პელეგრინი: “არამხოლოდ შედეგით, არამედ თამაშითაც კმაყოფილი ვარ”
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტიმ” “პარი სენ-ჟერმენის” ბარიერის დაძლევა შეძლო. ინგლისელებმა შინ ანგარიშით 1:0, საერთო ჯამში კი 3:2 იმარჯვეს და კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
მატჩის შემდეგ “ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ კმაყოფილია არამხოლოდ შედეგით, არამედ თამაშის ხარისხითაც.
“ძალზედ კმაყოფილი ვარ არამხოლოდ იმით, რომ გავიმარჯვეთ, არამედ იმითაც, რომ შეხვედრა ჩვენთვის სასურველ სტილში მოვიგეთ. უგოლო ფრე არ გვინდოდა. ჩვენ თავიდანვე დავანახეთ მაყურებელს, რომ “პარი სენ-ჟერმენის” დამარცხება გვსურდა.
კევინ დე ბრეინე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. გატანილ გოლს მანამდეც ვიმსახურებდით. მატჩის მიმდინარეობას შეხვედრის დასაწყისიდან დასასრულამდე ჩვენ ვაკონტროლებდით.
მე ჩემი გუნდის მჯერა. სერხიო აგუეროს გაფუჭებული მომენტი ნამდვილად არ ყოფილა სასიამოვნო, თუმცა ჩვენ დიდი გუნდის ხასიათი ვაჩვენეთ.
ვერასდროს ვიგებდი, რატომ გვაკრიტიკებდნენ. პირველ სეზონში “ბაიერნი” დავამარცხეთ, თუმცა შემდეგ მერვედფინალში “ბარსელონასთან” დავმარცხდით. მეორე სეზონში კარგად არ გვითამაშია, თუმცა “ბაიერნის” დამარცხება ამჯერადაც შევძელით, შემდეგ “რომასაც” მოვუგეთ, მაგრამ “ბარსასთან” კვლავ დავმარცხდით. ამ სეზონში ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და “პარი სენ-ჟერმენის” ბარიერი დავძლიეთ.
ჩემთვის გაუგებარია ჩვენი მისამართით წამოსული კრიტიკა. შესაძლოა, კრიტიკოსებს არ ესმით, რომ “ბარსელონას” უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს.
ვენსან კომპანი მეტად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. როდესაც იგი თამაშობს, დაცვაში უკეთ გამოვიყურებით. დიდებული გუნდი გვყავს”, – განაცხადა პელეგრინიმ BT Sport-ის ეთერში.