პელე საქართველოში ჩამოვა
ფეხბურთში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელე მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და საქმიანი ურთიერთობების საერთაშორისო ფონდის წევრმა ნიკო პატარქალიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ 26 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე თბილისსა და ქუთაისში გასამართ საქველმოქმედო ახალგაზრდულ ტურნირს დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, არგენტინელი, ბრაზილიელი და ურუგვაელი ფეხბურთელები.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 30 აგვისტოს ბრაზილიიდან ოფიციალური ცნობა მიიღო, რომელიც იუწყება, რომ პელე საქართველოში ჩამოვა. ეს ტურნირი მსოფლიო ფეხბურთის 150 და ქართული ფეხბურთის 110 წლის იუბილეს მიეძღვნება“, – ციტირებს პატარქალიშვილის სიტყვებს „იტარ-ტასი“.
გარდა ამისა, ნიკო პატარქალიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ აღნიშნული ტურნირი ბიძინა ივანიშვილის პატრონაჟით ჩატარდეს.
სხვათა შორის, საქართველოში პელეს სეხნია ცხოვრობს – პელე მიხეილის ძე გურული. ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის მოსახელე 1970 წლის 14 ივნისს, ქუთაისში დაიბადა. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატი იმართებოდა, რომელიც ბრაზილიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, პელე კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ახალშობილ ბიჭს სახელად პელე დაარქვეს, მამამისმა კი ცნობილ ფეხბურთელს წერილი გაუგზავნა, რაშიც ამ ამბავს აუწყებდა. „ფეხბურთის მეფე“ წერილს მალევე გამოეხმაურა და ახალშობილისთვის პელეს დარქმევის ნებართვაც გასცა. გარდა ამისა, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მიხეილ გურულს სუვენირიც გამოუგზავნა – მსოფლიოს ჩემპიონატის თასის ასლი.
ბექა დოგრაშვილი