პაულა დაპენა: “ფარისევლობა იქნებოდა, მარადონას ხსოვნისთვის პატივი მიმეგო”
– სოციალურ ქსელში პროფილის დახურვა მოგიწიათ…
– დიახ. სიძულვილის შემცველი შეტყობინებები მივიღე და არა მხოლოდ მე. ჩემი პროფილი საჯარო იყო და ასე მიაღწიეს ჩემს თანაგუნდელებამდეც. არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი შეტყობინებები იყო, დამემუქრნენ კიდეც: “შენს მისამართს გავიგებ, მოვალ და ფეხებს მოგამტვრევ”.
– ელოდით, რომ თქვენი ეს ქმედება მსოფლიოს მოედებოდა?
– არა. თავიდან ვფიქრობდი, რომ ამას მხოლოდ სოციალურ ქსელში ჩემი მიმდევრები ნახავდნენ. შემდეგ მეგონა, რომ ეს ამბავი ჩვენს პროვინციას არ გასცდებოდა, თუმცა მართლაც მსოფლიოს მოედო.
– თქვენ აცხადებთ, რომ თქვენი ქმედება იყო ფემინისტური პოზიცია ძალადობის წინააღმდეგ. არ გგონიათ, რომ ეს ჟესტი კონტექსტს არ იყო მორგებული?
– ორი დღით ადრე გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღე იყო და ფარისევლობა იქნებოდა წუთიერი დუმილი მიმეგო არა სექსისტური ძალადობის მსხვერპლთათვის, არამედ მოძალადედ ცნობილი მარადონას ხსოვნისთვის.
– მარადონას გარდაცვალება დაემთხვა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს. ფიქრობთ, რომ ეს დღე დაიჩრდილა?
– დიახ, დიახ, დიახ. ამ მოსაზრებას სრულად ვიზიარებ. მარადონაზე საუბრით და ლაპარაკით, რომ ის ყველას კერპი იყო ქალთა სიკვდილიანობის პრობლემა და იმ დღის არსი გადაიფარა.
– თანაგუნდელებმა რაიმე გითხრეს?
– არა. ისინი ყოველთვის მაფასებდნენ. მათ იციან, რომ ფემინისტური ბრძოლა ყოველდღე მაქვს. ასე რომ, არაფერი უთქვამთ.
– რას მოიცავს თქვენი ფემინისტური ბრძოლა?
–ფემინისტური ორგანიზაციის წევრი ვარ და სოციალური ქსელის მეშვეობით ყოველდღიურად ვცდილობთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ასევე ვაწყობთ აქციებს ბანერებით.
– მარადონას მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– საფეხბურთო თვალსაზრისით, მარადონას შესანიშნავი უნარები ჰქონდა, მაგრამ როგორც ადამიანი, უკეთესის სურვილს ტოვებდა. პედოფილია და ძალადობა არის ის, რასაც ყოველდღიურად ვებრძვი. ასე რომ, მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს ვერ მივაგებდი.