პარუნაშვილი:”დღეს “დინამო” ფავორიტია!”
დღეს გაიმართება “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა თბილისის “დინამოსა” და ერევნის “ალაშკერტს” შორის. წელს “დინამოელებისთვის” ეს პირველი გამოსვლა იქნება ევროტურნირებზე.
ნახსენებ შეხვედრასთან დაკავშირებით Fanebi.Com-თან დედაქალაქური კლუბის მოთამაშემ, ლაშა პარუნაშვილმა ისაუბრა.
“დღევანდელ მატჩში “დინამო” ფავორიტია და ამის დადასტურებას მოედანზე აუცილებლად შევეცდებით. ვნახეთ “ალაშკერტის” პირველი შეხვედრა “სანტა კოლომასთან” და ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს მისმა ფეხბურთელებმა. თუმცა, თუ ჩვენ 100%-ით ვკონცენტრირდებით მატჩზე და დიდი ყურადღებით ვითამაშებთ, არ გაგვიჭირდება მეტოქის დამარცხება.”
“რაც შეეხება მიზანს… გეტყვით, რომ ყველა მოწინააღმდეგესთან გვინდა პირველ ნომრად თამაში. ვფიქრობ, არც ეს შეხვედრა იქნება გამონაკლისი და დღეს დომინანტები ჩვენ ვიქნებთ,” – განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.
ლაშას ვკითხეთ, არის თუ არა წლევანდელი “დინამო” წინა წლების (5-6 წლის) გუნდთან შედარებით უფრო ძლიერი და აქვს თუ არა მეტი შანსი, რომ გავიდეს ჯგუფურ ეტაპზე:“ჩემი აზრით ნამდვილად უფრო ძლიერები ვართ. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ წარსულისგან განსხვავებით ახლა ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია და, შესაბამისად, დღეს უფრო შეთამაშებულ და თავდაჯერებულ “დინამოს” იხილავთ.”
პარუნაშვილს ბოლოს პაპუნაშვილის დაბრუნებაზეც ვკითხეთ:“გიორგი ძალიან დიდი ძალაა ჩვენთვის, რაც დაამტკიცა, თუნდაც, წინა ევროთასებზე. როგორც მისი, ასევე სხვა ყველა მთავარი პლუსის გამოყენება გვჭირდება, რათა ეროტურინირებზე მივაღწიოთ წარმატებას.”