პასტორე: “თუ “პსჟ”-ს დავტოვებ, ამ იტალიურ გუნდში თამაში მინდა”
“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ხავიერ პასტორე მეტი სათამაშო დროის მისაღებად მზად არის, გუნდი გამოიცვალოს. არგენტინელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს და ამისთვის მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.
“რთული სიტუაციაა და არ ვიცი, როგორ მოვიქცევი. პარიზში ბედნიერი ვარ, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. მინდა, რომ უფრო ხშირად ვითამაშო, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე წამიყვანონ. თუ აქ დავრჩები და არ მათამაშებენ და არც მუნდიალზე წამიყვანენ, ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იქნება.
კლუბმა და მე ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად უფრო მეტი უნდა გავაკეთო. ბოლოს სწორედ სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო არ გამომიძახეს. უფრო ხშირად უნდა ვითამაშო.
ბევრი საუბარია მილანის “ინტერზე” და თუ “პარი სენ-ჟერმენს” დავტოვებ, სწორედ ამ გუნდში თამაშს ვისურვებდი. სერია A-ს ვიცნობ, ჩემი მეუღლე იტალიელია. რთული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავარ. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია უახლოესი დღეების განმავლობაში”, – ციტირებს პასტორეს სიტყვებს Football Italia.