პაულა დაპენა: “ფარისევლობა იქნებოდა, მარადონას ხსოვნისთვის პატივი მიმეგო”

თარიღი: დეკემბერი 1, 2020
ესპანური “ვიახეს ინტერიასის” ქალთა გუნდის ფეხბურთელმა პაულა დაპენამ, რომელმაც დიეგო მარადონას ხსოვნის პატივმიგებაზე დემონსტრაციულად უარი თქვა, გამოცემა “ასისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამ გადაწყვეტილების მიზეზები ახსნა.

– სოციალურ ქსელში პროფილის დახურვა მოგიწიათ…
– დიახ. სიძულვილის შემცველი შეტყობინებები მივიღე და არა მხოლოდ მე. ჩემი პროფილი საჯარო იყო და ასე მიაღწიეს ჩემს თანაგუნდელებამდეც. არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი შეტყობინებები იყო, დამემუქრნენ კიდეც: “შენს მისამართს გავიგებ, მოვალ და ფეხებს მოგამტვრევ”.

– ელოდით, რომ თქვენი ეს ქმედება მსოფლიოს მოედებოდა?
– არა. თავიდან ვფიქრობდი, რომ ამას მხოლოდ სოციალურ ქსელში ჩემი მიმდევრები ნახავდნენ. შემდეგ მეგონა, რომ ეს ამბავი ჩვენს პროვინციას არ გასცდებოდა, თუმცა მართლაც მსოფლიოს მოედო.

– თქვენ აცხადებთ, რომ თქვენი ქმედება იყო ფემინისტური პოზიცია ძალადობის წინააღმდეგ. არ გგონიათ, რომ ეს ჟესტი კონტექსტს არ იყო მორგებული?
– ორი დღით ადრე გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღე იყო და ფარისევლობა იქნებოდა წუთიერი დუმილი მიმეგო არა სექსისტური ძალადობის მსხვერპლთათვის, არამედ მოძალადედ ცნობილი მარადონას ხსოვნისთვის.

– მარადონას გარდაცვალება დაემთხვა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს. ფიქრობთ, რომ ეს დღე დაიჩრდილა?
– დიახ, დიახ, დიახ. ამ მოსაზრებას სრულად ვიზიარებ. მარადონაზე საუბრით და ლაპარაკით, რომ ის ყველას კერპი იყო ქალთა სიკვდილიანობის პრობლემა და იმ დღის არსი გადაიფარა.

– თანაგუნდელებმა რაიმე გითხრეს?
– არა. ისინი ყოველთვის მაფასებდნენ. მათ იციან, რომ ფემინისტური ბრძოლა ყოველდღე მაქვს. ასე რომ, არაფერი უთქვამთ.

– რას მოიცავს თქვენი ფემინისტური ბრძოლა?
–ფემინისტური ორგანიზაციის წევრი ვარ და სოციალური ქსელის მეშვეობით ყოველდღიურად ვცდილობთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ასევე ვაწყობთ აქციებს ბანერებით.

– მარადონას მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– საფეხბურთო თვალსაზრისით, მარადონას შესანიშნავი უნარები ჰქონდა, მაგრამ როგორც ადამიანი, უკეთესის სურვილს ტოვებდა. პედოფილია და ძალადობა არის ის, რასაც ყოველდღიურად ვებრძვი. ასე რომ, მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს ვერ მივაგებდი.

მსგავსი სიახლეები