაიბრუნებს. ვიმედოვნებ, რომ სერია A-ში გადასვლას მალე ვიზეიმებთ”, – ციტირებს კლუბის ახალი პრეზიდენტის სიტყვებს Football Italia.
როგორც მოგეხსენებათ, “პარმა” იტალიის სერია В-ში ასპარეზობს. გუნდს 14 ტურის შემდეგ 23 ქულით სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიცია უკავია და ლიდერ “პალერმოს” ორი ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ “პარმა” 2015 წელს გაკოტრებულად გამოცხადდა და იტალიის სერია D-ში დაქვეითდა. ორი წლის განმავლობაში გუნდმა სერია B-მდე აღზევება მოახერხა.