პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე სან პაულუში მდებარე ალბერტ აინშტაინის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა პელეს ჰოსპიტალიზების მიზეზი. როგორც ირკვევა, ის საავადმყოფოში ხუთი დღის წინათ მოათავსეს.
Reuters-ის თანახმად, 74 წლის ბრაზილიელს ზურგის ოპერაცია გაუკეთეს. იმავე წყაროს ცნობით, სერიოზული არაფერია.
შეგახსენებთ, რომ პელე გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული უკვე მეოთხედ მოხვდა საავადმყოფოში. ნოემბერში მას თირკმელებიდან და შარდის ბუშტიდან კენჭები ამოუღეს. ამ ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბრაზილიელი ინფექციის გამო კვლავ მოათავსეს კლინიკაში. მიმდინარე წლის მაისში ჰიპერპლაზიის გამო ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. ჰიპერპლაზიას მიაკუთვნებენ სიმსივნის წინა სტადიას, თუმცა მაშინ პელეს ონკოლოგიური დაავადება არ აღმოაჩნდა.